როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის – მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რომ ეს საკითხი ისე გადაწყდეს, რომ არ მოხდეს პურზე ფასების მატება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შამუგია ხაზს უსვამს, რომ პრიორიტეტულია, პურის ფასის კლების დინამიკა შენარჩუნდეს.
„ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, ხორბლის ნაწილში ფერმერებს დავეხმაროთ და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ. ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგი გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში 60%-ით გაიზარდა ხორბლის წარმოება. მოლოდინია, რომ 2023 წლის მოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ეს იმ მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი, რომელსაც ვახორციელებთ. შარშანვე დაახლოებით 6000 ჰექტრით გაიზარდა ხორბლის სათესი ფართობი ქვეყანაში. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. მზად ვართ, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ჩვენს მწარმოებლებს, რომ მეტი მოსავალი, პროდუქტიულობა ჰქონდეთ.
იცით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებლებს ძალიან დიდი მოსავალი ჰქონდათ და ხორბლის ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შედეგად, წინა კვირას ვნახეთ, რომ პურის ფასიც შემცირდა. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.
იმ ფერმერებს, ვისაც გარკვეული რაოდენობის პროდუქცია აქვს და ჩაბარება უწევს, ვერ დავეთანხმები, რომ ვერ აბარებენ ამ პროდუქტს. როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის. ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდეს ისე, რომ არ მოხდეს პურზე ფასების მატება, ეს არის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული. პირიქით, შევინარჩუნოთ პურის ფასის კლების დინამიკა. ასევე, ფერმერებს მივცეთ შესაძლებლობა პროდუქციის რეალიზაცია განახორციელონ. ეს უნდა განხორციელდეს იმ საბაზრო ფასების პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს“, – აღნიშნავს შამუგია.
ცნობისთვის, მეხორბლე ფერმერები ამბობენ, რომ შარშანდელი დასაწყობებული მოსავალი უფუჭდებათ, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში არც ერთი წისქვილკომბინატები მუშაობს. ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლები დასაწყობებულ ხორბალს ვერ აბარებენ და უფუჭდებათ. ცალკე პრობლემაა დაბალი ფასიც. მათი თქმით, ამ ეტაპზე 60-65 თეთრადაც კი უჭირთ ხორბლის გაყიდვა. ამით კი ხარჯის ანაზღაურებაც კი ვერ ხერხდება.
“წინა წლებში ამ დროს მარცვალი გასაყიდი აღარავის ჰქონდა. ახლა ყველა რეალიზაციის პრობლემაზე ჩივის. შარშან საწვავის ფასის ზრდის გამო დახვნის ხარჯი გაგვეზარდა, შხამ-ქიმიკატები გაძვირებულია, მუშახელისთვის გათვალისწინებული ხარჯიც ძალიან არის გაზრდილი. ამ ყველაფროს ანაზღაურებას 2 ტონა მარცვალიც კი არ ჰყოფნის. ქედის ურწყავ ტერიტორიაზე კი 2 ტონაზე მეტი სულ არ მოდის,” – ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი რესპონდენტი, მეხორბლე ფერმერი დედოფლისწყაროდან, პაატა ზვიადაური.
დასაწყობებულ ქერსა და ხორბალს ტილი უჩნდება. მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის რეალიზაციის პრობლემა 30-40 ათას ტონა ხორბალს აქვს.
ცნობისთვის, იმის გამო, რომ რუსულ ხორბალზე მაღალი მოსაკრებელია, ხოლო ფქვილი ამ ტიპის გადასახადისგან საერთოდ თავისუფალია, რუსული ფქვილი, ფაქტობრივად, უკონკურენტო გახდა და იმპორტიორებს ურჩევნიათ შემოიტანონ პირდაპირ ფქვილი. შედეგად: ხორბლის იმპორტი თითქმის განულდა, წისქვილკომბინატები გაჩერდა, ფერმერი კოტრების პირასაა, რადგან ქართულო ხორბლის, (რომელსაც რაღაც პროცენტულობით ურევდნენ წისქვილები ფქვილის დასამზადებლად) ჩაბარებაც შეჩერებულია. მალე უნდა დაიწყოს ახალი სეზონის ხვნა-თესვის სამუშაოები და იქამდე, ფერმერები თუ არ გაყიდიან დარჩენილ მოსავალს, ვერ შეძლებენ ფულადი რესურსის მობილიზებას და ვერ დათესავენ მოსავალს მომავალი წლისთვის, ვერ დაფარავენ კრედიტებს, რომელიც მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს.
მეხორბლეების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციებს მთავრობასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატი გამართავს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს, ფერმერთა სათათბიროს ინიციატივით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ოთარ დანელიასა და მარცვლეული კულტურების სექტორის წარმომადგენელ ასოციაციებს შორის, დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელიც ხორბლის იმპორტის შემცირების შედეგად გამოწვეულ საკითხებს ეხებოდა. შეხვედრაზე ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციებმა სამ პუნქტიანი შეთავაზება წარადგინეს,რომელიც მათივე განცხადებით, მისაღები იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი სექტორის და დარგში მომუშავე ფერმერებისთვის.
შეგახსენებთ, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას პურის ფასის შენარჩუნების გარანტია შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, დაწესდეს დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს გაათანაბრებს. მეტ დეტალს გაეცანით აქ ?