„აისეტის“ 2022 წლის კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ სურსათის ბიზნესოპერატორები და მსხვილი საცალო მოვაჭრეები საკვებად ვარგისი სურსათის დიდ რაოდენობას ყრიან, რაც ძირითადად, დაფასოებას, ხარისხის პრობლემებს, ვარგისიანობის ვადას, ჭარბ მიწოდებასა და სამომხმარებლო ჩვევებს უკავშირდება. შედეგად, სურსათის ბიზნესოპერატორებს სერიოზული ეკონომიკური დანაკარგები აქვთ. მეორე მხრივ, ბინძურდება გარემოც.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში ნაგავსაყრელზე 600 000 ტონა სურსათის ნარჩენი მოხვდა, რაც კანონმდებლების შეფასებით, საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელია მაშინ, როცა ბევრ ადამიანს სასიცოცხლოდ ესაჭიროება უსაფრთხო და უვნებელ სურსათზე წვდომა.
საშუალოსტატისტიკური ევროპელი, ევროსტატის მონაცემებით, ყოველწლიურად 131 კილოგრამ საკვებს ყრის. 2023 წლის თებერვალში პარლამენტში სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების, ასევე, სურსათის შემოწირულობის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტი სავაჭრო ობიექტებს შესაძლებლობას აძლევს სურსათის ბანკს, იგივე საქველმოქმედო ორგანიზაციას, გადასცენ ჭარბი სურსათი, რომლის რეალიზაცია აღარ ხდება, თუმცა, ადამიანის მოხმარებისთვის ვარგისი და უსაფრთხოა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ძირითადი სამიზნე სასურსათო მაღაზიებია, დაბალი რისკის მშრალი პროდუქციის სურსათის ბანკისთვის გადაცემა კვების ობიექტებსა და რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ.
როგორ ხვდება ამ სიახლეს სარესტორნო ბიზნესი და საზოგადოება – „აგროგარემომ“ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე და მოსახლეობა გამოკითხა.