Skip to content Skip to footer

პიროტექნიკის რეალიზაცია-გამოყენების ახალი წესები ამოქმედდება – ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს რეალური დაცვა, თუ მოჩვენებითი მზრუნველობა მიმდინარე აქციების ფონზე?

მომავალი წლიდან პიროტექნიკის რეალიზაცია-გამოყენების ახალი წესები ამოქმედდება. ოცნების არგუმენტების, რომ ამას ადამინების, ცხოველებისა და გარემოს დაცვის და ცხოველთა დაცვის გამო აკეთებენ, სპეციალისტებს არ სჯერათ. მათ კონტრარგუმენტად “აგრო სიახლეეთან” მოჰყავთ აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალითა და კანონდარღვევით გამოყენებული წიწაკიანი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, რომლის მავნებლობასთან, მათივე შეფასებით, ფოიერვერკის რისკები არაფერია.

ექსპერტულ წრეში ყურადღება მახვილდება იმაზეც, რომ მთავრობამ ადამიანების, ცხოველების და გარემოს დაცვის არგუმენტით პიროტექნიკის ლიცენზირება წელს გადაწყვიტა მაშინ, როცა იმავე არგუმენტით, პიროტექნიკის აკრძალვას წლებია საზოგადოების ნაწილი, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ითხოვდა.

სტატიაში მოგიყვებით, რა რისკია ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის და გარემოსთვის, ერთი მხრივ, ფოიერვერკები, მეორე მხრივ,  წიწაკიანი წყლის ჭავლი და ცრელმსადენი გაზი? დაგანახებთ, პიროტექნიკის წვლილს კლიმატის ცვლილებაში და გაგაცნობთ არგუმენტენს, რომელი უკეთესია: აკრძალვა თუ ლიცენზირება?

ცოტა რამ კანონზე:

საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

კანონპროექტი დააინიიცირა “ქართულმა ოცნებამ”.

რეგულაციების ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ანუ, გამოდის, რომ ახალ, 2025 წელს საქართველო კვლავ ფოიერვერკის ჭარბი გამოყენებით შეხვდება.

პიროტექნიკასთან დაკავშირებულ ყველა ტიპის ნებართვას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარით განისაზღვრება. ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში მიღება 500 ლარი, ხოლო 10 სამუშაო დღეში− 1 000 ლარი ჯდება.

კანონით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასჯადი იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. სანქციის სახით 6 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის. სანქციის შორისაა საგნის კონფისკაციაც;

პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად მისი ფლობა/გამოყენების უფლება არა აქვს, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სანქციის სახით 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც;

დასჯადი იქნება, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად, მისი შეძენის, ფლობის და გამოყენების უფლება არ ექნება. ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

რას ამბობენ “ოცნებაში”?

ახალი კანონით, პიროტექნიკისა და ნიღბების ტარება იკრძალება აქციებსა და მანიფესტაციებზე, სურთ აკრძალონ ლაზერებიც. გაჟღერდა ამ ყველაფრის არამხოლოდ აქციებსა და მანიფესტაციებზე, არამედ თავშეყრის ადგილებში გამოყენების აკრძალვაც. მიზეზად ევროკავშირის დირექტივის შესრულება, ადამიანების უსაფრთხება, ჰაერის დაბინძურება და გარემოს დაცვა, ასევე, პიროტექნიკასთან დაკავშირებით, ცხოველთა უფლებების დაცვაც კი დასახელდა.

კითხვები, რაც საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეში ჩნდება:

ოცნების ამ პათოსს არ იზიარებს ექსპერტული საზოგადოება არც ერთ ასპექტში. მათთვის მოსმენილი განმარტებები არადამაჯერებელია, უპირვეველსად,  ევროკავშირის დირექტივით აპელირება. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ დირექტივის მხოლოდ ზედაპირული ვითომ შესრულება და პარალელურად დასავლელი პარტნიორების ლანძღვა, უარგუმენტო დადანაშაულება და ანტიევროპული რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს. მათივე თქმით ევროპული დირექტივის შესრულება არგუმენტად ვერაფრისთვის გამოდგება, როცა ქვეყანას ევროპული კურსი აღარ აქვს.

ოცნების მეორე არგუმენტი ადამიანების უსაფრთხოებაა. ამბობენ, რომ პიროტექნიკა ადამინების ჯანმრთელობისთვის არის სეზიოზული საფრთხე და ამაში მათ მედიკოსებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებიც ეთანხმებიან, თუმცა, ექიმები, სწორედ ამ მიზეზებით, წლებია პიროტექნიკის სრულ აკრძალვას ითხოვდნენ და ახლა აქვთ კითხვა: რატომ გახდა მაინცდამაინც წელს ეს პრობლემა ხელისუფლებისთვის აქტუალური? რატომ არ იყო მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო წინა წლებში, როცა ათობით მოქალაქე სახიჩრდებოდა ყოველ საახალწლო პერიოდში. ნუთუ აქციაზე გამოყენებული პიროტექნიკით პოლიციელების დაშავების რისკი უფრო საყურადღებო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ხელისუფებისთვის, ვიდრე ათეულობით მოქალაქე, მეტწილად მცირეწლოვნები, რომლებიც წლების განმავლობაში დასახიჩრდნენ ახალ წელს იმ პიროტექნიკით, რომელიც მხოლოდ აქციებზე გამოყენების გამო აკრძალეს? ასე რომ პიროტექნიკის აკრძალვით, მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა სპეციალისტებისთვის არადამაჯერებელია, იმის გათვალისწინებით, რომ აქციაზე ადამიანები იწამლებიან სწორედ მათი ბრძანებით. მედიკოსები საუბრობენ იმ რისკებზე, რაც თან ახლავს იმ გაუგებარი ქიმიური ნივთიერების მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენებას, რომელსაც ძალოვანი უწყებები კანონდარღვევით იყენებენ (წიწაკის სპრეი, რომელიც წყლის ჭავლში გაურიეს, რაც კანონით დაუშვებელია. ცრლემლსადენ გაზის კაფსულების შორ პერიმეტზე ხალხმრავალ ადგილებში განგებ  სროლას, რაც ასევე კანონით დაუშვებელია). პარალელურად, იკრძალება ნიღბების ტარება აქციებსა და მანიფესტაციურ შეკრებებზე, ანუ, გამოდის, რომ მოქალაქეები სრულიად დაუცველები რჩებიან იმ გაუგებარი ნივთიერების წინაშე და არავინ ხსნის, როგორ უნდა დაიცვას მოქალაქემ თავი ამ საშიში კვამლისგან თუ მომწამვლელი წყლის ჭავლისგან. სპეციალისტებისთვის ეს არგუმენტები საკმარისზე მეტია იმაში დასარწმუინებლად, რომ ზოგადად ადამიანი და მისი ჯანმრთელობა, ადამიანების უსაფრთხოება და უფლებები დღეს ქვეყანაში უზენაესი აღარ არის და პიროტექნიკის აკრძალვის რეალური მიზეზი ძალოვნების დაცვა უფროა, ვიდრე მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამოხატულება.

ახლა გადავიდეთ გარემოს დაცვის კომპონენტზე. პიროტექნიკის ლიცენზირების აუცილებლობაზე როცა საუბრობს, “ოცნება” რომ არც გარემოზე ზრუნავს, ამას ისიც ადასტურებს, რომ გარემოსდამცველები, მედიკოსებთან ერთად,  დიდი ხანია ითხოვენ მის აკრძალვას და არა ლიცენზირებას, მაგრამ წლებია ამ მოთხოვნას ყურს არავინ თხოვნის.

„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, სხვა გარემოსდამცველებთან ერთად, არაერთი წერილითა თუ პეტიციით,  საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, წლების განმავლობაში ითხოვდა მის აკრძალვას. მთავრობის ინიციატივის შეფასებისას ჩხობაძე დარწმუნებულია, რომ პიროტექნიკის ლიცენზირება პრობლემას კი არ მოაგვარებს, უფრო გაამწვავებს, რადგან კორუფციული რისკები იზრდება.

ნინო ჩხობაძის აზრით, თუ ადამიამნებსა და გარემოზე ზრუნვა მართლა სურთ, პიროტექნიკის აკრძალვის პარალელურად, უნდა აიკრძალოს იმ გაზის გამოყენებაც, რომელსაც ძალოვანი დანაყოფები იყენებენ აქციების დასაშლლელად. გარემოსდამცველი ხაზს უსვამს, რომ თუ სხვა ქვეყანაში დაშვებულია ცრემლსადენი გაზის გამოყენება, იციან კონკრეტულად რომელ ნივთიერებასთან აქვთ საქმე, ჩვენთან კი უცნობია, რომელ ქიმიურ ნივთიერებას აფრქვევენ შესაბამისი ჯგუფები, არადა, ეს წესით საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს.

პიროტექნიკის წილი კლიმატის ცვლილებაში:

ფეოიერვერკების გამოყენების შედეგად ატმოსფეროში მნიშვნელოვნად იზრდება მყარი ნაწილაკების (PM) კონცენტრაცია და ეს შესამჩნევია მისი გამოყენებიდან, აფეთქებიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი. მართალია, ის ჰაერში გაფრქვევის შემდეგ მთელ გარემოს აბინძურებს, თუმცა, კლიმატის ცვლილების ექსპერტი, მაია ბლიაძე, გვეუბნება, რომ კლიმატის ცვლილებაში მისი წვლილი არც ისე მაღალია, განსხვავებით, იმ გაზისგან, რასაც საპოლიციო ძალები იყენებენ აქციების წინააღმდეგ.

გარემოსდაცვაზე საუბრისას “ოცნებამ” ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ პიროტექნიკა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ გარემოში ჩვენთან ერთად მობინადრე სხვა ცოცხალ არსებებსაც, ფრინველებსაც და ცხოველებსაც. მართალიცაა, ცხოველების თუ  ფრინველების ნაწილი ფოიერვერკების შედეგად იღუპება და ასე იყო მთელი იმ წლების განმავლობნაშიც, როცა მისი აკრძალვის მოთხოვნას თავადვე უგულებელყოფდნენ. ასე რომ, ჯანდაცვის სპეციალისტებთან და მედიკოსებთან ერთად, არც  გარემოსდამცველებს და არც ცხოველთა უფლებადამცველებს სჯერათ “ოცნების”  მზრუნველობის დამდვილობა და გულწრფელობა. ორგანიზაცია Animal Project-ის თანადამფუძნებელი, ნათია ჩიქოვანი, რომელიც წლებია უპატრონო ცხოველებს ეხმარება, ადასტურებს, რომ პიროტექნიკის გამოყენებით ცხოველები ისტრესებიან, ზოგი მათგანი, ფიოერვერკების აფეთქებისას, გულის შეტევითაც კი კვდება. განსაკუთრებით უჭირთ ამ დროს გარეთ მყოფ ცხოველებს, ასევე ზოოპარკის ბინადრებს, ასევე ფრინველებსაც. ჩიქოვანი აღიარებს, რომ პიროტექნიკის ძლიერი ხმა, კვამლი და ნაპერწკალი მათთვის მართლაც დიდი რისკია, თუმცა, ამბობს, რომ პიროტექნიკის აკრძალვის გარეშე, მხოლოდ ლიცენზირებით, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ფრინველს და ცხოველს ერთნაირად სტრესავს, ან კლავს, ლიცენზირებული და ულიცენზიო საახალწლო ფიოერვერკი. 

გარდა ამისა, ნათია ჩიქოვანს უკვირს რატომ გაახსენდა მოულოდნელად ცხოველები “ოცნებას” ახლა, როცა 12 წლის განმავლობაში არ, ან ვერ, მოაგვარა საქართველოს მოსახელობისთვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემიდან ერთ-ერთი, ძაღლებისა და კატების ჰიპერპოპულაცია და მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე, რაც გაუმართავი კანონდებლობისა და უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალი და კორუფციული აღმასრულებელი სტრუქტურების დამსახურებაა. ამ ფონზე ფოიერვერკების აკრძალვა ცხოველთა უფლებების ვითომდა დაცვის სარჩულქვეშ, ცხოველთა უფლებადამცველებისთვის “ოცნების” მორიგი ტყუილია და მეტი არაფერი.

ორგანიზაციას Animal Project-ის  სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებულია უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს, აქციაზე მყოფი უამრავი ცხოველი, ძირითადად, ქუჩის მიუსაფარი ძაღლები. პარალელურად, ნათია ჩიქოვანი იხსენებს  წელს, 23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პარტია „ქართული ოცნების“ დასკვნით წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ მიუსაფარი ძაღლების გაყვანას თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. მაშინ ეს გადაწყვეტილება ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა ცხოველთა უფლებების დაცვით ახსნა. მე მინდა ამოგიკითხოთ ეს განცხადება.

„ხალხმრავლობამ და ხმაურმა შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაბნეულობა, დააფრთხოს ისინი, ან შესაძლოა მოხდეს დაკბენა და სხვა. ამიტომ, მათსავე უსაფრთხოების მიზნით, ისინი თავშესაფარში სრულად იზოლირებულ სივრცეში ერთად იმყოფებიან და დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ უკან დაბრუნდებიან“, –

თუმცა დღეს, როცა (28 ნოემბრიდან დღემდე აქციაზე) ქუჩის აქციებზე შეხლა-შემოხლა, დაჭერები, დარბევები, ცემა, პიროტექნიკა, წიწაკიანი წყლის ჭავლი, გაზის კაფსულებია გამოყენებული, მიუსაფარი ცხოველები მონიტორინგის სამსახურს აღარ გახსენებია. ამით ცხოველთა უფლებადამცველი ხაზს უსვამს “ოცნების” საკუთარ თავსა და საჭიროებაზე მორგებულ ფასადურ და მოჩვენებით პოლიტიკას.

“აგროსიახლეებმა” სპეციალისტების წამოწეული ყველა საკითხი პასუხისმგებელ უწყებებამდე მიიტანა. ცხოველების მონიტორინგის სამსახურში ვიკითხეთ დღეს რატომ არ არის მათთვის ცხოველთა უფლებები ღირებული? სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ მოთხოვით მისთვის არავის მიუმართავს, თუმცა ვერ გვიპასუხეს, ვინ მიმართა მათ 23 ოქტომბერს, როცა “ოცნების” შეკრების ადგილს მოაშორეს ცხოველები. 28 ნოემბრიდან დღემდე მიმადინარე აქციებზე გამოყენებული ნივთიერებების ჩამინათვალი, პროპორცია და რეგლამენტი გამოვითხოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

ჯანდაცვის სამინისტროსგან მოვითხოვეთ განმარტება: 1. თუ აქვთ ინფორმაცია, ადამიანების ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხო ნივთიერებას იყენებენ ძალოვნები აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ და რამდენად იცავენ მისი გამოყენების რეგლამენტის წესს? 2. თუ იყვნენ ჩართული და რა ფორმით კანონშემოქმედებით პროცესში პიროტექნიკისა რეგულირებისა და “ნიღბების ამკრძალვის” შესახებ.

იგივე ვკითხეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც გარემოსდაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას.

ამავე კონტქსტში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები მოვიკითხეთ ომბუდსმენის აპარატშიც. როგორც ლევან იოსელიანის პრესსამსახურმა აგვიხსნა, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან (შსს) გამოითხოვეს, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ. ომბუდსმენისგან განსხვავებით, შსს-დან “აგრო სიახლეების” კითხვას უპასუხეს, თუმცა, ექსპერტული წრისთვის პასუხი არადამაკმაყოფილებელი და მიუღებელია.

არც ერთი სხვა უწყების პრესსამსახურებიდან “აგრო სიახლეებს” პასუხები არ მიუღია.

რა საფრთხეა ფოიერვერკი გარემოსთვის?

საქმე ისაა, რომ ფოიერვერკის გასროლისას, ატმოსფეროში ქიმიკატების მთელი ნაზავი იფრქვევა. ფოიერვერკის ნათელი ფერები და ორნამენტები მეტალის ნაერთების ერთმანეთთან შერევით მიიღება, როგორიცაა ბარიუმი ან ალუმინი, რაც ძალიან აბინძურებს გარემოს და ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის, ფოიერვერკების უმეტესობა შეიცავს ოქსიდისტორებს, რომლებიც ცნობილია როგორც პერქლორატები. ეს ნივთიერება დიდი ხნის განმავლობაში რჩება გარემოში და აბინძურებს, ჰაერს, ტბებსა და მდინარეებს. გარდა ქიმიური ნაერთებისა, ფოიერვერკი მზადდება პლასტმასას, მუყაოს და სხვა ნაწილაკებისგანაც. როდესაც ფოიერვერკი ჰაერში ფეთქდება, მას ეს ნაწილაკები სცვივა და ხვდება ნიადაგში, რომლის გადამუშავებასაც მრავალი წელი სჭირდება.

რას ამბობს სტატისტიკა?

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2024 წლის 10 თვეში 6.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 813 ტონა პიროტექნიკა შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის ღირებულებას 27.5%-ით, ხოლო რაოდენობას 62.1%-ით აღემატება. საქართველო ფეიერვერკებს, სასიგნალო შუშხუნებს, წვიმის რაკეტებს და სხვა პიროტექნიკურ ნაწარმს ძირითადად ბულგარეთში, ჩინეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ავსტრიაში ყიდულობს.

სრული გადაცემა ნახეთ აქ