წალკის რაიონში მოსახლოების ნაწილმა მარიამობის დღესასწაული წალკის ეპარქიის უკიდურეს მხარეში, უზარმაზარ მთებში ჩაკარგულ ერთნავიან ტაძარში – ნარიანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში აღნიშნა.
ათეული წლების მანძილზე ამ, ფაქტობრივად, უგზო ადგილას მოსახლეობა მარიამობის დღესასწაულს ყოველ წელს ხვდება. თუმცა, ტაძარში საღმრთო ჟამის წირვა წელს პირველად აღევლინა.
სოფელ რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, მღვდელმა გრიგოლ გურგენიძემ გადაწყვიტა საღმრთო ჟამის ლიტურგია მარიამობის დღესასწაულზე სწორედ ამ ტაძარში აღევლინა. გამოცდილ ადგილობრივებთან თად მაღალი გამავლობის ავტომობილით მთებისკენ დავიძარით. წვიმიანი ამინდი ფერდობებზე სვლას კიდევ უფრო ართულებდა.
რამდენიმე რთული მონაკვეთის გადალახვის შემდეგ ციცქნა ტაძარს მივადექით. ტაძარი, რომელშიც სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ბარიდან ამოტანილი სამშვენისებით იქვე გამშვენდა და ლიტურგიაც აღესრულა.
მორწმუნეებს შორის საბერძნეთსა და რუსეთში მცხოვრები, სოფელ ხანდოდან 90-იან წლებში გადასახლებული ბერძნებიც იყვნენ.
წალკის რაიონში ბერძნები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოსახლდნენ. 1992 წლიდან კი ამ ტერიტორიების მასიურად დატოვება დაიწყეს. მათი უმრავლესობა რუსეთსა და საბერძნეთში გადასახლდა. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ბევრი მათგანი წელიწადში 2-3 თვეს წალკაში საკუთარ სახელში ატარებს.
ტაძრის ტერიტორიაზე, რომლის ირგვლივ არაერთი ჩანჩქერი და კანიონია, სპეციალური საცხოვრისის აგებაც იგეგმება ადგილზე მოსულ მორწმუნეს მოსვენების საშუალებაც რომ ჰქონდეს. აქვე, ყველაზე მაღალ მთაზე 33 მეტრის სიმაღლის ჯვარი აღიმართება, რომელიც ყველა კუთხიდან თვალსაჩინო იქნება.