Skip to content Skip to footer

რა გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემები აქვს ფოთს და სად უნდა გაძლიერდეს მწვანე ტრანზაქციები – ადგილობრივების შეფასებები და რეკომენდაციები

ფოთის და ხობის მწვანე ტრანზაქციების თემაზე საჯარო შეხვედა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე ბიზნესთან და ეკონომიკასთან კვეთაში იმსჯელეს.

შეხვედრა ჟურნალისტრიკის რესურსცენტრის(JRC) ორგანიზებით გაიმართა.

ყველა თანხმდება, რომ გარემოში არსებული ბინებრივი რესურსი ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური წინსვლისთვის მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით უნდა იქნას გამოყენებული. ფოთიც და ხობიც დაცული ტერიტორიებით მდიდარი მუნიციპალიტეტები არიან, შესაბამისად, ტურისტულად მხარე მიმზიდველი და პესრპექტიულია.

ფოთის პორტი დიდ შესაძლებლობებთან ერთად, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიის კუთხით, დიდი გამოწვევაცაა, განსაკუთრებით, ნარჩენების მართვის მხრივ. ადგილობრივ ხელისუფლებას შესწავლილი აქვს საკუთარი სისუსტეები და აღიარებენ, რომ ვერ ახერხებენ ნარჩენების სეპარირებას. მათ ასევე ნარჩენების მართვის ტარიფის გადახედვა სურს როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის. იმისთვის, რომ სურათი უკეთ დაინახოთ, გეტყვით, რომ ფოთი დღეში 45 ტონა ნარჩენს აგროვებს, რომლის დიდ ნაწილის მართვას მუნიციპალიტეტი ახერხებს, თუმცა, დიდი ნაწილი უმართავია და უგროვდება, რაც გარემოში მრავალმხრივ პრობლემებს ქმნის.

ასოციაცია “დიოსკურიას” ხელმძღვანელი ნონა ხუხია ფოთის უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე წლებია საუბრობს და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოსავალს დეცენტრალიზაციაში ხედავს, როგორც ფისკალურ, ისე საკანონდებლო დონეზე. მისივე მტკიცებით, სეპარირების მიღწევა მუნიციპალიტეტისთვის პრობლემა არ იქნებოდა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. ხუხია ამბობს, რომ მოსახლეობის ცნობიერებაზეც ბევრია სამუშაო ნარჩენების სეპარირებულად შესაგროვებლად. ნინა ხუხიას პასუხად, ნათია კუპრაშვილმა(JRC) შეახსენა საზოგადოებს, რომ იგეგმება ბატარეების სეპარაცია და აქცენტი ბიზნესის პასუხისმგებლობაზეც გააკეთა.

ფოთში უმსხვილესი დამსაქმებელი ფოთის ნავსადგურია, რომლის წარმომადგენელმა ეთუნა ცოტნიაშვილმა ღიად გაუზიარა საზოგადოებას, რა გარემოსდაცვითი ნორმებით მუშაობს ფოთში APM Terminal-ი და რა პრობლემებს აწყდება თავად ბიზნესი ოპერირებისას? ცოტნიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთო პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე, რომელზეც ბიზნესი პარტნიორებს საჭიროებებზე დაელაპარაკებოდა. მისივე შეფასებით, საკონტეინერო მოსაკრებელი, რომელიც ცოტა ხნის წინ კანონით სავალდებულო გახდა და რომელიც ფოთის ბიუჯეტში რჩება, კარგია, თუმცა არასაკმარისი. ცოტნიაშვილი პორტის ადმინისტრაციის სახელით ამბობს, რომ კარგი იქნებოდა და სამართლიანიც, პორტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სოლიდური თანხიდანაც ნაწილი ფოთის ადგილობრივ ბიუჯეტშივე მიემართებოდეს.

გარემოსდაცვითი მიმართულებით პორტი კონტრაქტორებთან ერთად მუშაობს, თუმცა, მის ტერიტორიაზე სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენები, ქალაქის ნაგავსაყრელზე მაინც ერთად ხვდება, რაც ბიზნესსაც და თანამშრომლებსაც მოტივაციას უქვეითებს, სეპარირებულად შეაგროვონ ნაგავი.

