ფსიქოლოგების მტკიცებით, ბავშვები, გარესამყაროს შეცნობისას, მწერებისა და ქვეწარმავლების ზიზღსა და შიშს პატარაობიდანვე უნდა ამარცხებდნენ. ამისთვის მათ სწორ ინტერგრაციას ბუნებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ბაგა-ბაღებში ეზოში თამაშის დროს ცხოველებთან, მწერებთან, მცენარეებთან, ქვეწარმავლებთან, მღრღნელებთან, ურთიერთობა, ცხადია, უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნითი დაცვით, დიდ როლს ასრულებს პატარების ჰუმანურ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.
დიდი ალბათობით, ფლორა-ფაუნასთან უშუალო ურთიერთობით ბავშვებს მომავალში აღარ ექნებათ ცხოველებისა და მწერების ფობიაც, რაც ბევრ ზრდასრულ ადამიანს სტანჯავს.
ბაგა-ბაღი “ზუზუნები” სწორედ ამ მიდგომით ზრდის თავის აღსაზრდელებს.
2 წლის გაბრიელ გელაშვილმა პირველად ნახა ჩოქელა და ყურადღებით აკვირდება. ანასიამ მასთან ბურთით თამაშიც კი მოინდომა. პედაგოგებმა პატარებს მწერის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, აგროსამყაროში მისი როლიც გააცნეს.
ნახეთ პატარების ძალიან სასიამოვნო ვიდეო 👇
არ არის გამორიცხული, მათგან რომელიმე აგრარული მიმართულებითაც დაინტერესდეს და აგრომეცნიერიც კი გამოვიდეს.
ბავშვების ბუნებაში სწორი ინტეგრირების მნიშვნელობაზე “აგრო სიახლეები” აპირებს მოგიმზადოთ გადაცემა, თუმცა, მანამდე გეტყვით, რომ ჩოქელა სასარგებლო მწერია, იმდენად, რომ “ბიოაგენტსაც” კი უწოდებენ. მისი განადგურება რეკომენდებული არ არის. ძირითადად ის ყავისფერი ან მწვანე შეფერილობისაა, ჭამს კალიას, ჭრიჭინას, ფაროსანას, ხვლიკს, ბაყაყს, მომცრო გველებსაც კი. ძირითადად, ბინადრობს ბაღებსა და ვენახებში და იკვებება მავნე მწერებით. ჩოქელა ფერმერებს მავნებლებთან ბრძოლაში ეხმარება.
ცნობილია ჩოქელების (მტაცებელი მწერების რიგი; ენათესავებიან ტარაკანებს) 2000-ზე მეტი სახეობა.
საქართველოში ჩოქელების 20-მდე სახეობა გვხვდება. ყველაზე მეტად გავრცელებულია 4-7 სმ სიგრძის ჩვეულებრივი ჩოქელა.