Skip to content Skip to footer

წყლის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის გამო მდინარე სენაზე ტრიატლონის გამართვა გადაიდო

პარიზის ოლიმპიადის ფარგლებში კაცთა შორის შეჯიბრი ტრიატლონში ერთი დღით გადაიდო. მიზეზი მდინარე სენას წყლის ხარისხის მაჩვენებელი აღმოჩნდა –  ის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

,,წყლის ხარისხის დონის გაუმჯობესების მიუხედავად, საცურაო გზის გარკვეულ წერტილებში მაჩვენებლები მისაღებ ზღვარს აღემატება” – განაცხადეს ტრიატლონის საერთაშორისო ფედერაციაში.

მდინარე სენაში ცურვა დაბინძურების გამო საუკუნეზე მეტი აკრძალული იყო. საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტრიატლონი და მარათონი ცურვაში სწორედ სენაში გამართულიყო. ოლიმპიადის წინ ორგანიზატორებმა, დაახლოებით, 1.4 მილიარდი ევრო დახარჯეს, რათა მდინარე მოცურავეებისთვის უსაფრთხო ყოფილიყო. ბოლო დღეების წვიმიანმა ამინდმა წყლის ხარისხზე იმოქმედა. 

საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, წელს ქალაქში ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ნალექი აღინიშნა.

ამინდის მონაცემების ანალიზის მიხედვით, პარიზში წელს 1950 წლის შემდეგ წვიმიანი დღეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

„არახელსაყრელი ჰიდროლოგიური ფაქტორების გამო წყლის ხარისხი კვლავ გაუარესებულია. ამის მიზეზია წვიმა, სწრაფი დინება, მზის ნაკლებობა, სეზონურ ნორმაზე დაბალი ტემპერატურა და ზედა დინების დაბინძურება“, – განმარტეს პარიზის მერიაში თამაშებამდე ერთი თვით ადრე, როცა მდინარე სენაში დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებზე ბევრად მაღალი აღმოჩნდა.

თუმცა, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პარიზის მერმა, ან იდალგომ მდინარე სენაში გაცურა. 65 წლის მერთან ერთად სენაში გაცურეს მერიის სხვა მოხელეებმაც.

,,ეს პლანეტის კეთილდღეობისთვის გავაკეთეთ, მდინარისა და ოკეანეს კეთილდღეობისთვის. გამოგვივიდა!” – განაცხადა იდალგომ.

პარიზის მთავარი მდინარის გაწმენდის იდეამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სკეპტიკურად უდგებოდნენ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში  უსაფრთხოების საკმრისი დონის მიღწევას. კრიტიკის საგანი წმენდაზე დახარჯული თანხებიც გახდა.

კვლევის მიხედვით, სამ რეგიონში – ევროპას, აღმოსავლეთ ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ნალექის ექსტრემალური მატების ყველაზე მაღალი ნახტომი დაფიქსირდა.

წყარო: https://abcnews.go.com/Health/wireStory/olympics-bet-climate-change-swimming-seine-lose-scientists-112425194