ცოტნიაშვილი ბიზნესის სრულფასოვანი ოპერირებისთვის უმთავრეს გამოწვევად კადრების დეფიციტს ასახელებს. ამბობს, რომ სპეციალისტები სულ უფრო რთული საპოვნელი ხდება, განსაკუთრებით, ტექნიკურ პოზიციებზე. შესაბამისად, ცოტნიაშვილი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

სეპარირების პრობლემა რომ არც ისე რთული გადასაჭრელია, ამის დასტურად ნანა ხუხია ამბობს, რომ ქალაქს საპრესი აპარატი აქვს, თუმცა არ იყენებს. ხუხიას მტკიცებით. ამ პრობლემას გადაჭრიდა მხოლოდ სპეცმზიდი მანქანა.

რა კეთდება პროფესიულ სასწავლებლებში იმისთვის, რომ ბიზნესს კადრების დეფიციტი აღარ ჰქონდეს? – ამ კითხვით JRC-ის თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა, კოლეჯ “ფაზისის” წარმომადგფენელს მიმართა. როგორც კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერიმა, ეკა ფოჩხუამ, განაცხადა, დეფიციტურ პროფესიებთან ერთად, რეგიონის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გაძლიერებულად ისწავლება მეთევზეობა სამი მიმართულებით.

“პრობლემას ქმნის ის, რომ რამე ახალი წამოწყებისას ბიზნესს და ხელისუფლებას არ აქვს დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ მისკომუნიკაციის გამო კი ყველა ზარალდება, – მოსახლეობაც, ბიზნესიც და სახელმწიფოც,” – თქვა მედიაექსპერტმა, კომუნიკაციების სპეციალისტმა, JRC-ის თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა, შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა ფოთისა და ხობის მწვანე ტრანზაქციებზე საჯარო სექტორალურ მსჯელობას.

ეკოლოგიურ საკითხებში მოსახლეობის გააქტიურება, ცნობიერების ამაღლება და ხალხის ერთად დგომა საერთი საზოგადოებრივ საკითხებში, -ეს არის უმთავრესი და ერთადერთი გამოსავალი დოკა ბაღათურიას აზრით, იმისთვის, რომ არ შეილახოს გარემო და მოქალაქეთა კერძო საკუთრების უფლება. “სოკარ ყულევი ტერმინალის” წარმომადგენელი ყვება საკუთარ გამოცდილებას, როგორ შემოიჭრა ბიზნესი დასახელბულ ტერიტორიაზე, ლამის მოსახლეობის ეზოებში და პროტესტის მიიუხედავად, როგორ გაიტანა ბიზნესმა თავისი მოსახლეობის უფლებების შელახვის ხარჯზე. ბაღართურია ამბობს, რომ მეზობლების ნაწილი პროტესტისას მათ გვერდით არ დაუდგა, უფრო მეტიც, იყო მცდელობა იმ მოქალაქეების იმიჯი შეელახათ, რომლებიც საკუთარ უფლებებს ბიზნესის წინააღმდეგ მარტო იცავდნენ.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ხალხი თანხმდება, რომ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემა ყველასთვის საერთოა და ნათია კუპრაშვილის თქმით, დროა, ამას მივხდეთ საქართველოშიც.

“დროა შევთანხმდეთ, რომ ბუნებრივი რესურსის რაციონალური გამოყენება არის საერთო ინტერესი. არსებობს გარკვეული წესები, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის სიმდიდრის გამოყენებაში პრიორიტეტი ადგილობრივ მოქალაქეს ენიჭება, ან მათ ღირსეული დასაქმების ფართო შესაძლებლობით უნდა აინტერესებდნენ. გარდა ამისა, ბუნებრივი რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი სავსებით ცივილური ფორმაა კომპენსაციების აღებაც, რასაც ხშირად საქართველოში ერთეული პირების “გასაშავებლად” იყენებენ, თითქოსდა, კომპენსაცია რამენაირად სამარცხვინო იყოს. მოქალაქეს აქვს სრული უფლება მოითხოვოს და აიღოს კომპენსაცია, როცა მის გარემოში იჭრებიან.

