ხაჭაპური წლიურ ჭრილში გაძვირებულია, – ამის შესახებ ხაჭაპურის გაზრდილი ინდექსი იუწყება, რომელსაც 2011 წლიდან ISET-ი ითვლის. საქმე ისაა, რომ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში (ISET-ი) იმერული ხაჭაპურის, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვების, მომზადების ღირებულებას, საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, აჯამებს და მას “ხაჭაპურის ინდექსის” სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.
2023 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5,76 ლარი შეადგინა. ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ინდექსი 4.1%-ით შემცირდა (2023 წლის აპრილთან შედარებით). თუმცა წლიურ ჭრილში (2022 წლის მაისთან შედარებით) ისევ აღმავალი ტენდენცია დაფიქსირდა და ინდექსი 1.9%-ით გაიზარდა.
„ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში თბილისსა და ბათუმში გაიზარდა, ხოლო ქუთაისსა და თელავში შემცირდა.
საშუალო ფასების გათვალისწინებით, ხაჭაპურის ინგრედიენტები მიმდინარედ ყველაზე ძვირი ბათუმში ღირს. აქ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6,43 ლარს შეადგენს, რაც 12%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა თბილისშიც (8.7%-ით). აღსანიშნავია, რომ ხაჭაპური ყველაზე იაფი ქუთაისშია, სადაც ერთი ხაჭაპური 4,81 ლარი ღირს. სხვაობამ, ყველაზე ძვირსა (ბათუმი) და იაფ (ქუთაისი) ლოკაციას შორის დანახარჯების მიხედვით, 1.52 ლარი შეადგინა.
თვიურ ჭრილში ინდექსი საქართველოს ყველა ქალაქში შემცირდა, ყველაზე დიდი კლება (9.0%) ქუთაისში დაფიქსირდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ინდექსის კლების ტენდენცია ნედლი რძის ტრადიციულ სეზონურ ტენდენციას მიჰყვება. ტრადიციულად ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმერეთი საქართველოს უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, სადაც რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები მცირდება,“– აღნიშნულია „აისეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარული, იმერული, მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურის მირთვევისას, ფაქტობრივად, საქართველოს კულტურულ მემკვიდროებას ვაგემოვნებთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.
შეგახსენებთ, ხაჭაპურის ინდექსის მსგავსად, იტალიაში ითვლიან პიცის ინდექსს. პიცისა და ხაჭაპურის “ნათესაობაზე” BBC ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა.
ცნობისთვის, ხაჭაპურის და პიცის ინდექსების ბიგ მაკის ინდექსის ინსპირაციაა. ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა. ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც – ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს.
The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს.