ხერსონის ოლქის „ასკანია-ნოვას“ ბიოსფერული ნაკრძალის დირექტორი, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ არის დანიშნული, სასამართლოს წინაშე წარდგება. ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურატურის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სპეციალური წინასწარი გამოძიება ხერსონის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარმა სამმართველომ ჩაატარა. ფსევდო-დირექტორს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალად ედება ომის წესების და კანონების დარღვევა, რომელიც პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ფსევდო-დირექტორი გარიგებაში შევიდა რუსეთის ნაკრძალების წარმომადგენლებთან და მათ იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები უკანონოდ გადასცა.
გადაყვანილ ცხოველებს შორის არის ჩეპმენის ზებრის ორი ინდივიდი, ამერიკული ბიზონი, დავითის ირემი (Elaphurus davidianus) და პრჟევალსკის ცხენი – სახეობა, რომელიც უკრაინის წითელ წიგნშია შეტანილი.
გარდა ამისა, საოკუპაციო ძალების მიერ დანიშნულმა ბიოსფერული ნაკრძალის დირექტორმა ორგანიზება გაუკეთა დროებით ოკუპირებულ ყირიმში არსებულ „ტაიგანის“ ლომების პარკში სამი უკრაინული ჯიშის ნაცრისფერი მსხვილფეხა რქოსანის პირუტყვის და ჩეპმენის ათი ზებრის გადაყვანას.
ზარალის ჯამური ოდენობა 85,2 მილიონი გრივნაა (1 977 738 ევრო). ცხოველების უკანონო გადაყვანა ომის დანაშაულად მიიჩნევა. უკრაინის გენერალური პროკურატურის განმარტებით, ის კვალიფიცირებულია, როგორც ძარცვა და ჟენევის კონვენციის IV მუხლის დარღვევა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ, აგრეთვე ითვლება ჰააგის კონვენციის 28-ე და 56-ე მუხლების დარღვევად, რომლებიც სახმელეთო ომის კანონებსა და წესებს შეეხება.