Skip to content Skip to footer

რა ხდება ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე – შენიშვნები და პასუხები

გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავს იწონებს, რომ გაბედეს იმ პრობლემასთან შეჭიდება, რაც 30 წლის განმავლობაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა. საუბარია ლენტეხში სოფელ ცანაში არსებულ დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე, სადაც რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან დასტურდება. საქმე ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე 90-იან წლებში სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ, წარმოიქმნა დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, რომელიც ყოველგვარი კონტროლის გარეშე იყო დარჩენილი, – ამის შესახებ ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიღებულ პრესრელიზში წერია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან ამ თემაზე  ინტერვიუზე მისულებს, სოლომონ პავლიაშვილმა გვითხრა, რომ ეს ადგილი უყურადღებოდ არასდროს ყოფილა და საფრთხის მასშტაბი სულ იზომებოდა და ფასდებოდა.

სხვაგვარად გვიხსნის ვითარებას „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, რომელიც პროცესში საწყის ეტაპზე ჩართული იყო. გარემოსდამცველი გვეუბნება, რომ ცანას ეკოლოგიურ პრობლემაზე დიდი ხანია ყველამ იცოდა, თუმცა მის მოგვარებაზე მუშაობა მხოლოდ 2013 წლიდან დაიყო მას შემდეგ, რაც აქ მოსულმა უხვმა ნალექმა, წყალდიდობამ, ეს საშიში ნივთიერება წარეცხა. გარემოსდამცველი ამბობს, რომ მანამდე ეს ნარჩენები მეტ-ნაკლებად დაცული იყო. ჩხობაძე ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, მხოლოდ “ოცნებამ” შეძლო ფინანსების გამონახვა, თუმცა, პროცესი გაიწელა, ხან რელიეფური სირთულის, ხან სატენდერო პირობების შეუსრულებლობის გამო, ხანაც მოსახლეობის წინააღმდეგობის მიზეზით. კითხვები ჰქონდა მოსახლეობასაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ის, რომ ცანაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, სასიცოცხლო რისკი იყო. დარიშხანის გარემოში ღია წესით არსებობის საფრთხეს ნინო ჩხობაძე გვიხსნის.

ყალდიდობს ფაქტს გვიდასტურებს სოლომონ პავლიაშვილიც. მინისტრის მოადგილე იმასაც აღიარებს, რომ იქ გარემოს დარიშხანით დაბინძურების ფონი ყოველთვის არის, თანაც მხოლოდ ლენტეხში, არა, რაჭაშიც, სოფელ ურავშიც. არის კიდევ ერთი საყურადღებო ნიუანსი: სამინისტროს დაბინძურების დონის გაზომვა-დადგენაში სამინისტროს გერმანიის მთავრობა დაეხმარა, ანუ, “უცხო ძალა”, – სწორედ ასე მოიხსენიებს ჩვენს პარტნიორებს ახალი კანონი, “უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ ” რომ ქვია.

გარემოსდამცველების კითხვაზე, რატომ გადაიდო ცანას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, პასუხი ასეთი იყო:

პროცესის გაჭიანურებაზე სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს ცანას შემთხვევაში კი არა, როგორც ამას ჩხობაძე ამტკიცებს, არამედ, ურავთან დაკავშირებით მოხდა. სოლომონ პავლიაშვილმა მიზეზად დაასახელა ის, რომ ამას ამბროლაურის მუნიციპალუტეტი თავისი ალებით ცდილობდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა სანამ სამინისტრო არ ჩაერთო, უფრო მეტიც, დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემური მართვა და მოვლა-პატრონობა მთავრობამ დაავალა სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს.


ნინო ჩხობაძეს არ მოსწონს, რომ დარიშხანშემცველი ნარჩენების ადგილების სისტემური მართვა  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ჩაბარდა. ამბობს, რომ ეს პასუხისმგებლობა სპეციალიზებულ უწყებას უნდა ჩაებარებინა. ის ხაზგასმით გვეუბნება, რომ ქიმიურ ნარცენებზე ცალკე უწყება უნდა მუშაობდეს, თუმცა, სოლომონ პავლიაშვილი ნინო ჩხობაძის შენიშვნას არ იზიარებს.

შენიშვნების მიუხედავად, ცანაში დაგვიანებით, თუმცა შარშან დაწყებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებს მიესალმება გარემოსდამცველი ექსპერტების აბსოლუტური ურავლესობა. მინისტრის მოადგილე ამ პროექტს ისტორიულს უწოდებს და დეტალურად გვიხსნის მისი განხორციელების ტექნიკურ პროცესს და მნიშვნელობასაც.

ახლა რაც შეეხება პროექტის ფინანსურ მხარეს, ის საკმაოდ კაპიტალტევადია და 8 მილიონი ლარის ინვესტიციას საჭიროებს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და არა დონორული სახსრებით, თუმცა იქვე გვითხრა, რომ პროექტის შემუშავების ყველა ეტაპზე საერთაშორისო ექსპერტები იყო ჩართული და ისიც დაამატა, რომ საქართველოს სახიფათო ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის გამოცდილება არ აქვს, არც ექსპერტები გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ცანაში იმ ყველაფრის გაკეთება, რითაც მთავრობა თავს იწონებს, უცხოელი პარტნიორების გარეშე გაუჭირდებოდა.

2024 წელს ბიუჯეტში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოურ სახელმწიფოთა მთავრობებისგან მიღებული გრანტები, მთლიანი გრანტების თითქმის 57%-ს შეადგენს, დანარჩენი კი ცენტრალური სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გრანტებს წარმოადგენს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გრანტების მოცულობა 266 მლნ ლარით განისაზღვრა.

“აგრო სიახლეები ბელა გელაშვილთან ერთად” ცანას ეკოლოგიურ პრობლემაზე სპეც.გადაცემას შემდეგ კვირაში შემოგთავაზებთ, მანამდე გეტყვით, რომ 2019-2024 წლებში ევროკავშირმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სააგენტოებს 57 მილიონი ევროს დაფინანსსება მისცა.