უსაფრთოება, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება რომ ხშირად, ნებსით თუ უნებლიეთ, სამთავრობო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მიღმა რჩება, ამაზე ჩვენ არაერთხელ მოგიყევით სპეციალისტებთან ერთად, თუმცა, მთას არც სხვა ტიპის პრობლემები აკლია. რომელი ერთი ჩამოვთვალო, უგზოობა, უწყლობა, უგაზობა, უინტერნეტობა, უმეტეს ადგილებში არ არის კანალიზაცია, პრობლემაა უშუქობაც. სხვათა შორის, მთის პრობლემებს აღიარებს თავად სახელმწიფოც. ბოლო 5 წლის განმავლობაში, მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366-დან 360 ადამიანამდე – ამის შესახებ აღნიშნულია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაში”. კიდევ რა წერია, რამდენად სწორად წერია და რა არ წერია ამ დოკუმენტში, ასევე, ზოგადად, რა ხდება მთაში – ვსაუბრობ ჩემს კოლეგასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია “მთის თემის” ხელმღვანელთან, ნუგზარ სუარიძესთან.