ექვსი სახეობის ფარშევანგისა და ქათმის, ხუთი სახეობის ხოხბის, კაკბების, მტრედებისა და იხვებისთვის, რომლებიც საერთო ჯამში, 200 ფრთას შეადგენს, ვოლიერი ალბერტ მანელოვს თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, აეროდრომის დასახლებაში აქვს მოწყობილი.
მოგვიანებით შემოსავლის წყაროდ ქცეული ბიზნესი ფერმერისთვის ბავშვობის გატაცებით დაიწყო.
ფარშევანგის ერთი სახეობა, კობალტის ფარშევანგი, ალბერტ მანელოვმა თავად გამოიყვანა.
ფარშევანგის ზრდის პროცესი სამ წელს გრძელდება. ზრდასრული წყვილის ფასი სახეობის მიხედვით 1000-დან 5 000 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.
მაღალი ფასიდან გამომდინარე, ეგზოტიკური ფრინველების ძირითადი მომხმარებლები ბიზნესმენები არიან, ვინც მათ ეზო-კარ-მიდამოს გასაფორმებლად იძენენ.
ფრინველთა ძირითად საკვებს მარცვლეული წარმოადგენს, თუმცა, ფარშევანგი კვების რეჟიმითაც გამორჩეულია. სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, მას ზოგჯერ დანამატის სახით მაწონს, ხაჭოს, ხორცსა და კვეცს აძლევენ.
ეგზოტიკური ფრინველები კვერცხს სეზონურად, აპრილიდან ივნისამდე დებენ. როცა კვერცხის რაოდენობა საჭიროზე მეტია, მას სარეალიზაციოდაც ამზადებენ.
ქათმის ჩინური სახეობის, უხეილურის კვერცხს მწვანე შეფერილობა აქვს და როგორც თავად მომშენებელი ამბობს, განსაკუთრებული სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
ალბერტ მანელოვი ამჟამად ფრინველებს მხოლოდ ეგზოტიკური დანიშნულებით ზრდის. სწორედ ამიტომ, მის ვოლიერში არ ბუდობს კოლხური ხოხობი, რომელსაც სწორედ მეხორცული მიმართულებით მოიხმარენ. ამბობს, რომ მეხორცული ჯიშების მომრავლებისთვის ფერმის უფრო დიდი მოცულობაა საჭირო, რაც საცხოვრებელი სახლის პირობებში შეუძლებელია.
ფერმერი ფიქრობს, ვოლიერს ისე მოაწყობს, რომ არაერთი გამორჩეული ეგზოტიკური ფრინველი დამთვალიერებელმაც მოინახულოს.