სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ბინძურდება გარემო სამგორის რაიონში სანიაღვრე არხში მომდინარე გაურკვეველი სიბინძურით. როგორც გარემოსდამცველები ამბობენ, ნაგავსაყრელიდან წამოსული ბინძური წყალი თბილისში სამგორის რაიონის სანიაღვრე არხში ჩაედინება. ვიდეო დიდი ლილოს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გაავრცელეს.
ცნობისთვის, ეს საინიციატივო ჯგუფი დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ თბილისის ნაგავსაყრელი საშიშროებას უქმნის არა მხოლოდ ახლოს მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ის არის უფრო გლობალური და თითოეული მოსახლის, თბილისისა თუ ზოგადად დედამიწის ბინადრის ვალდებულებაა იზრუნოს მსგავსი ღია ტიპის ნაგავსაყრელი აღარ არსებობდეს.
ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე “თბილსერვის ჯგუფი” დასუფთავების სამსახურს აგზავნის ხოლმე ლოკაციაზე, თუმცა ეს ისეთი ინტენსიურობით არ ხდება, რომ მათი მუშაობის კვალი რამენაირად დადებითად დაეტყოს ამ ადგილს. ამიტომაც, გარემოსდამცველი აქტივისტები მათ აქ გამოჩენას სიზიფის შრომას უწოდებენ.
(რედაქციისგან: ეს ტერმინი დამკვიდრებულია მარადიულად და უნაყოფოდ მშრომელი, ტრაგიკული ადამიანის აღსანიშნავად)
“ყოველი ქარის დროს ამ ნაგავსაყრელიდან ფერადი პარკები, პოლიეთილენის, ჰაერშია მიმოფანტული და კილომეტრებს მოგზაურობენ. პარკებით სავსეა ხეები, ველები, ღობეები და არხი, რომელიც, საბოლოოდ, თბილისის ზღვაში ჩაედინება. აქვე საქონლები “ბალახობენ”, დიდი რისკია, პარკი შეჭამონ და დაიღუპონ. მთელი თბილისის ნარჩენები ამ პოლიგონზე იყრის თავს. ნაგავი არ ხარიხსდება, ანუ მისი სეპარირება არ ხდება. საუკეთესო შემთხვევაში, პირდაპირ მიწაში იფლობა. წარმოქმნილი, მავნე, მომწავლელი, ტოქსიკური სუნი ჰაერში იფანტება და იწამლება შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობა. დასახლება აქ სულ რაღაც ერთ კილომეტრშია. მათი რიცხი 10 ათასობითაა,” – ამბობენ დიდი ლილოს საინიციატივო ჯგუფის წევრები.
ზოგადად, ღია ტიპის ნაგავსაყრელები გარემოს ერთ-ერთი სერიოზული დამაბინძურებელია. არასამთავრონო ორგანიზაცია “აისეტის პოლიტიკის ინსტიტუტის” მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 3,5-ჯერ მაღალია, ვიდრე ევროკავშირში.

რა ეკონომიკური სარგებლიანობა მოაქვს ნაგვის სეპარაციას და მის სწორად მართვას, გაიგეთ “აგრო სიახლეების” სტატიაში. 👇
განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი ამ მხრივ განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.