2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებაზე 560,0 მლნ ლარზე მეტი მიემართება, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 6,0 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა, ხოლო გარემოს დაცვის პროგრამებზე 180,0 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებიდან, რაც 685.0 მლნ ლარს შეადგენს, გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა – 62.1 მლნ ლარი; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება – 69,4 მლნ ლარი. ერთიანი აგროპროექტი – 327,0 მლნ ლარი. მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტები – 200.0 მლნ ლარი; აგროდაზღვევა – 12.0 მლნ ლარი; დანერგე მომავალი – 30.0 მლნ ლარი; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი – 25,0 მლნ ლარი; აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა – 15.0 მლნ ლარამდე; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია – 84,4 მლნ ლარი; გარემოსდაცვითი ზედამხედველობა – 28.0 მლნ ლარი; დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა – 21,7 მლნ ლარამდე; სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა – 23,2 მლნ ლარამდე; მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა – 5,0 მლნ ლარამდე“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
ბიუჯეტის პირველადი ვარიანტითვე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2024 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 1,7 მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი, საიდანაც ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას 1,2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება.
„მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 1,9 მილიარდ ლარზე მეტი; წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500,0 მლნ ლარზე მეტი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 700,0 მლნ ლარზე მეტი; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170,0 მლნ ლარზე მეტი“,- ნათქვამია დოკუმენტში.
ბიუჯეტის პროექტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 350.9 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 200,3 მლნ ლარი, გრანტებში 18,4 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში 1 132,2 მლნ ლარი.
„ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები – 1 933,6 მლნ ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 1 225,0 მლნ ლარი; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 322,1 მლნ ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია – 530,0 მლნ ლარი; მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა – 65,0 მლნ ლარი; ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია – 341,0 მლნ ლარი; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები – 150,0 მლნ ლარი; სხვა დანარჩენი პროგრამები – 9,2 მლნ ლარი“,- ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.
შეგახსენებთ, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27,8 მლრდ ლარია. 2027 წლისთვის კი მთავრობა მშპ-ის 108 მლრდ ლარამდე ზრდას პროგნოზირებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მშპ იქნება 108 მლრდ ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, თითქმის, 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ბიუჯეტი, 2012 წელს, შედარებისთვის, იყო 8,5 მლრდ ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27,8 მლრდ ლარი. აქაც გასამმაგებაა, რაც რა თქმა უნდა, სასიხარულოა ჩვენთვის ყველასთვის,” – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება, ბიუჯეტის დეფიციტს, მთავრობის გათვლებით, გაისად ის იქნება 2,5%.
2024 წელს მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%0ს გაუტოლდება.