მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე აზიის კონტინენტის ქვეყნებშია, – ამის შესახებ CNN იუწყება შვეიცარიული კომპანია IQAir-ის ანგარიშზე დაყრდნობით.
IQAir-ის 2024 წლის მოხსენებაში წერია, რომ ყველაზე დაბინძურებული 20 ქალაქიდან უმეტესი ნაწილი – 13 დასახლება ინდოეთშია. ერთადერთი ქალაქი აზიის ფარგლებს გარეთ, რომელიც ამ სიაში მოხვდა, არის ჩადის დედაქალაქი ცენტრალურ აფრიკაში – ნჯამენა.
შვეიცარიული კომპანია IQAir-ი , რომელიც აკონტროლებს ჰაერის ხარისხს მთელ მსოფლიოში, თავის მოხსენებაში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს წვრილ ნაწილაკებზე (PM2.5). ეს არის ერთ-ერთ ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე საშიში დამაბინძურებელი.
PM2.5 მოდის ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა საწვავის წვა, მტვრის ქარიშხალი და ტყის ხანძარი. ის იმდენად მცირეა, რომ შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელია. თუმცა უნარი შესწევს შევიდეს თქვენს ფილტვებში ან სისხლძარღვებში.
ნაწილაკები იწვევს გაღიზიანებას და ანთებას, დაკავშირებულია სუნთქვის პრობლემებთან და თირკმელების ქრონიკულ დაავადებასთან. ასევე შეიძლება გამოიწვიოს კიბო, ინსულტი ან გულის შეტევა და ასოცირდება დეპრესიისა და შფოთვის უფრო მაღალ რისკთან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ PM2.5-ის საშუალო წლიური დონე არ უნდა აღემატებოდეს 5 მიკროგრამს კუბურ მეტრზე.
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ინდუსტრიულ ქალაქ ბირნიჰატში, გასულ წელს დაფიქსირდა PM2.5 -ის 128.2 კონცენტრაცია ჰაერში, რაც 25-ჯერ აღემატება ჯანმო-ს სტანდარტს.
დაბინძურების მტავარი წყაროები ქალაქის მასშტაბით განლაგებული ქარხნები, მზარდი სამშენებლო ინდუსტრია და ხეების ჭრაა.
ინდოეთის დედაქალაქი ნიუ-დელი კი უკვე მეექვსე წელია მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად სახელდება. PM2.5-ის კონცენტრაციის დონემ ქალაქში 91.8.-ს მიაღწია.
ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია ინდოეთის ექვსი სატელიტური ქალაქი – ფარიდაბადი, ლონი, დელი, გურგაონი, ნოიდა და დიდი ნოიდა.
ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, დელიში, იმდენად მუქი სმოგი ჩამოწვა, რომ საჰაერო მიმოსვლა შეუძლებელი გახდა. ამის გამო ქალაქის მერმა “გადაუდებელი მდგომარეობა” გამოაცხადეს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰაერის დაბინძურება “ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით 5,2 წლით“.
ინდოეთის მეზობლები ბანგლადეში და პაკისტანი, PM2.5 მოლეკულებით მსოფლიოში მეორე და მესამე ყველაზე დაბინძურებული ქვეყნებია.
აღსანიშნავია, რომ მოხსენების მიხედვით, ჩინეთმა ეკოლოგიური მდგომარეობა გააუმჯობესა. ის წინა წლებში ჰაერის ყველაზე ცუდი ხარისხის მქონე ქვეყნებში ლიდერობდა. ქვეყნის საშუალო წლიური PM2.5 კონცენტრაცია 32.5 მიკროგრამიდან კუბურ მეტრზე, 31-მდე დაეცა.
ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა მეგაპოლისებში, მათ შორის პეკინში, შანხაიში, ჩენგდუში, გუანჯოუსა და შენჟენში.
მონაცემთა ნაკლებობის გამო, ირანი და ავღანეთი ახალ ანგარიშში არ მოხვდა.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, რეგიონის 392 ქალაქიდან 173-ს არ ჰქონდა სამთავრობო მონიტორინგის სადგური.
ეს პრობლემები, სავარაუდოდ, გაუარესდება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ „დაფინანსების შეზღუდვების“ გამო, შეწყვეტს ჰაერის ხარისხის მონაცემების გაზიარებას თავისი საელჩოებიდან.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო კალიფორნიის შტატში – ესენია: ონტარიო, ბლუმინგტონი და ჰანტინგტონის პარკი.
თუმცა, საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა PM2.5-ის დონე 2023 წელთან შედარებით, 22%-ით შეამცირა.
წყარო: cnn.com