Skip to content Skip to footer

რეხის კარაბადინი – ველური მცენარეები წალკის რაიონში

კრაზანა, ოროვანდი, ვარდკაჭაჭა, ძიძო, ღოლო, ბეგქონდარა, ასისთავა – ამ და ათეულობით მსგავს ველურ სამკურნალო მცენარეს წალკის რაიონის სოფელ რეხის მინდვრებში უამრავს ნახავთ.

რეხის მკვიდრმა, ველური სამკურნალო მცენარეების შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორმა, ციალა მაცუკატოვამ, ადგილობრივი სამკურნალო თუ საკვები მცენარეების შესახებ ბავშვობიდან, დედისა და ბებიისგან იცის. 

ქალბატონ ციალას წალკის ეპარქიის სოფელ რეხის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის სამრევლოს წინამძღვარმა, გრიგოლ გურგენიძემ დაგვაკავშირა.  მამა გრიგოლი „რეხის კარაბადინში“ ველური სამკურნალო მცენარეების თავმოყრის პროცესში აქტირადაა ჩართული.

წვიმას, ნისლსა და სიცივეს ქალბატონი ციალასთვის მცენარეების მონახულებაში ხელი არ შეუშლია. ეძებდა და მათი დანიშნულების შესახებ გვეუბნებოდა.

ველური მცენარეების მესაიდუმლემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი კრაზანას სამკურნალო თვისებებს.

ვნახეთ ხალხურ მედიცინაში მეტად პოპულარული ხვართქლაც. მას იყენებენ არაერთი დაავადების, მათ შორის, ნევროზის, კბილის ტკივილის, გასტრიტის, ხველისა და ნეფრიტის სამკურნალოდ.

სამკურნალო მცენარეების გარდა ქალბატონი ციალა საკვებად გამოსადეგ და ჩაის სახით მისაღებ, ასევე შესაღებად გამოსადეგ ბალახოვნებზეც გვესაუბრა.

აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული ველური მცენარეები, მაგალიტად, ტუხტი, საერთოდ გაქრა, ზოგი მათგანი კი, მაგალითად, ბეგქონდარა, გადაშენების პირასაა.

კლიმატური ცვლილებების გარდა, მცენარეების გაქრობა და გადაშენება მათ არასწორ კრეფასაც უკავშირდება.

ნანახი მცენარეები დაინტერესებულ პირს, მეტნაკლებად, შესაძლებელია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეხვდეს, თუმცა, წალკის რაიონის გამორჩეული კლიმატი და ნიადაგი ამ მცენარეებს მეტად ეფექტურს ხდის.