Skip to content Skip to footer

$150 მილიონის შერეული დაფინანსების მექანიზმი იქმნება – ADB ბუნებრივი კაპიტალის ფონდს აფუძნებს

მსოფლიოს მასშტაბით არასრულფასოვანი კვების მქონე ადამიანების უმრავლესობა განვითარებად აზიაში ცხოვრობს. ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და საკვების ნაკლებობა ტვირთავს სურსათის სისტემებს, რომლებზეც მოდის მსოფლიო წყლის მოხმარების 70%, დასახლებადი მიწის 50% და ბიომრავალფეროვნების 80%-ის დაკარგვა. სასურსათო სისტემებში დასაქმებულია რეგიონის სამუშაო ძალის 40%. – ამის შესახებ მსოფლიო ბანკი (ADB) იუწყება. ორგანიზაციის განმარტებით, სასურსათო სისტემების გარდაქმნის ხელშესაწყობად, პროგრამა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვის აგრარულ ღირებულებათა ჯაჭვს, რათა გაუმჯობესდეს მოწყვლადი მოსახლეობის წვდომა იაფ და ჯანსაღ საკვებზე. ის ასევე დააფინანსებს მიწის ხარისხის გაუმჯობესებას და ბიომრავალფეროვნების დაკონსერვებას, რაც მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით, გარემოს დაბინძურებით, ხმელეთისა და წყლის ეკოსისტემების დაკარგვით გამოწვეული მზარდი რისკის ქვეშ მყოფი მაღალმწარმოებლური სოფლის მეურნეობისთვის. პროგრამა ხელს შეუწყობს ციფრული ტექნოლოგიებისა და ანალიზის განვითარებას, რათა გაუმჯობესდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფერმერებისთვის, აგრობიზნესისა და სტრატეგიაზე მომუშავეთათვის.

ADB ასევე აფუძნებს ბუნებრივი კაპიტალის ფონდს – დაგეგმილი $150 მილიონის შერეული დაფინანსების მექანიზმს – რომლის მთავარი ხელშემწყობი იქნება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და სხვა პარტნიორებისგან მიღებული შემოწირულობები, მათ შორისაა სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უზრუნველყოფის გლობალური პროგრამა. ფონდი ხელს შეუწყობს ფერმერებისა და ინოვატორების აგრარული გზით წარმოებული საკვების განვითარების პროექტებს, რომლებიც მდგრადი მეთოდებით იცავს, აღადგენს და მართავს ბუნებრივ კაპიტალს ADB-ის განვითარებად წევრ ქვეყნებში.

ADB წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

ცნობისთვის, დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განაცხადა, რომ გეგმავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სასურსათო და საკვებით მომარაგების გრძელვადიანი უზრუნველყოფისთვის დახმარება 26 მილიარდი აშშ დოლარით ($) გაზარდოს, რითაც 2022-2030 წლებში სასურსათო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი ჯამური დაფინანსება $40 მილიარდს მიაღწევს.

დახმარება დააფინანსებს პროგრამას, რომელიც მოიცავს სურსათის წარმოების სრულ პროცესს — მოყვანასა და გადამუშავებიდან, დისტრიბუციასა და მოხმარებამდე. პროგრამის მიზანია მთავრობებისა და კომპანიების ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერით, დაეხმაროს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონს მრავალფეროვანი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სურსათის წარმოებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და მდგრადი აგრარული მომარაგების ჯაჭვების ხელშეწყობაში.

ADB-ის სასურსათო უზრუნველყოფის დაფინანსება 2030 წლისთვის $40 მილიარდს მიაღწევს.

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი ამ მხრივ განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.