12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა, რის შედეგადაც ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა ამოქმედება და ქართული ხორბლის ჩაბარება დაიწყეს. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ფასი 650 ლარია ტონაზე.
მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1 000 ტონა ხორბლის რეალიზაცია შეძლეს, რაც მოსავლის მხოლოდ 10%-ია, თუმცა, ბოლო პერიოდში პროცესი შეჩერდა. მიზეზი ისაა, რომ წისქვილები სიმძლავრეებს ჯერ ვერ ზრდიან, რადგან ბაზარზე ისევ დარჩენილია დიდი რაოდენობით დაბალ ფასად შემოტანილი ფქვილი.
მემარცვლე ფერმერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როდის და რა ფასად, ან რა მექანიზმით შეძლებენ, როგორც გასული წლის, ასევე ახალი მოსავლის ჩაბარებას.
შეგახსენებთ, ფქვილზე, ე.წ. ამრეკლი გადასახადის დაწესებამდე, მემარცვლე ფერმერები აცხადებდნენ, რომ მიწების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. მიზეზად ადგილობრივი მარცვლეული კულტურების დაბალი სარეალიზაციო ფასი სახელდებოდა, რაც რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდამ განაპირობა. შედეგად, ადგილობრივ მემარცვლეებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა დაუდგათ, რადგან უკლებლივ ყველა წისქვილკომბინატი ქვეყანაში გაჩერებული იყო. ფქვილზე გადასახადის დაწესებას ხორბლის იმპორტიორები და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები ითხოვდნენ. მთი მოთხოვნის საფუძველზე საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებითი საიმპორტო საფასური დაწესდა. ნორმა 12 ივნისიდან ამოქმედდა და ძალაში 5 თვე იქნება. მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განმარტავს, რომ წისქვილკომბინატების ინდუსტრიამ აიღო ვალდებულებები.
- საქართველოს ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის ზღვრულ ფასს, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე პურზე ფასის შენარჩუნებას.
- შეისყიდონ საქართველოს ფერმერებისაგან როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის სასურსათო ხორბლის მაქსიმალური ოდენობა ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე (საბაზისო ითვლება მე 3 კლასის ხორბლის პარამეტრები).
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ დღეის მდგომარეობით ორივე ვალდებულების, როგორც ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილის ზღვრულ ფასის უზრუნველყოფა, ასევე ქართული ხორბლის მოსავლის მიღება წისქვილკომბინატების მიერ ხორციელდება აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
“მიმდინარეობს წისქვილკომბინატების მუშა პროცესების აღდგენა და ახლო მომავალში ველოდებით წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის გადამუშავების ზრდას და შემდგომ სრული სიმძლავრეებით ამუშავებას, რაც თავის მხრივ ეტაპობრივად უზრუნველყოფს ქართული მოსავლის სასურსათო ხორბლის მიღების რაოდენობრივ გაზრდას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის შესყიდვას ახორციელებს საქართველოს ყველა რეგიონის როგორც ასოციაციის წევრი, ასევე არაწევრი წისქვილკომბინატები და ელევატორები ყველა კომპანიისა თუ ფერმერისაგან განურჩევლად იმისა, არის თუ არა იგი რომელიმე გაერთიანების ან ასოციაციის წევრი თუ აბარებს ხორბალს ინდივიდუალურად. ერთადერთ პირობას წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის შესყიდვისა წარმოადგენს ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებლის შესაბამისობა სასურსათო ხორბლის პარამეტრებთან (მე 3 კლასი) .
რაც შეეხება ქართული ხორბლის შესასყიდ ფასს, ფასი ცვალებადია და ისტორიულად ფორმირდება და სწორდება იმპორტირებული ხორბლის შესაბამისი სასურსათო ხორბლის ხარისხებიდან გამომდინარე (საბაზისოდ ითვლება მე 3 კლასის ხორბლის პარამეტრები). დღეის მდგომარეობის აღნიშნული ფასი 650 ლარი /ტონის ფარგლებში მერყეობს.
საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ მიერ აღებულ ორივე ვალდებულების უპირობო შესრულებას – ქვეყანაში პირველი ხარისხის ფქვილის ზღვრული ფასით პურის ფასის შენარჩუნების, ასევე სასურსათო ხარისხის ქართული ხორბლის შეუფერხებელ რეალიზებას მთელი წლის განმავლობაში” – წერია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში.
რუსულ ხორბალზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო საქართველოში წისქვილები გაჩერდნენ. რა პრობლემები შექმნა ამან, დეტალებს გაეცანით აქ ?