იმის გამო, რომ სწორი მიდომები არ არსებობს, საქართველოში ბუნებრივი რესურსი, ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტეში, სადაც კი ეს სიმდიდრე არის (ოქროს, ქვანახშირის, მანგანუმის საბადოები, ზღვა, მდინარეები და სხვა), კეთილდღეობის ნაცვლად, ადგილობრივი მოსახლეობის წყევლად და გაღარიბების მიზეზად იქცა,” – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა, JRC-ის თავმჯდომარემ.

ფოთის ეკოლოგიას კიდევ უფრო ამძიმებს რიონის დაბინძურება. ეს მდინარე რამდენიმე მუნიციპალიტეტს გადის და ყველა ქალაქისა თუ სოფლის “სიმდიდრე” აქ ჩამოაქვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ფოთის სანაპიროზე ბლომადაა სამედიცინო ნარჩენებიცა, რაც განსაკუთრებულად საშიშია. ადგილობრივების თქმითვე, თევზის საწარმოები ცხიმოვან ნარჩენებს სწორედ რიონში ღვრიან. ეს ყველაფერი კი მდინარის იხტიოფაუნას და იხტიოფლორას ანადგურებს, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს (როგორც ადგილობრივები ამბობენ), როგორ აქვს აპკივით მდინარის წყალს ცხომოვანი ფენა გადაკრული, რაც ჟანგბადს არ ატარებს და სუნთქვის შესაძლებლობას ართმევს ცოცხალ არსებებს მდინარის წყლის სიღრმეში. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ რიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინტერმუნიციპალური მიდგომაა ერთ-ერთი გამოსავალი.

ფოთში ინდუსტრიული ზონისთვის განკუთვნილი არეალები ბიზნესმა დიდი ხანია გაარღვია და ხასაცხოვრებელ თუ რეკრეაციულ სივრცეებში ჰიდრომექანიზმები სრულიად ქაოსურადაა შეჭრილი, რაზეც ადგილობრივები ძალიან წუხან და ამბობენ, რომ ქალაქში ცხოვრება, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, შეუძლებელი გახდა უჰაერობისა თუ ხმაურის გამო.

ტოტალურ არაპროფესიონალიზმზე საუბრობს კეფალის ფესტივალის ორგანიზატორი ნანა ტაბიძე. მისი განმარტებით, ვინც ფოთში ეკოლოგიურ თუ გარემოსდაცვით საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე უნდა მუშაობდეს, მას, თავად სჭირდება საკითხში გარკვევა, რადგან პასუხისმგებელმა ტრუქტურებმა არც კი იციან, რაშია რეალურად პრობლემა, არადა, მოსახლეობის გამოფხიზლება და ჩართვა გადაწყვეტიოლების მიღების პროცესში, არის გადამწყვეტი, პროლემის მოსაგვარებლად.

რაც შეეხება, ბიზნესის მიერ თითქმის მთელი ქალაქის მოცვას და ათვისებას, ნანა ტაბიძე, ამ კონტექსტში, დიდი იმედით ვერც ქალაქის გენგეგმას უყურებს, რადგან დარწმუნებულია, ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმასაც ბიზნესი საკუთარ კომერციულ ინტერესებს მოარგებს.

ფოთელი ფერმერები სრულიად არიან მოწყვეტილი სახელმწიფო ხელშემწყობ პროგრამებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაიცემა. როგორც ადგილობრივი მედიის “მეცხრე ტალღის” მენეჯერი გერმანე სალია ამბობს, რიგი პროგრამები თვითმმართველ ქალაქებში არ ფინანსდება, რის გამოც არაერთმა ფოთელმა ფერმერმა დაკარგა წინსვლის შესაძლებლობა. ამ მიზეზით, როგორც სალია ამბობს, ფერმერები იძულებული ხდებიან ტერმინალები “შეუშვან” საკუთარ ნაკვეთებზე, რადგან სხვა პერსპექტივა, სოფლის მეურნეობის კუთხით, წართმეული აქვთ იმის გამო, რომ ვერ იღებენ სახელმწიფო დაფინანსებებს.

