Skip to content Skip to footer

გაზრდილი მოთხოვნის გამო ბაზარზე ვირის რძის დეფიციტია

“ამჟამად მხოლოდ გრამობით ვყიდი, ცოტა ხანში იმასაც შევწყვეტ. გაზრდილი მოთხოვნის გამო ბაზარზე ვირის რძის დეფიციტია,” – ეუბნება “აგრო სიახლეებს” ვირის რძის მწარმოებელი, კომპანია “სახე დარის” დამფუძნებელი, თემურ ლომიძე.

ფერმერის განმარტებით, ვირს, ძროხისგან განსხვავებით, მაკეობის ხანგრძლივი პერიოდი აქვს და ამ დროს ის არ იწველება. ახლა ლომიძის ფერმაში ვირების უმეტესი ნაწილი მაკეა და შესაბამისად, ფერმერს რძის ნაკლებობა აქვს. გაზრდილ მოთხოვნას ამიტომაც ვერ აუდის.

“ჩემს ფერმაში ახლა ვირების უმრავლესობა მაკეა და ამ დროს რძეც ცოტაა. ზოგადად მოგებამდე რამდენიმე ხნით ადრე ვირი შრება და რასაც იწველება, ნედლეული სამკურნალო თვისებებს მოკლებულია, ამიტომ ამ დროს რძეს არ ვყიდი. ბოლო ერთ წელში ვირის რძის სარგებლიანობაზე ცნობადობა გაზრდილია და მოთხოვნაც ისე გაიზარდა, რომ წარმოება ვეღარ აკმაყოფილებს. ყველას ვურჩევ, ამ საქმეს მოჰკიდოს ხელი,” – ამბობს პროფესიით მხატვარი თემურ ლომიძე, რომელიც ვირების ფერმას რამდენიმე წელია უძღვება და ადგილობრივ ბაზარს ვირის რძითა და მისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტით ამარაგებს.

ვირის რძის მწარმოებელი ფერმა „სახე-დარი“ 8 წლის წინ გაიხსნა. კომპანია, წლიურად, დაახლოებით, 800 ლიტრ რძეს ყიდის. ერთი ლიტრი რძის ღირებულება 80 ლარია.

ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, კომპანია საექსპორტოდ ემზადება. მოლაპარაკების რეჟიმშია ჩინეთსი ცოცხლად ვირების გაყვანა. ჩინურ მხარეს აქვს მზაობა, წელიწადში 4 000-5 000 სული სახედარი გაიყვანონ, საუბარია ინკუბატორის გაკეთებაზეც.

გარდა ვირის რძისა, „სახე-დარი“ მისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის კოსმეტიკურ კრემებსა და საპნებსაც ყიდის. ფერმის დამფუძნებლის სურვილია, რომ ყველა ამ პროდუქციას თავი ერთ სარეალიზაციო სივრცეში მოუყაროს, თუმცა, ამ ეტაპზე, ფინანსებზე ხელმიუწვდომლობის გამო, ამ გეგმას ჯერ ვერ ახორციელებს. ლომიძის თქმით, სახელმწიფოსგან ხელშეწყობა ამ სფეროში ძალიან მცირეა.

ცნობისთვის, „სახე-დარის“ ფერმაში ამ დრომდე 120 ვირი ჰყავთ. ფერმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს.

ვირის რძის სარგებლიანობაზე მეტი გაიგეთ გადაცემა “აგრო სიახლეებიდან” 👇