Skip to content Skip to footer

“ფულის დასამარხად სახელმწიფო ისევ ფულს ხარჯავს” – სეპარირება-რეციკლირების ეკონომიკური ეფექტი და ნარჩენების სწორად მართვის აუცილებლობა საქართველოში

“ქვეყანაში წლიურად წარმოიქმნება, დაახლოებით, მილიონ 100 ათასი ტონა მუნიციპალური ნარჩენი, რომელშიც პლასტიკის წილი 12-14 %-მდეა. ეს არის უზარმაზარი მეორადი მატერიალური რესურსი, რომლისგანაც დიდი შემოსავალი შეიძლება დაგენერირდეს და რომელსაც ამ ეტაპზე ქვეყანა კარგავს, უშვებს ნაგავსაყრელზე,” – ამბობს გარემოს დაცვითი კონსულტანტი კახა რუხაია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

მისი განმარტებით, ერთია, რომ ღირებულების მქონე ნედლეულს ვუშვებთ ნაგავსაყრელზე, ანუ ვკარგავთ ფულის შოვნის რეალურ შანსს, მეორეა ის, რომ ამ ნაგავსაყრელის მოვლისთვის დამატებით კიდევ იხარჯება არც თუ ისე ცოტა თანხა.

“ანუ რა გამოდის? ფულის დასამარხად სახელმწიფო ისევ ფულს ხარჯავს. ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ქმედებებისგან შედგება ის ბლოკი, რომელსაც ჰქვია ეკონომიკიდან გამოხშირული ბლოკი. თუ ეს სწორად დაიგეგმება, ცხადია, ამას აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური ეფექტი. არ ვამბობ, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის გამწევი ძალა იქნება, თუმცა, ეს არც ისე მცირე თანხაა, რომ ანგარიშში ჩასათვლელად არ ღირდეს,” – ამბობს რუხაია და იქვე დასძენს, რომ გარემოში გადაგდებული ნარჩენი არსად ქრება, ადამიანებს უკან გვიბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“ჩვენს სახლს იქითაც რომ ისევ ჩვენი სახლია, ანუ ჩვენივე გარემოა, ეს ვიცით ქართველებმა და არ უნდა დავივიწყოთ, სულ უნდა გვახსოვდეს. ამ მიმართულებით მეტი ყურადღება გვმართებს. ბოლო პერიოდში, მე ვხედავ, რომ საზოგადოების ქცევა ამ მხრივ ნამდვილად შეცვლილია. საზოგადოების ქცევის ცვლილება ურთულესი რამეა. დიდი დრო სჭირდება და დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მენტალობა, ცნობიერება, აზროვნება, შეცვალო. უნდა გითხრათ, რომ ჩვენს ამისთვის დიდი დრო არ დაგვიხარჯავს და ეს პროცესიც არც ისე რთულად გავიარეთ. ეს იმიტომ, რომ ხართულ ხასიათში გარემოსადმი კეთილგანწყობა იმთავითვე დევს,” – ამბობს კახა რუხაია.

გარემოს დაცვის კონსულტანტი ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო დახმარების მნიშვნელობაზეც და იქვე ამბობს, რომ მხოლოდ სეპარირებული ნარჩენების ნაგავმზიდებისა თუ ურნების შეძენა და განთავსება არ არის საკმარისი, თუ მუნიციპალიტეტი ამ დახარისხებულ ნარჩენს სწორ მიმართულებას არ მისცემს. კახა რიხაიას თქმით, სეპარირებული ნარჩენისთვის სასაქონლო სახის მიცემაა აუცილებელია.

“მაგალითად პლასტმასის ბოთლი რომ შეგროვდა, მუნიციპალიტეტმა ის უნდა დაპრესოს და მისცეს სასაქონლო სახე. იგივე ეხება ქაღალდსაც. აქ ასევე მნიშვნელოვანია შენახვაც. ისე უნდა შეინახოს უკვე ნედლეულად ქცეული ნარჩენები, რომ მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები არ გაუარესდეს. აქ აუცილებელია კონკრეტული სქემის შემუშავება. საქმის გაკეთება მხოლოდ ასეა შესაძლებელი. მუნიციპალიტეტმა უნდა განკარგოს სწორად ეს ნარჩენი. ანუ, ქვეყანაში მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ეს ნარჩენი უნდა გაასხვისოს მუნიციპალიტეტმა. ამას წინ რიგი პროცედურები უძღვის. ასეთი ნარჩენი უნდა გასხვისდეს მხოლოდ იმ ორგანიზაციაზე, რომელიც შესაბამის ნებართვას ფლობს, რეგისტრირებულია ან სხვა ტიპის სახელმწიფო აღიარება აქვს მოპოვებული საქმიანობაზე. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ სახელმწიფო რესურსები იხარჯება იმგვარ აქტივობაზე, რომელიც შემდგომ მიწაში იმარხება,” – განმარტავს გარემოს დაცვის კონსულტანტი და იმასაც დასძენს, რომ დღეს უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებულ არაერთ პროექტს ახორციელებენ ადგილობრივი ორგანიზაციები ზოგჯერ მუნიციპალიტეტთან, რეგიონულ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ზოგჯერ სკოლებია ჩართული პროცესში, ზოგან უშუალოდ მოსახლეობის ჩართულობით მიდის პროექტი. ადგილობრივი NGO-ებიო საკანონმდებლო ბაზის შექმნაშიც იყვნენ ჩართულნი.

“ამ პროგრამებს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებიო ახორციელებდნენ. სწორედ მათი შემუშავებულია ათობით საკანონმდებლო ნორმატიული აქტი, რომლებიც დამტკიცებულია ხელისუფლების მიერ. მოსახლეობას მხოლოდ ზოგადი ნარჩენების შეგროვების სერვისი კი არ უნდა მიეწოდოს, მას, როგორც მინიმუმ, უახსლოეს ადმინისტრაციულ ცენტრებში მაინც უნდა მიეწოდოს ნარჩენების დახარისხების სერვისი. ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა. ამას ებმის ასევე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც ეხება შეფუთვის ნარჩენების მართვას და, სამწუხაროდ, ეს ტექნიკური რეგლამენტი დღემდე ვერ იქნა მიღებული,” – ამბობს კახა რუხაია.

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი ამ მხრივ განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.