Skip to content Skip to footer

5 დეკემბერი ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღეა

ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქარსაფარი ზოლების, თესლბრუნვის დანერგვის პრაქტიკისა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ნიადაგის დაცვისა და მისი სასარგებლო რესურსების შენარჩუნების საქმეში.

მიმდინარე წელს, ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღის თემაა „ნიადაგი, წყალი – სიცოცხლის წყარო“. აღსანიშნავია, რომ ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღე, 2013 წლიდან, მსოფლიოში გაეროს 68-ე ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღინიშნება. 

ნიადაგის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აგრარული მიმართულების საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ წარმატებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, სამეცნიერო და კვლევით სექტორში მოღვაწე მკვლევრებს ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები გადაეცათ. 

ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, საგანმანათლებლო სექტორის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის „ელკანა”, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.