აგროდაზღვევის პროგრამაში მევენახე ფერმერებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობა იზრდება, – ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, გასულ წელს დაახლოებით 8000 ჰექტარი ფართობის ვენახი იყო დაზღვეული, რაც მინისტრის თქმით, მაღალი მაჩვენებელი არ არის, რადგან მხოლოდ კახეთში აღრიცხულია 41000 ჰექტარზე მეტი ფართობის ვენახი. შამუგია იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება მეტ სტიმულს მისცემს ფერმერებს, რომ აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ და დააზღვიონ მოსავალი.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მევენახე ფერმერებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობა, აგროდაზღვევის პროგრამაში, თანადაფინანსების სახით, 50%-დან 70%-მდე გაიზრდება. სხვა კულტურების შემთხვევაში ეს ასეა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს თანამონაწილეობა შეადგენს 70%-ს”, – თქვა შამუგიამ.
აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და ჯამში, დაზღვეულია 65 000 ბენეფიციარის 140 000 ჰექტარი ფართობი.
შამუგიას განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურებულია 67 მილიონ ლარზე მეტი ზიანი.