გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნო კოოპერატივებს, რომლებსაც ჯამში მინიმუმ 10 ჰექტარზე გაშენებული კენკროვანი ბაღები აქვთ, სახელმწიფო დააფინანსებს. პროგრამა 1 კოოპერატივზე 70%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს, რომლის რაოდენობა 250 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
„ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იმისთვის, რომ შედარებით მცირე და საშუალო ფერმერები კოოპერატივში გაერთიანდნენ. საკმაოდ მაღალი დაფინანსებით მათ მიეცემათ შესაძლებლობა ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების მაცივრები, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტის შემდგომ რეალიზაციას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ და დასძინა, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, ქვეყანაში 2,500 ჰექტარზე გაშენდა მოცვი და სხვა კენკროვანი კულტურები, საიდანაც შემდგომ წლებში 20-25 ათასი ტონა მოსავალია მოსალოდნელი.
„წელს ჩვენ გვქონდა მოცვის ექსპორტის 100%-იანი ზრდა – დაახლოებით 18 მილიონი დოლარის ღირებულების 3 000 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა. ამ ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდგომ ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი მოსავალი და ეს, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოში ჩვენი ფერმერებისთვის გახდება ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
შეგახსენებთ, კენკრის მწარმოებელთა პრობლემებზე ჩვენ დეტალურად მოგიყევით და გითხარით, რომ სექტორში ერთ-ერთი გამოწვევად სწორედ სამაცივრე მეურნეობებისა და კოოპერატივების ნაკლებობა სახელდებოდა.
„თიბისი კაპიტალის“ კენკროვანი კულტურების სექტორის ბოლო მიმოხილვით, საქართველოში ჟოლოს ბაღების 40 და მაყვლის ბაღების 50%-ზე მეტი გაიჩეხა.
კენკრის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ კენკრის ბაღების ზარალიანობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათგან უმთავრესი დარგში არსებული ცოდნის და გამოცდილების სიმწირეა, რაც, ბიზნესგაერთიანების განმარტებით, გახდა იმის მიზეზი, რომ ფერმერებმა არასწორი გათვლები გააკეთეს. არასწორმა მოლოდინებმა გასაყიდ ფასზე და მოვლის ხარჯებზე, ასევე არასწორად შერჩეულმა ჯიშებმა და წარმოების პროცესში არსებულმა სხვა გამოწვევებმა ფერმერების წარუმატებლობა გამოიწვია. კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი ელისო ღვინიანიძე აბობს, რომ სახელმწიფოსა და დონორების ორგანიზებულ ტრენინგზე ფერმერებს არასწორი მოლოდინები გაუჩინეს და ბევრად უფრო მარტივად დაანახეს კენკრის მოყვანა-რეალიზაციის პროცესი, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ფერმერებმაც ბიზნესი ისე დაიწყეს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმ სირთულეებზე, რაც ამ კულტურის წარმოებას თან ახლავს. გაიცა დაპირებებიც რომლებიც არ შესრულდა.
დეტალები ნახეთ აქ ?