ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, წიწილა ტაბაკა – ქართული კულინარიის ეს “შედევრები” სამოგზაურო ონლაინ სახელმძღვანელოს, Tasteatlas-ის მსოფლიოში საუკეთესო კერძების ასეულშია.
Tasteatlas-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 10 927 კერძიდან, 395 205 მომხმარებლის შეფასებით, 100 საუკეთესო გამოავლინა
ხინკალი 4.6 ქულით შეფასდა და მან რეიტინგში 29-ე ადგილი დაიკავა. 100-ეულში 55-ე ადგილი აქვს ხაჭაპურს 4.53 ქულით, ხოლო 66-ე ადგილი 4.51 ქულით მწვადს ერგო წილად.
კიდევ ერთი ქართული კერძი, რომელმაც 100-ეულში 4.49 ქულით 92-ე ადგილი დაიკავა წიწილა ტაბაკაა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ღვეზელების 2023 წლის რეიტინგში ხაჭაპური საუკეთესოდ დასახელდა. Tasteatlas-ის საუკეთესო ღვეზელების TOP-ხუთეულში იმერული ხაჭაპური პირველ ადგილს 4.51 ქულით იკავებს, აჭარული ხაჭაპური კი, 4.44 ქულიანი შეფასებით, მეოთხე ადგილს. ხუთეულში ასევე მოხვდნენ ჩილეს, პოლონეთისა და ვედეთის ღვეზელები.
“ეს მარტივი ყველიანი პური, იგივე ხაჭაპური, საქართველოს ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, ხაჭაპური ყველით, კვერცხითა და კარაქითაა დამზადებული და მისი რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველის ზოგიერთი სახეობა – მოცარელა და ფეტა – მის მოსამზადებლად ხშირად გამოიყენება, ყველაზე ხშირად ხაჭაპური ტრადიციული ქართული, იმერული ყველითა და სულგუნით მზადდება. ხაჭაპურის სახეობები ერთმანეთისგან ფორმითა და მომზადების ტექნიკით განსხვავდება, მისი მირთმევა ერთ პორციად ან საზიაროდაა შესაძლებელი. ორი ყველაზე გავრცელებული სახეობა კი იმერული და აჭარული ხაჭაპურებია. მიუხედავად იმისა, რომ ხაჭაპური ხშირად ხემსადაა მიჩნეული, ის მთავარ კერძად განიხილება. მისი შეძენა კი ქართული ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა ჯიხურში შეგიძლიათ. ხაჭაპური ასევე ხშირად მზადდება რუსეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მსოფლიოს გარშემო”, – წერს TasteAtlas.
2023 წლის საუკეთესო ღვეზელების TOP 100-ეულის სანახავად კი ეწვიეთ ბმულს.
კულინარიულ ვებგვერდ TasteAtlas.com-ზე მსოფლიოს საუკეთესო 50 სოსისის სიაში 41-ე ადგილას ქართული კუპატი მოხვდა. ქართულმა სოსისმა 5-დან 3.9 ქულა მიიღო. როგორც გამოცემა წერს, რომ კუპატი ცხარე ქართული სოსისია, რომელიც ღორის ან საქონლის ხორცით, ხახვითა და ისეთი არომატიზატორებით მზადდება, როგორიცაა შავი პილპილი, დარიჩინი, ნიორი, მარილი და ქინძი.
რაც შეეხება, ზოგადად ქართულ კულინარიას, ქართულ სამზარეულოს და გასტრონომიას, სამოგზაურო ონლაინ სახელმძღვანელო TasteAtlas-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოს რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 ქვეყანა არის მოხვედრილი. აქ 5-ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით, საქართველომ 4,39 ქულით, 26-ე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი 4,65 ქულით იტალიამ, ხოლო ბოლო, 50-ე ადგილი 4,21 ქულით ავსტრალიამ დაიკავა.