მთავრობამ ფქვილზე და ქერზე საიმპორტო საფასური გაზარდა, ქატოზე კი, ახალი საფასური დააწესა, 100 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
განმარტებები მედიასთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გააკეთა:
,,მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ძალიან არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების და ლოჯისტიკის კუთხით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 250 ლარამდე გავზარდოთ ფქვილის იმპორტის საფასური. გარდა ამისა, სამწუხაროდ წლევანდელმა წელმა სტიქიის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შედარებით მეტია საფურაჟე ხორბალი . შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა გარკვეული მექანიზმების შემუშავება და დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქერზე ასევე დაწესდება ქერზე 100 ლარი დამატებითი იმპორტის საფასური და ასევე ქატოზე, რომელიც ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია. ქატოს შემთხვევაშიც 100 ლარით განისაზღვრება. რომელიც ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს, ხორბლის რეალიზაციაში, იმ ფასად რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვლილის შეტანა, რაც აქამდეც მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა” – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ.
ახალი რეგულაცია 2024 წლის 1 მარტამდე იმოქმედებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილებები პურის ფასზე არ იმოქმედებს და პური არ გაძვირდება.
„ფქვილის იმპორტი საფასურის ზრდა არანაირად არ იმოქმედებს პურის ფასზე და პურის გაძვირების არანაირი რისკი არ არსებობს. შესაბამისად, ეს კომპლექსური გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას“, – განაცხადა ნასარიძემ.
შეგახსენებთ, 2023 წლის 12 ივნისს საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა, რომელიც ძალაში 5 თვის განმავლობაში, ანუ 2023 წლის ნოემბრამდე, უნდა ყოფილიყო.
ცნობისთვის, მეხორბლეების დახმარების გეგმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა დააანონსა და იქვე შეაჯამა ის ღონისძიებები, რაც მთავრობამ სწორედ მეხორბლეებისთვის ჩაატარა:
“გადავდგით კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები, 4000-მდე ფერმერს ჩვენ დავეხმარეთ შეღავათიანი აგროკრედიტით. დავუფინანსეთ საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, მარცვლოვანი კულტურების წარმოება გაეზარდათ. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო დამატებით საფასური, რამაც კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენა წისქვილკომბინატები საქართველოში. ამის შემდეგ მათ განახორციელეს ქართული ხორბლის შესყიდვა და პურის მწარმოებლებისთვის ისეთი პირობებით მიწოდება, რომ პური არ გაძვირდა. ფქვილის საფასურის დაწევის შემდეგ 35 000 ტონა ხორბალი მიიღეს ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა. ასევე, დროებითი ღონისძიებები განხორციელდა ღერღილი ხორბლის იმპორტის მიმართულებით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზე შევთანხმდით. ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დამატებით განმარტებას გააკეთებს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ფერმერს, ასე, რომ მათ საფიქრალი და სანერვიულო არ ექნებათ“, – განაცხადა პრემიერმა.