ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ნედლი ნავთობის მოპოვების „ნებაყოფლობით შემცირებას“ იწყებენ., – ამის შესახებ საუდის არაბეთმა ოფიციალურად განაცხადა.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ნავთობის ბაზრის სტაბილურობის მხარდაჭერაა.
უწყების ცნობით, საუდის არაბეთი წარმოების შემცირებას დღეში 500 000 ბარელით აპირებს, ერაყი კი 211 000-ით. წარმოებას ამცირებენ ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ალჟირი და ომანი.
ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში რუსეთმაც განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების 500 000 ბარელით შეზღუდვას გააგრძელებს წლის ბოლომდე.
ამ ყველაფერს კი ნავთობის გაძვირება მოჰყვა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა აზიაში დღეს 5%-ით, ანუ $4-ით მოიმატა და $84-ს გადააჭარბა.
ნავთობის მიწოდების შემცირება დაგმო აშშ-მა. თეთრ სახლში ამტკიცებენ, რომ ეს გლობალურად ფასების ზრდას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, მსოფლიოში ნედლი ნავთობის მთლიანი მოპოვების დაახლოებით 40% Opec+-ზე მოდის. ეს ჯგუფი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC)-ს და მის მოკავშირე სხვა ქვეყნებს, მათ შორის, რუსეთს, მოიცავს.