გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) პროგნოზირებს, რომ წელს სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები ახალ რეკორდს მიაღწევს, თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით, ზრდას წელს ბევრად უფრო ნელი ტემპი ექნება. ამის შესახებ FAO-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის ნათქვამი.
ორგანიზაციის პროგნოზით, წელს სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები 1,98 ტრლნ დოლარამდე გაიზრდება, რაც, 2022 წელთან შედარებით, 1,5%-ით მეტია. 2022 წელს ხარჯი 11%-ით, ხოლო 2021 წელს 18%-ით გაიზარდა.
ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ზრდა მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ხარჯზე ხდება და პროგნოზირებს, რომ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში სურსათის იმპორტის შემცირდება, რაც, მათივე შეფასებით, შემაშფოთებელია. იმპორტის კლების მიზეზად ორგანიზაცია მსოფლიო ფასების ზრდის შედეგად მოთხოვნის შემცირებას ასახელებს, რასაც ხილზე, ბოსტნეულზე, შაქარსა და რძის პროდუქტებზე კოტირების ზრდა იწვევს. ასეთი გავლენა ყველაზე მეტად ეკონომიკურად დაუცველ ქვეყნებზე აისახება. მაშინ, როცა მოწინავე ეკონომიკების ქვეყნებში სურსათის იმპორტის ზრდა გრძელდება, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ჯგუფის იმპორტის ხარჯები წელს 1,5%-ით შემცირდება.
მთელ რიგ ძირითად საკვებ პროდუქტზე გლობალური ფასების შემცირებას შიდა საცალო ვაჭრობის დონეზე ფასთა სრული კლება არ გამოუწვევია, რის საფუძველზეც ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ წელს, შესაძლოა, ცხოვრების გაძვირების (ინფლაცია) ზრდა შენარჩუნდეს.
FAO-ს ანგარიშში მითითებულია წარმოების სავარაუდო ზრდა უმეტეს კატეგორიაში: ბრინჯი, ფურაჟული მარცვლეული, ზეთოვანი კულტურები, რძე, შაქარი, ხორცი, თევზი და თევზის პროდუქტები, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხორბლის გლობალური წარმოება, გასული სეზონის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, შესაძლოა, შემცირდეს.
„სოფლის მეურნეობის გლობალური ინდუსტრია დაუცველია ისეთი შოკების მიმართ, როგორიც არის ამინდის ექსტრემალური მოვლენები, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ცვლილებები პოლიტიკასა და სხვა სასაქონლო ბაზრებზე, რამაც შესაძლოა, დაარღვიოს მიწოდებისა და მოთხოვნის დელიკატური ბალანსი, ასევე, გავლენა მოახდინოს ფასებსა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე,“ – წერს FAO.