2023 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.88 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ხაჭაპურის გაზრდილი ინდექსი იუწყება, რომელსაც 2011 წლიდან ISET-ი ითვლის. საქმე ისაა, რომ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში (ISET-ი) იმერული ხაჭაპურის, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვების, მომზადების ღირებულებას, საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, აჯამებს და მას “ხაჭაპურის ინდექსის” სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.
2023 წლის ივნისიდან ხაჭაპურის ინდექსში ზრდის ტენდენცია შეინიშნება: ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ფასი 4.7%-ით გაიზარდა.
„ცვლილება, მეტწილად, გასული სამი თვის (2023 წლის ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში ყველის ფასის 10.6%-იანი ზრდით აიხსნება. ტრადიციულად, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, რძის პროდუქტების ფასები იზრდება, რადგან საჭირო ხდება ცხოველებისთვის საკვები დანამატების მიწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ფასებისა და ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა შეინიშნება, წლიურ ჭრილში ხაჭაპურის საშუალო ფასი 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 8.3%-ით დაბალია. ფასების დინამიკის უფრო დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ 2022 წლის სექტემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ყველისა (-13.8%) და ფქვილის (-4.6%) ფასები. აღსანიშნავია, რომ გასული ზაფხულის გვალვამ საქართველოში ყველი და რძის პროდუქტები მნიშვნელოვნად გააძვირა, 2023 წლის იმავე პერიოდში კი შედარებით ხელსაყრელმა ამინდის პირობებმა ფასების სტაბილიზაციას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ხორბლის ფასმა 2022 წლის პიკთან შედარებით კლება აჩვენა. ხაჭაპურის ინდექსის ორი ძირითადი ინგრედიენტის ფასის შემცირებასთან ერთად, ყველა სხვა ინგრედიენტის ფასი წლიურ ჭრილში გაიზარდა: რძე (+3.8%), საფუარი (+10.9%). კარაქი (+9.9%), კვერცხი (+4.1%),” – აღნიშნულია „აისეტის“ ინფორმაციაში.
მათივე დაანგარიშებით, ამჟამად ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი ბათუმშია. ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება აქ 6.26 ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. ამავდროულად, თბილისში ერთი ხაჭაპურის მომზადება 5.66 ლარი ღირს, რაც დედაქალაქს ყველაზე ხელმისაწვდომ ლოკაციად აქცევს. ყველაზე ძვირ (ბათუმი) და ყველაზე იაფ (თბილისი) ქალაქებს შორის ღირებულებაში 0.6 ლარის სხვაობა ტურისტული სეზონით აიხსნება, რადგან ბათუმთან შედარებით თბილისი ტურისტებისთვის სექტემბრის პირველ ნახევარში ნაკლებად მიმზიდველია.
ინფორმაციისთვის, ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარული, იმერული, მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურის მირთმევისას, ფაქტობრივად, საქართველოს კულტურულ მემკვიდროებას ვაგემოვნებთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.
შეგახსენებთ, ხაჭაპურის ინდექსის მსგავსად, იტალიაში ითვლიან პიცის ინდექსს. პიცისა და ხაჭაპურის “ნათესაობაზე” BBC ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა.
ცნობისთვის, ხაჭაპურის და პიცის ინდექსები ბიგ მაკის ინდექსის ინსპირაციაა. ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა. ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც – ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს.
The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს.