პარლამენტში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა შეიტანა საკანონმდებლო წინადადება, რომელშიც მოთხოვნილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უსისტემო ცვლილების შეზღუდვა. წინადადების ავტორები ამტკიცებენ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არის ხარვეზი, რომლის შედეგადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქე/საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, რომლებიც უცვლიან დანიშნულებას არასასოფლოდ და ყიდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
საკანონმდებლო წინადადების ავტორია მოქალაქეთა საინიციატო ჯგუფი. მათი მტკიცებით, 2022 წელს ორგანიზაციამ „ერი და სახელმწიფო“ იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია 2018 წლიდან მოყოლებული რამდენი ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას შეეცვალა დანიშნულება. წინადადების ავტორთა ცნობით, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლიდან 2022 წლის ნოემბრამდე პერიოდში 4 683 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეეცვალა სტატუსი და გადავიდა არასასოფლო კატეგორიაში.
„აღნიშნული პრობლემის მოგვარება პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით ორგანიზაციამ „ერი და სახელმწიფო“ ორჯერ სცადა 2018 და 2022 წლებში. ორივე შემთხვევაში აგრარულ კომიტეტში გამართულ შეხვედრებზე, კომიტეტის მხრიდან მოხდა პრობლემის აღიარება და დაპირება რომ საკითხი გამოსწორდებოდა საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თუმცა, ამ დრომდე კანონში ცვლილებები არ განხორციელებულა,“-განმარტავენ საკანონმდებლო წინადადების ავტორები.
შეგახსენებთ, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრების უფლების მოპოვებაზე მორატორიუმია გამოცხადებული 2017 წლის 23 ივნისიდან. 2017 წლის სექტემბერში კი კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. 2018 წლის 7 დეკემბერს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე 9 დღით ადრე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ეს მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა, 17 დეკემბრიდან ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდა და უცხოელთათვის მიწის მიყიდვა საერთოდ იკრძალება.
“აგრო სიახლეები” ამ თემაზე, როგორც საფრთხეზე, ჯერ კიდევ მარტში საუბრობდა. აგრარული დარგის სპეციალისტების უმრავლესობა მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით საფრთხეებზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენით რუსები დაინტერესდნენ. მაშინვე ითქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ზომების გატარებაა აუცილებელი.
მეტი დეტალი ნახეთ, მოისმინეთ და წაიკითხეთ აქ ?