რადგან დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღებაც და საქართველოს შიდაპოლიტიკური თუ ეკონომიკური ორიენტირიც შუა დერეფნისკენაა მიქცეული, სათევზაო ტურიზმის სპეციალსიტი, გიორგი ხომერიკი ფოთის განვითარების პერსპექტივასაც ზღვის ირგვლივ ხედავს. პორტის განვითარებისა და გაძლიერების პარალელურად, ხომერიკი რელევანტურად და მომგებიანად მიიჩნევს ფოთის ტურისტული და სპორტული მიმართულების გაძლიერებასაც. მისი აზრით, სათევზაო ტურიზმის განვითარების საშუალებას ქალაქს ბუნებრივი სიმდიდრე აძლევს, რადგან ფოთს, ეროვნული პარკისა და პალიასტომის ტბის გარდა , აქვს 8 ტბა და 2 მდინარე. თუ ამას ზღვის აკვატორიასაც დავუმატებთ, აქ თევჭერისა და სათევზაო ტურიზმის განვითარების ყველა პირობა იქმნება, რომლის სწორად გამოყენებით, ქალაქი დიდ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს. ტბებზე სათევზაო ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობა, გიორგი ხომერიკის აზრით, ბრაკონიერობის აღკვეთაა, რაც დღეს, მისივე მტკიცებით არ ხდება, უფრო მეტიც, ბრაკონიერობის უპრეცენდენტო ტემპი ფოთის ტბებზე, ხომერიკის შეფასებით, ეკოციდს უტოლდება. სპეციალისტი ამტკიცებს, რომ გამოსავალი აქ არის ტბების ერთიანი სისტემური მართვა-მონიტორინგი.

ხომერიკი ფოთში წყლის სპორტის გაძლიერებაზეც აკეთებს აქცენტს და სპორტულიული ტურიზმის გაძლიერების აუცილებლობასაც ხედავს.

ფოთში ტურიზმის განვითარებაზე საუბრისას, მხარეთმცოდნემ ალექსანდრე ქავთარაძემ ქალაქის საზღვაო სტატუსის აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქალაქმა დაკარგა საზღვაო მიმოსვლის, საზღვაო სამგზავრო ნავმისადგომი, ეგრეთ წოდებული “მორვაგზალი”, რაც ქავთარაძის შეფასებით, არასწორია. როგორც გიდი ამბობს, ტურისტები ფოთს საზღვაო ქალაქად ვერ აღიქვამენ. მხარეთმცოდნე დარწმუნებულია, რომ საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის გააქტიურება თუნდაც ბათუმთან, ან მეზობელ ქვეყნებთან, ფოთში ტურიზმს დაასტიმულირებდა.

“ქალაქი ისე გაშენდა, რომ ზღვისკენ ზურგით აღმოჩნდა. ფოთი დღესაც ზურგით დგას ზღვისკენ” – ამბობს ქავთავარაძე.

ფოთში 2018 წლიდან კეფალის ფესტივალი ყოველწლიურად იმართება. წელს ფესტივალის ორგანიზატორი აპირებს ფოთის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა სწორედ ამ ფესტივალზე შესთავაზოს საზოგადოებას.

“ფოთელებს შენჯღრევა სჭირდებათ და მოდით ერთად შევანჯღრიოთ. აქ ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც თავდაჯერება აკლიათ და ამაში უნდა დავეხმაროთ, გამბედაობა შევძინოთ,” – უთხრა ფესტივალის ორგანიზატორმა JRC-ის თავმჯდომარეს და მიიწვია კეფალის ფესტივალზე, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოში გაიმართება.

შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გადაწყვეტილებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობას და ითქვა, რომ მხოლოდ ამით შეუძლია ადამიანებმა დაიბრუნონ უკეთესი მომავლის რწმენა.

ფოთის განაშენიანების ახალი გენერალური გეგმის მოსამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო, კონკურსში გამარჯვებულ ამხანაგობას  „სითი სტუდია 9“ დოკუმენტის მოსამზადებლად ვადა 2027 წლის პირველ ნახევრამდე აქვს. სტრატეგიის შემუშავებაში ქართულთან ერთად, უცხოური არქიტექტურული კომპანიებიც ჩაერთვებიან. ახალი გეგმის მიხედვით, ისეთი პროექტები უნდა შეიქმნას, რომლებიც ფინანსური რესურსის მოზიდვას შეძლებს. არის გამოწვევებიც, მათ შორის ნაპირდაცვის პრობლემა.