40 წელზე მეტი ასაკის კლასიკურ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი შესაძლოა, შემცირდეს, – ამას გულისხმობს კანონპროექტი, რომლის ინიციატორები არიან არჩილ თალაკვაძე, ბექა დავითულიანი, გიორგი ვოლსკი, ბექა ოდიშარია და დავით კაჭარავა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაცია, ავტომუზეუმებისა და საავტომობილო კოლექციების შექმნისა და გაფართოებისათვის ხელშეწყობა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში კულტურისა და ტურიზმის განვითარებასთან.
კანონპროექტის ფარგლებში, ნორმატიულ დონეზე იარსებებს კლასიკური ავტომობილის კატეგორია, რომელზეც შემდგომ გავრცელდება განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, ის ავტომობილები, რომელთა წლოვანებაც აღემატება 14 წელს, აქციზით მაქსიმალურად იბეგრებიან. აღნიშნული რეგულირება აფერხებს, როგორც კლასიკური ავტომობილების პოპულარიზაციას, იმპორტსა და ქვეყნის საზღვრებს შიგნით შენარჩუნებას. შემოთავაზებული კანონპროექტის ფარგლებში კი, კლასიკური ავტომობილებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნორმატიული აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, აქციზის გადასახადი 1 სმ3-ზე 2.4 ლარიდან შემცირდება 1 სმ3-ზე 1,5 ლარამდე ოდენობით.
“საგადასახადო ვალდებულებების გონივრულ ფარგლებში შემცირება აუცილებელია, რადგან საკოლექციო ავტომობილების, როგორც საბაზრო ღირებულება, ისე მათი მოვლის, შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილებისა. სწორედ ამიტომ, კლასიკური ავტომობილებისათვის, მსუბუქი სატრანსპორტო საშულებებიდან ყველაზე დიდი საგადასახადო ვალდებულების დაკისრებით ფაქტობრივად ძალიან რთული ხდება ქვეყნის საზღვრებს შიგნით დამატებით მსგავსი ისტორიული ღირებულების ექსპონატების შემოტანა, რაც, თავის მხრივ, აფერხებს ახალი ავტომუზეუმებისა და საავტომობილო კოლექციების შექმნას,” – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.