Skip to content Skip to footer

მსოფლიოში მყინვარების ყინულის დანაკარგმა ბოლო ათწლეულში 36%-ით მოიმატა — ახალი კვლევა

მეცნიერთა განცხადებით, გასულ ათწლეულში მსოფლიოს მყინვარების დნობა მნიშვნელოვნად აჩქარდა. ისინი შიშობენ, რომ მომდევნო წლებში დნობა შეიძლება მოსალოდნელზე ჩქარი იყოს, რაც ზღვის დონის აწევას გამოიწვევს.

კვლევა მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის სერვისმა (WGMS) და ედინბურგის უნივერსიტეტის ჯგუფმა ჩაატარეს და მისი მიზანი იყო, საველე და თანამგზავრული მონაცემების შეჯერებით შეექმნათ „საცნობარო შეფასება” ყინულის დნობის მონიტორინგისთვის. კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ გასულ ათწლეულში დნობა მკვეთრად არის მომატებული, 2012 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში დაიკარგა დაახლოებით 36 პროცენტით მეტი ყინული, ვიდრე 2000-2011 წლებში.

წელიწადში საშუალოდ 273 მილიარდი ტონა ყინული იკარგება. მკვლევართა განცხადებით, ეს წყალი მსოფლიო მოსახლეობას 30 წლის განმავლობაში ეყოფოდა. მყინვარები მნიშვნელოვანი კლიმატური რეგულატორები და მილიარდობით ადამიანისთვის მტკნარი წყლის რესურსია. მსოფლიოს დათბობასთან ერთად, ისინიც დნებიან.

კვლევის თანაავტორის, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ ზემპის განცხადებით, შედეგები შოკისმომგვრელია და ამის მიზეზი ძირითადად არის კაცობრიობის საქმიანობის შედეგად სათბურის აირების გამოყოფა.

საერთო ჯამში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 21-ე საუკუნის დამდეგიდან დღემდე, მსოფლიოს მყინვარებმა მოცულობის დაახლოებით ხუთი პროცენტი დაკარგა. დიდია რეგიონული სხვაობები, რაც მერყეობს ანტარქტიდაზე ორ-პროცენტიანი დანაკარგიდან ევროპის ალპებში 40-პროცენტიან დანაკარგამდე.

როგორც ზემპი აღნიშნავს, ჯგუფის დაკვირვებები და ახალი მოდელირებული კვლევები მიუთითებს, რომ ამ საუკუნეში მყინვართა დნობა უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე გაეროს ბოლო შეფასება პროგნოზირებს.

„მყინვარების დაკარგვა გავლენას იქონიებს მტკნარი წყლით მომარაგებაზე, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიასა და ცენტრალურ ანდებში“, — ამბობს ზემპი.

მყინვარები გლობალური ზღვის დონის მატების მეორე მთავარი კონტრიბუტორია — პირველი კი არის გამთბარი ზღვის წყლის გაფართოება.

მეცნიერთა შეფასებით, 2000 წლიდან დღემდე მყინვარების დნობის შედეგად ზღვის დონის ორი სანტიმეტრით აწევამ მსოფლიო სანაპიროებზე მცხოვრებთაგან თითქმის ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი გახადა დატბორვებისადმი მოწყვლადი.

გაერო-ს განცხადებით, მსოფლიო მყინვარების შენარჩუნება პლანეტის „გადარჩენის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა“.

„დათბობის ყოველი მეათედი გრადუსი, რომელსაც თავიდან ავიცილებთ, დაგვიზოგავს ფულს, გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს და გადაგვარჩენს პრობლემებისგან“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ ზემპი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი ამ მხრივ განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.