Skip to content Skip to footer

კლიმატის ცვლილების გამო LA-ში ხანძრების რისკი 35%-ით მაღალია – 32 მკვლევრის დასკვნა

კლიმატის ცვლილების შედეგად, კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში გასულ კვირებში გაჩენილი ხანძარი უფრო გამანადგურებელი აღმოჩნდა, – ამას მოწმობს ახალი კვლევა, რომელიც ევროპისა და შეერთებული შტატების 32-მა მკვლევარმა მოამზადა. ეს მკვლევრები ორგანიზაცია World Weather Attribution-ის წვერები არიან. აკადემიური ჯგუფი გლობალურად მომხდარ ექსტრემალურ სტიქიებზე კლიმატის ცვლილების გავლენას სწავლობს.

კვლევის მიხედვით, წიაღისეული საწვავის წვამ კალიფორნიაში შეამცირა ტენიანობა, გამოაშრო ნიადაგი და ხანძრის გაჩენისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა, რასაც ძლიერი ქარიც დაემატა.

ცნობისთვის, ხანძარი ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა და მშრალი კლიმატისა და ძლიერი ქარის გამო მალევე გავრცელდა. სტიქიას 29 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით ათასი ადამიანი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. იანვრის ხანძრები უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე დამანგრეველი ლოს-ანჯელესის და, პოტენციურად, შეერთებული შტატების ისტორიაში.

World Weather Attribution-ის (WWA) ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამინდის ცხელი, მშრალი და ქარიანი პირობების ჩამოყალიბება, რამაც კალიფორნიის ხანძრის გაუარესება გამოიწვია, კლიმატის ცვლილების გამო 35%-ით, ანუ 1.35-ჯერ უფრო მეტად მოსალოდნელია. ანგარიშში განმარტებულია, რომ ხანძრის რისკები გაიზრდება, თუ ქვეყნები წიაღისეული საწვავის წვას გააგრძელებენ.

“ხანძრის რისკი 35%-ით უფრო გაიზრდება, თუ დათბობა მიაღწევს 2.6° ცელსიუსს (4.68° ფარენჰეიტს), რაც მოსალოდნელია 2100 წლისთვის”, – წერენ მოხსენების ავტორები.

ამავე კვლევის თანახმად, ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების სეზონი, წლებთან ერთად უფრო ხანგრძლივი და სახიფათო გახდა. აალებისკენ მიდრეკილი კონდიციის ხანგრძლივობა ყოველ წელს, საშუალოდ, 23 დღით უფრო მეტია, ვიდრე პრეინდუსტრიულ პერიოდში. ცვალებადია წვიმიანი სეზონის ხანგრძლივობაც, რის გამოც გვალვა ზოგიერთ წელს უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სხვა წლებში. როგორც წესი, კალიფორნიისთვის წვიმიანი სეზონი ოქტომბრიდან იწყება და ხანძრების სეზონს ანაცვლებს, თუმცა ბოლო წლებში მოსული ნალექის დონე შემცირებულია.

ლოს-ანჯელესის მშრალი სეზონი ისტორიულად გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე, მაგრამ მკვლევრები აცხადებენ, რომ ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით 2,4-ჯერ მეტია ნალექიანობის მაჩვენებელი პრეინდუსტრიულ ეპოქასთან შედარებით. ეს კი, მათივე მტკიცებით, ანთროპოგენურმა სათბურის გაზებმა და კლიმატის ცვლილებამ განაპირობა.