Skip to content Skip to footer

ევროპის ველოსაზოგადოებას 2023 წლის ოქტომბერში თურქეთი უმასპინძლებს

EuroVelo და ველოტურიზმის კონფერენცია 2023 წლის 11-13 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ იზმირში გაიმართება, სადაც ერთად თავს მოიყრის ევროპის მთელი ველოსაზოგადოება.  

აღნიშნული კონფერენცია ორგანიზებულია ევროპის მასშტაბით და იგი 2012 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება, რაც ველოტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. EuroVelo-ს პროექტიც (ველოსიპედის მარშრუტების საქალაქთაშორისო ქსელი) დიდი ხანია ხორციელდება სხვადასხვა ქვეყანაში და  წელსაც, ამ სფეროსადმი ადამიანების მხრიდან გამოხატული მზარდი ინტერესისა და მასში მონაწილეთა რაოდენობის საგრძნობლად ზრდის გამო, იგი აუცილებლად ჩატარდება და ადგილს თურქეთში დაიკავებს. 

ღონისძიება იზმირის  მუნიციპალიტეტის, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოსა (TGA) და ევროპის ველოსიპედისტთა ფედერაციის (ECF) ეგიდით გაიმართება.

Eurovelo 8-ის მარშრუტი იწყება ესპანეთიდან, ანდალუსიის რეგიონიდან და იგი ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, იტალიისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის გავლით უკავშირდება თურქეთს, კერძოდ კი, ბერგამას, იზმირის, ალაჩათის, ჩეშმესა და სელჩუკის რაიონებს. აღსანიშნავია, რომ იზმირში  არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლი – ეფესო და ბერგამა.

EuroVelo და ველოტურიზმის კონფერენცია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრას წარმოადგენს. იგი იდეალური პლატფორმაა ველოქსელებისა და ველოტურიზმის  შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად, რჩევების მისაღებად, ერთმანეთთან კავშირების დასამყარებლად და სხვ. კონფერენცია ასევე დამსწრეებს შესთავაზებს შესაძლებლობას, თვალი ადევნონ ველოსიპედის ინდუსტრიის უახლეს ინფრასტრუქტურულ განვითარებას, გაცვალონ იდეები და სამომავლოდ გარკვეული პროექტები განახორციელონ. ღონისძიება აერთიანებს ველოტურიზმით  დაინტერესებულ ყველა მხარეს, ამ სფეროს ექსპერტებს, საერთაშორისო ველოასოციაციების წარმომადგენლებს,  ტუროპერატორებს, ასევე უნივერსიტეტებისა და აკადემიის წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა კომპანიის წევრებს და სხვ.

ველოტურიზმის 2023 წლის კონფერენციის თემა  –  “ველოსიპედი, როგორც მემკვიდრეობის ახალი პერსპექტივა”

კონფერენცია მონაწილეებს შესთავაზებს საინტერესო პროგრამას, რომელიც ველოკულტურის დამკვიდრებასა და ამ კუთხით ადამიანებში ცნობიერების ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული. პროგრამა მოიცავს დიალოგებს, ვორქშოფებს,  სოციალურ ღონისძიებებს, რაც წაახალისებს ველოტურიზმის საუკეთესო პრაქტიკას და ამ მხრივ ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას-გამოცვლას დაინტერესებულ მხარეებს შორის. ღონისძიების  მსვლელობისას მოეწყობა გარკვეული ვიზიტები და მონაწილეები გაეცნობიან EuroVelo 8-ის ზოგიერთ მარშრუტს, რა დროსაც ასევე შეძლებენ მოინახულონ იზმირის ღირსშესანიშნაობები.  

მარშრუტი, რომელიც ისტორიასა და ბუნებას ერთმანეთთან აკავშირებს

EuroVelo არის 17 საქალაქთაშორისო ველოსიპედის სამარშრუტო ქსელი, რომელიც დასრულების სხვადასხვა ეტაპზე კვეთს ევროპის ქვეყნებს. იგი ევროპის ველოსიპედისტთა ფედერაციის (ECF) მიერ მართული პროექტია, რომლის მიზანსაც ეკოლოგიური და მდგრადი ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს. EuroVelo ავითარებს ველოტურიზმს ქალაქებში, ახდენს ველოსიპედების ტრანსპორტირებას ქალაქებში და საბოლოოდ, ადამიანებში ამკვიდრებს ველოკულტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

თურქეთის ველობილიკები არ შემოიფარგლება მხოლოდ იზმირით. იგი თავისი გეოგრაფიული და ისტორიული მდებარეობით გთავაზობთ უნიკალურ პოტენციალს ველოტურიზმის განვითარებისა და გაფართოების კუთხით. საგულისხმოა, რომ არსებობს უამრავი მარშრუტი, რომელიც შექმნილია სპეციალურად იმ ვიზიტორებისთვის, რომლებსაც სურთ  ველოსიპედით  მოინახულონ და შეისწავლონ თურქეთის კულტურული ღირსშესანიშნაობები, ულამაზესი ბუნება და აქ არსებული ტურისტული ცენტრები. ამით კი, ამ ღონისძიების ყველა მონაწილე შეძლებს სარგებლობას.

ECF-სა (European cyclists federation) და EuroVelo-ს შესახებ

ევროპის ველოსიპედისტთა ფედერაცია (ECF) დაარსდა 1983 წელს ქალაქ ბრიუსელში. იგი არის თავისუფალი არაკომერციული ასოციაცია, რომელიც ევროპის მასშტაბით ახორციელებს Eurovelo-ს პროექტს და აერთიანებს ველოსიპედისტთა დიდ მოძრაობას. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით  40-ზე მეტ ქვეყანაში მისი 60-ამდე წევრი ორგანიზაცია საქმიანობს და ახორციელებს მრავალ პროექტს. EuroVelo კი არის 17 საქალაქთაშორისო ველოსიპედის სამარშრუტო ქსელი, რომელიც დასრულების სხვადასხვა ეტაპზე კვეთს ევროპის ქვეყნებს. იგი ტარდება ყოველწლიურად და ავითარებს ველოტურიზმის მიმართულებას. EuroVelo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდებს: www.EuroVelo.com  და pro.eurovelo.com. 

Leave a comment