სოციალურ ქსელში „რაჭის მეთევზეთა კლუბმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაორის წყალსაცავზე თევზაობის ტარიფი 1 ანკესზე 10 ლარი იქნება. (აქამდე 5 ლარი ღირდა).
ამავე პოსტს თან ახლავს ფოტო მოსალა, რომლიდანაც ცნობილი ხდება, რომ შაორის წყალსაცავს დღეს განკარგავს შპს „შაორის ტბა“, რომლის წარმომადგენელი რუსეთის ფედეერაციის მოქალაქე ალექსანდრე კოროლევია.
შ.პ.ს „შაორის ტბის“, 10-10%-იან წილებს ფლობენ საქართველოს მოქალაქეები დავით თევზაძე და თედორე ჩალაური, ხოლო 80% ეკუთვნის შპს „აკვაკულტურა საქართველოს“, რომლის 100%-იანი მფლობელი საქართველოს მოქალაქე პაატა მოდებაძეა.
ინფორმაციას ადგილობრივების (და არამხოლოდ) პროტესტი მოჰყვა. თევზაობის მოყვარული საზოგადოება ფიქრობს, რომ სახელმწიფო ქონებაზე საქართველოს მოქალაქეს დაუწესო გადასახი უსამართლობაა. მათი აზრით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ სხვისდება ქვეყნის ბუნებრივი რესურსი ადგილობრივთა ინფორმირების და მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე.
ინფორმაციის გადამოწმება და მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება „აგრო სიახლეებმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომდე მივიტანეთ და ფაქტის შეფასება-განმარტება ვითხოვეთ.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში „აგრო სიახლეებს“ უთხრეს, რომ შპს შაორზე ლიცენზია სახელმწიფომ 2005 წელს გასცა. კომპანიას სალიცენზიო პირობები თევზაობაზე მოსაკლებლის დაწესებას არ უზღუდავს. ინვესტორი კომპანიის ვალდებულება არის გაათევზიანოს შაორის ტბა. ასრულებს თუ არა ამ ვალდებულებას კომპანია, ამას ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს.
ცნობისთვის, შაორზე თევზაობისთვის მოსაკრებელი 2017 წლიდან მოქმედებს.
შეგახსენებთ, 2023 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,აკვაკულტურის შესახებ”. შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებით, კანონი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
დღეის მდგომარეობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნებართვის მისაღებად 50-მდე განაცხადია წარმოდგენილი. დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აქვთ აკვაკულტურის მეურნეობა, გარემოს ეროვნული სააგენტო დახმარებას უწევს აკვაკულტურის სანებართვო განაცხადის შევსებაში.
აკვაკულტურის სფეროს განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში წყლის ბუნებრივი რესურსების სწორ და ეფექტიან გამოყენებაზე. 2024 წლიდან ძალაში შედის აკვაკულტურის მეურნეობებისთვის შეღავათიანი მოსაკრებლები, რაც ითვალისწინებს წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მინიმალურ განაკვეთებს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში კომერციული მიზნით წყალსარგებლობა არის ფასიანი. საქართველოში, აკვაკულტურის მეურნეობებისთვის წყლით სარგებლობის დადგენილი მოსაკრებლები არ აღემატება ფერმების მოგების 1%-ს. მოსაკრებლის გადახდა გათვალისწინებულია წელიწადში ერთხელ.
შეგახსენებთ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანამშრომლობის შედეგად, უკვე დასრულდა აკვაკულტურის განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლიც ითვალისწინებს ლაბორატორიული სერვისების გაუმჯობესებას, აკვაკულტურის განვითარების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას.
შაორის წყალსაცავი (შაორის ტბა) უდიდესი წყალსაცავია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ის მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 1100-1200 მ-ზე.
შაორის სიგრძე 7.1 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე 2.7 კმ, უდიდესი სიღრმე კი 14.5 მეტრია.
ურიზმის ექსპერტები თანხმდებიან, რომ შაორის წყალსაცავს მდიდარი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა აქტივობების მოწყობა. დღესდღეობით განვითარებულია თევზაობა. ტბაში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი. აქ სათევზაოდ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოდიან. ასევე შესაძლებელია ნავით სეირნობა.
წყალსაცავს გარს აკრავს ასევე ნაქერალას ქედი და საწალიკის მთა, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ ლაშქრობები. წყალსაცავის ირგვლივ ტყეში მრავლადაა სოკო, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ძვირადღირებული ნიყვი. ასევე ტბასთან მოწყობილია მცირე ინფრასტრუქტურა, ტბაში დამონტაჟებული საქანელები, რომლებიც ფოტოსესიის მოყვარულთათვის ძალიან მიმზიდველია.