მეცნიერებმა კარიბის ზღვაში ნიანგის ორი აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს. ჩატარებული დნმ-ის ანალიზით ცხადი გახდა, რომ ნიანგის ეს სახეობები კარიბის ზღვის იზოლირებულ კუნძულებზე – კოსუმელიზე და ბანკო ჩინჩოროზე ბინადრობენ.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აქამდე უცნობი ნიანგების ჯიში გადაშენების პირას არის. ახალი სახეობებისთვის მეცნიერებს სახელი ჯერ არ შეურჩევიათ. ახლა მათ გენეტიკას სწავლობენ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია მათი გადარჩენისთვის. ურბანიზაციის, ტურიზმისა და დაბინძურებული გარემოს გამო სხვადასხვა ცხოველთა თუ ქვეწარმავალთა სახეობები, შეიძლება ისე გადაშენდნენ, რომ ადამიანებმა მათი არსებობის შესახებ ცნობების მოპოვება ვერც კი მოასწრონ.
„ახლა, როდესაც ჩვენ ვაღიარეთ ეს ნიანგები, როგორც ცალკე სახეობები, უკიდურესად მნიშვნელოვანია დავიცვათ მათი ბუნებრივი არსებობის გარემო, ანუ ჰაბიტატი“, – ამბობს პროფესორი ჰანს ლარსონი.