ჭიათურის სოფელ ითხვისში, ანთროპოგენური პროცესის შედეგად დაზარალებულ 7 ოჯახს მთავრობამ 210 000 ლარი გამოუყო, თითოეულ ოჯახს 30 000 ლარი, – ამის შესახებ პრემიერის განკარგულებიდან ხდება ცნობილი. თანხის გაცემა და ოჯახების დაკმაყოფილება ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა.
დოკუმენტით ისიც ცნობილი ხდება, რომ კომპენსაციის მიღების შემდეგ, მოქალაქეები თანხმდებიან რომ აღარ მოითხოვენ სახელმწიფოსგან დამატებით დახმარება/კომპენსაციას და სრულად კარგავენ უფლებას საკომპენსაციო ქონებაზე.
შეგახსენებთ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მიწა 2022 წელს ჩაიქცა და საცხოვრებელი სახლები ჩაიყოლა. ამ სტიქიის მიზეზების დამდგენმა კომისიამ მალევე (2022 წლის დეკემბერში) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც გაკეთებულ დასკვნას ითხვისელები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ეთანხმებოდნენ. ისინი ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ ნგრევა ანთროპოგენურ პროცესს არ გამოუწვევია და პრობლემა “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გატარებული სამუშაოებია.
“აგრო სიახლეები” ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებას მთელი დღეა ამაოდ ცდილობს. მერი გივი მოდებაძე, როგორც ჩანს უცხო ნომრებს არ პასუხობს, რადგან რამდენიმე ნომრრით ვცადეთ მასთან კონტქატი. მუნიციპალიტეტის საქალაქო ნომერზე კი დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.
გვაინტერესებდა, რამდენი ადამიანი ითხოვდა საცხოვრისს, ან რომელ კვლევაზე დაყრდნობით გადაწყდა დაზარალებულებისთვის 30 000 ლარი გადახდა, როცა უძრავი ქონების ფასები შეუქცევადად მზარდია.
აქვე შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას, ერთი წლის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის წუხდა, რომ “ერთ დღეში ჭიათურის რეალობას ვერ შეცვლიდა”, თუმცა, ოთარ შამუგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს 2022 წლის თებერვლიდან იკავებს, ხოლო ქართული ოცნება ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა.
ჭიათურაში რომ უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა, ეს ახალი ამბავი სულაც არ არის. 2016 წლიდან „ჭიათურ მანგანუმს“ სამინისტროს წარდგენით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს, თუმცა, ვითარება არ უმჯობესდება.
ზოდელები მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას დიდი ხანია მოითხოვენ. ისინი ამტკიცებენ, რომ სოფელ ზოდში წარმოებული მოპოვებითი სამუშაოების გამო ნაპრალები გაუჩნდა მიწას, დაჩქარდა მეწყრული პროცესები, დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი გარემო, მათ შორის: გზა, საცხოვრებელი სახლები და ა.შ. მოპოვების ადგილები მიტოვებულია და საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე პირუტყვსა და ბუნებრივ გარემოს. ჭიათურის სხვა სოფლებში ამის გამო ადამიანებიც კი დაიღუპნენ.
ჭიათურის “ეკოლოგიური გასაჭირის” დეტალები, ზოდის მაგალითზე, ნახეთ “აგრო სიახლეების” ერთი წლის წინანდელ გადაცემაში
ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ ზოდის გადარჩენისთვის წამოწყებული მოქალაქთა გაერთიანების, მოძრაობის, ორგანიზატორებს ნიკო გაფრინდაშვილსა და კოტე აბდუშელიშვილს თავს დაესხნენ ივნისში.
ჭიათურაში, სოფელ ზოდში ადგილობრივები სოფელში მანგანუმის მოპოვების დაწყებას ეწინააღმდეგებიან. მოსახლეობა, უკვე ორი წელია, ცდილობს საკუთარი ხმა გააგონოს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე სახელმწიფო უწყებებისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს
30 ივნისს ზოდში ადგილობრივების და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა მანგანუმის მოპოვების დაწყების გასაპროტესტებლად. ადგილობრივების თქმით, სოფელი ახალგაზრდებისგან დაცლილია, არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, მოუწესრიგებელია შიდა გზები, სოფელს მიეწოდება ტექნიკური წყალი, უკვე 2 წელია არ ფუნქციონირებს სკოლა და მისი დასრულება 2026 წლამდე არც არის დაგეგმილი. ამ სირთულეების პარალელურად, ახლა სოფელს მოპოვებითი სამუშაოებიც ემუქრება, რაც პრიმიტიული მეთოდით, მიწისქვეშა გათხრებით მანგანუმის გამოტანას გულისხმობს. ეს კი საფრთხეს უქმნის სოფელში არსებულ ნაგებობებს; ადგილობრივები ჰყვებიან შუქრუთის, ითხვისისა და ხალიფაურის სოფლების მაგალითებზე, სადაც მომპოვებელი კომპანიის შესვლას, სოფლების გადათხრა და სახლების დანგრევა მოჰყვა. დაშინების მცდლობების მუხედავად, ზოდელები ამბობენ, რომ წინააღმდეგობას გააგრძელებენ და მშობლიური სოფლის განადგურებას არ დაუშვებენ.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო, აქედან 5 738 000 ლარი ჭიათურისთვისაა გამოყოფილი.