სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, The USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერითა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ნიუ-იორკში, საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიურ გამოფენაზე Summer Fancy Food Show 2023, პირველად საკუთარი პროდუქცია 16-მა ქართულმა კომპანიამ წარადგინა.
ამის შესახებ “აგრო სიახლეებს” სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.
ქართულმა კომპანიებმა გამოფენის დამთვალიერებლებს ოცამდე დასახელების ავთენტური ქართული პროდუქტი გააცნეს, როგორიცაა: თაფლი, თხილი, ჩირეული, საწებლები, წვენები, სუნელები და სხვა.
Summer Fancy Food Show 2023-ზე საქართველოს პავილიონით, გამოფენის ასობით სტუმარი დაინტერესდა.
ღონისძიების ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო შემსყიდველებთან ჯამურად 200-მდე B2B შეხვედრა გამართეს.
„ამერიკის საექსპორტო ბაზარი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით, 20-მდე ქართულ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტი ამერიკული ბაზრისთვის გაეცნო“, – ამბობს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.
სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, გამოფენა დაათვალიერა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანმა.