რატომ არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ანტიეროვნული, ანტიქართული და საზიანო ჩვენი ქვეყისთვის, განსაკუთრებით, რეგიონებისა და სოფლებისთვის? რა შანსს ართმევს და როგორ აზარალებს ეს კანონი კონკრეტულად სოფლებსა და რეგიონებს? – ამ საკითხებზე “აგრო სიახლეებში” საუბრობს დავით ლოსაბერიძე, – „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის (კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის) წარმომადგენელი.
და ბოლოს, არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ, კანონპროექტის გამართლების მიზნით, სახელისუფლებო ძალა მუდმვად აპელირებს ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობით, არადა, გამჭვირვალობასთან საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს და ეს უკვე მოქმედი კანონმდებლობითაც გარანტირებულია. ამაში რომ დაგარწმუნოთ, ახლა მოგიყვებით, ფინანსური გამჭვირვალობის რა ვალდებულებები აქვთ დღეს მოქმედი კანონით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედიის, არასამთავრობო სექტორის და ყველა იმ პირის თუ ორგანიზაციის, ვინც უცხოური ორგანიზაციების გრანტიორია, ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას ისედაც ითვალისწინებს. კონკრეტულად, ამ საკითხს არეგულირებს ” საგადასახადო კოდექსი”, “გრანტების შესახებ” კანონი, “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონი და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები, სადაც გაწერილია, გრანტიორებს, რა ვალდებულებები აკისრიათ.
არსებობს ე.წ. საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა რეესტრი, რომელიც დღგ-სგან ათავისუფლებს გარკვეულ პირებს და მათ შორის ხვდებიან გრანტის მიმღებებიც. ფულის გამცემებსაც და მიმღებებსაც ევალებათ, რომ წარადგინონ ხელშეკრულების სრული ასლი და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება გრანტის გამცემი და მიმღებიორგანიზაციების დასახელება, გრანტის დასახელება და რაოდენობა, ასევე გრანტის დაწყების და დასრულების თარიღები.
თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ დონორი სარგებლობს შეღავათით და ეს ძირითადად ეხება დღგ-ს, მაშინ ის აწვდის შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციას. არის მეორე შემთხვევაც, როდესაც თავად გრანტიორი თუ შეიძენს რაღაც პროდუქტს და მომსახურებას, განცხადება შეაქვს შემოსავლების სამსახურში, წარადგენს ხელშეკრულებას და ითხოვს დღგ-ს დაბრუნებას.
ნებისმიერი ორგანიზაცია წარადგენს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა სიას, ვინ არის შრომითი და ვინ მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული, რამდენია საშემოსავლო გადასახადი და რამდენია ზოგადად ამ კომპანიის შემოსავალი. ორგანიზაცია ყოველი თვის 15 რიცხვში წარადგენს წინა თვის ანგარიშს.
ნებისმიერ სხვა გადასახადზე თეორიულად შეიძლება გაუჩნდეს შემოსავალ-გასავლის დეკლარირების ვალდებულება და ამ შემთხვევაშიც არის ვალდებული კანონით დადგენილი წესით იმოქმედოს.
რაც მთავარია, ეს არის სახელმწიფოსთან ანგარიშგების ვალდებულება, რაც, ცხადია, ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ეს ინფორმაცია, რაც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია. ამისთვის საჭიროა იცოდეს ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მარტივად იძებნება რეესტრის ვებგვერდზე, ან გრანტის დასახელება, რაც ასევე აქვს გამოქვეყნებული თავის ვებგვერდზე ყველა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას.
არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ ვებგვერდებზე აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს გრანტის გამცემი ორგანიზაციის სახელს, გრანტის დასახელებას და მოზნობრიობას და თანხის მოცულობას, მისი დაწყება-დასრულების თარიღებთან ერთად.
რაც შეეხება, მედიასაშუალებებს, მათ აქვთ ვალდებულება, რომ ფინანსური გამჭვირვალობისთვის ყოველთვიურად მიაწოდონ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დეტალური ინფორმაცია შემოსავლების და ხარჯების შესახებ, რაც ასევე ქვეყნდება კომუნიკაციების კომისიების ვებგვერდზე.
ასე რომ ფინანსური გამჭვირვალობა ისედაც სახეზეა, ამიტომაც ჩნდება საზოგადოებაში განცდა, რომ ამ მიზეზით, კიდევ ერთი კანონის შემოღება, პლუს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია, არასამთავრობო სექტორის და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