2023 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია 72 ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურის დამონტაჟება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას.
„2024 წლის პირველი ნახევრისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 300-მდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სადგური იქნება დამონტაჟებული. დაწყებულია თანამედროვე დანადგარების მოწყობა და რეგიონული ოფისების მშენებლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რაც მომდევნო წელს დასრულდება.
აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსალოდნელი სტიქიური პროცესების, ასევე, ამინდის პროგნოზის ხარისხს, მიაწვდის უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ჩვენს ფერმერებს და ყველა იმ სექტორს, რომლის ფუნქციონირებისთვის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარდა ამისა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, საქართველოში ბირთვული უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრმა იმ ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2015 წლიდან დღემდე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდა.
„ეს პროგრესი აღიარებულია, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლავ გრძელდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ღონისძიებების განხორციელება. პარლამენტში განიხილება ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომელიც შევიმუშავეთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად და მის მიზანს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სისტემების გაძლიერება წარმოადგენს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტია ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესება, მოზიდვა და მათი აქტიური ჩართვა სამუშაო პროცესში.
„დავიწყეთ გარემოსდაცვითი კუთხით დეფიციტური პროფესიებით დაინტერესებული სტუდენტების წახალისება და შევქმენით მწვანე სტიპენდიის პროგრამა, რომლითაც უკვე სარგებლობენ ჩვენი სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტია ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესება, მოზიდვა და მათი აქტიური ჩართვა სამუშაო პროცესში. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, აქტიურად თანამშრომლობენ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან. სტუდენტები სტაჟირებას გადიან სამინისტროს სისტემაში. შედეგად, მათ რეალური შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში და საკუთარი ცოდნის რეალიზება მოახდინონ. „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამამ გვიჩვენა, რომ გაიზარდა სტუდენტების მოტივაცია და შესაბამისად, წელს ვგეგმავთ აგრარული დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიმართულებით „აგროსტიპენდიების” პროგრამის შემუშავებასაც, რაც წლის ბოლომდე უკვე დაინერგება,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის ინფორმაციითვე, სტიპენდიები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სტიპენდიები ვრცელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: გეოლოგია, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), ეკოლოგია, გარემოს დაცვა და საინჟინრო ეკოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება, კონსტრუქციული (გამოყენებითი) გეოგრაფია და გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა. ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდის მიზნით ფერმერთა გადამზადება გრძელდება.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წელს საქართველოს მასშტაბით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 7000-მდე პირი გადამზადდა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, ხარისხის გაზრდის და აგრარული მიმართულებით ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის 1300 ფერმერს (მათ შორის 995 მეფუტკრეს) ტრენინგები ჩაუტარდა,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ოთარ შამუგია: „საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტია ევროპული პერსპექტივის მინიჭება. აღნიშნულის შემდგომ, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობა”
გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზეც ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტია ევროპული პერსპექტივის მინიჭება.
„ერთი წლის განმავლობაში, დამტკიცდა არაერთი სტრატეგიული დოკუმენტი; საქართველოს პარლამენტს წარედგინა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისი 3 ახალი კანონის პროექტი და 5 საკანონმდებლო ცვლილება; საქართველოს კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დირექტივას; დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 116 ათასი ჰექტრით; გაძლიერდა ლაბორატორიული შესაძლებლობები; დამტკიცდა სოფლის მეურნეობის განვითარების ექვსი ახალი სახელმწიფო პროგრამა; სურსათის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოვდა ევროკავშირის 19 სამართლებრივ აქტთან; მომზადდა აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია და დამტკიცდა აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონები; გაძლიერდა ჩვენი უწყებების შესაძლებლობები, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფები. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ხელისუფლების ურყევ ნებას, რომ ევროკავშირი და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი საერთო არჩევანია და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა, გამოსვლის დასასრულს, მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის მთელ გუნდს, საქართველოს პარლამენტს, განსაკუთრებით ორ კომიტეტს, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებს აქტიური თანამშრომლობისთვის.
„მადლობა უდიდესი მხარდაჭერისთვის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობას ვუხდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თითოეულ თანამშრომელს. ის წარმატება და წინსვლა, რაც გვაქვს როგორც გარემოს დაცვის, ასევე აგრარული მიმართულებებით, არის ერთიანი ძალისხმევის, ერთიანი შრომის შედეგი”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.