სიმსივნის მკურნალობა და მისი პროფფილაქტიკური ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, თუმცა სერგო ჩიხლაძე ამტკიცებს, რომ ონკოლოგიის პრევენციული პროგრამაც სათანადოდ ვერ მუშაობს, რასაც დაბალი მიმართვიანობა ადასტურებს.
სკრინინგის პროგრამის ნაკლოვანებები გამოჩნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვებულ დასკვნაშიც, რომელიც 2018-2021 წლებს მოიცავს და რომლის მიხედვითაც, საქართველოში, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ ჩამოუვარდება რეკომენდებულს და არცერთი კიბოს სახეობისთვის არ აღემატება 13%-ს. არადა, დადასტურებულია, რომ სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (60%-70%). ჯანმოს კვლევებით დადასტურებულია, რომ სწორედ სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი ზრდის კიბოს ადრეულ გამოვლენას და ამცირებს მკურნალობის ხარჯებს.
პროგრამის 15-წლიანი ოპერირების მიუხედავად, მოსახლეობის არასაკმარისი ცნობიერება კვლავ რჩება მოცვის დაბალი მაჩვენებლის ძირეულ მიზეზად.
სახელმწიფო აუდიტი განმარტავს, რომ არსებულ გამოწვევებზე საპასუხო ღონისძიებები ხორციელდება, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები არ არის სისტემური, რეგულარული, კომპლექსური და სათანადოდ კოორდინირებული.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამები დედაქალაქში − 2008 წლიდან, ხოლო რეგიონებში 2011 წლიდან ხორციელდება და მოიცავს საშვილოსნოს ყელის, ძუძუსა და კოლორექტული კიბოს სკრინინგს, თუმცა, აუდიტორების მიერ რეგიონულ დონეზე ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სამიზნე მოსახლეობის უმრავლესობას სწორად არ ესმის სკრინინგის დანიშნულება და არსი, რადგან სკრინინგის არჩატარების მიზეზად უმეტესობამ ჩივილების არქონა დაასახელა (დაახლოებით 60%), ხოლო გამოკითხულთა დაახლოებით 50%-მა აღნიშნა, რომ არ ფლობდა ზოგად ინფორმაციას სკრინიგზე.
შეგახსენებთ, საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით უკმაყოფილო განსაკუთრებით ონკოპაციენტებია. რატომ არ ენდოაბიან ქართველი პაციენტები ადგილობრივ სამედიცინო სისტემას, წაიკითხეთ აქ ?
საქართველოში ბუნებრივი მატების უარყოფითი ტენდენცია გრძელდება. ზრდასრულ ასაკში გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები ჭარბობს. როგორ მუშაობს სკრინინგ პროგრამა და რამდენად გამართული და თანაბრადხელმისაწვდომია სამედიცინო სერვისები რეგიონებში, სოფლად? ენდობიან თუ არა პაციენტები ქართულ მედიცინას? დეტალები გაიგეთ აქ ?