საქართველოში მარტი ქალთა თვედ არის მიჩნეული. 3 მარტს დედის დღე აღინიშნება, 8 მარტს კი ქალთა საერთაშორისო დღეა.

ქალბატონებისთვის ყვავილი ყველაზე მისაღები და პოპულარული საჩუქარია. ამის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ქვეყანამ თადარიგი კარგად დაიჭირა და ყვავილების კარგი მარაგი გააკეთა.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველომ 2025 წლის იანვარში 1.355 მლნ დოლარის ღირებულების მოჭრილი ყვავილები და კოკრები იყიდა, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება წინა წლის იანვრის მაჩვენებელს. 2024 წლის იანვარში ყვავილების იმპორტის მოცულობა 498 ათას დოლარს უტოლდებოდა.

წელს იმპორტის თითქმის გასამმაგების მიზეზი ყვავილის გაძვირებაცაა. სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2025 წლის იანვარში ქვეყანას ცოცხალი ყვავილების და კოკრების იმპორტი 123%-ით გაუძვირდა: წინა წლის იანვარში ერთი ტონა ცოცხალი ყვავილების შემოტანა (გადასახადების გარეშე) დაახლოებით 3 ათასი დოლარი დაჯდა, წელს კი ხარჯი საშუალოდ 6 700 დოლარია. 2024 წელს საქართველოში შემოვიდა 167.7 ტონა ყვავილი, წელს იანვარში კი 201 ტონა. ანუ გამოდის, რომ იანვარში ცოცხალი ყვავილების და კოკრების იმპორტის ღირებულება 123%-ითაა გაზრდილი.

წელს ცოცხალი ყვავილები საქართველოში შემოვიდა:
- ეკვადორიდან (561.58 ათასი დოლარის 63.6 ტონა)
- თურქეთიდან (225.87 ათასი დოლარის 77.65 ტონა)
- სომხეთიდან (196.7 ათასი დოლარის 29 ტონა)
- კენიიდან (187.6 ათასი დოლარის 18.42 ტონა)
- ნიდერლანდებიდან (146.45 ათასი დოლარის 8.97 ტონა)
- ეთიოპიიდან (34.64 ათასი დოლარის 3.06 ტონა)
- არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (2.39 ათასი დოლარის 0.25 ტონა)

შარშან საქართველოში იმპორტით 11.419 მლნ დოლარის ღირებულების 1 901 ტონა ცოცხალი ყვავილები და კოკრები შემოვიდა. სხვათა შორის, ქვეყანას ყვავილების იმპორტი შარშანაც გაუძვირდა. 2023 წელს 1 718 ტონა ყვავილი ვიყიდეთ, რაშიც $5,1 მლნ გადავიხადეთ. იმპორტი წლიურ ჭრილში რაოდენობრივად მხოლოდ 10.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო ღირებულებით გამოსახულებაში 122.7%-ით, რაც იმპორტის გაძვირებაზე მიუთითებს.

შარშან საქართველოსთვის ყვავილების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა მეზობელი სომხეთი იყო. გასულ წელს სომხეთიდან იმპორტის მოცულობა წლიურად 3.2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტირებული ყვავილის ღირებულება 137.5%-ით გაიზარდა. საქართველოს სომხეთიდან 2024 წელს $3,2 მლნ-ის 658 ტონა ყვავილები ჰქონდა შეძენილი, ხოლო 2023 წელს, $1,3 მლნ-ის, 680 ტონა.
2024 წლის ყვავილების მთავარი TOP 5 იმპორტიორი ქვეყნის სია ასე გამოიყურება:
სომხეთი – $3,2 მლნ, 658 ტონა;
ეკვადორი -$4 მლნ, 504 ტონა;
თურქეთი – $973 ათასი, 441 ტონა;
კენია – $1 მლნ, 128 ტონა;
ნიდერლანდები – $1.5, 115 ტონა.

მოკლედ, თუ ვინმესთვის სურნელოვანი, ლამაზი, ფერადი საჩუქრის გაკეტება გსურთ ყვავილები საუკეთესო არჩევანია. თანაც, გაითვალისიწნეთ, ესაა საუკეთესო საშუალება თაიგულით ადრესატს უსიტყვოდ უთხრათ სათქმელი. სარვამარტოდ შეიძლება გამოგადგეთ, რომ მაგალითად, თუ საწინააღმდეგო სქესისთვის სიყვარულის ახსნა გინდათ, წითელი ბარხატის ხავერდოვანი ვარდი საუკეთესო გამოსავალია საშუალებაა. კიდევ რა უნდა გავითავალისწინოთ ყვავილების შერჩევისას, ამასზე თქვენთვის აგრო რჩევების მოცემა ფლორისტებს ჯერ კიდევ 2022 წელს ვთხოვეთ. გთავაზობთ მცირე ნაწილს გადაცემიდან, რომ შეგახსენოთ, რას ამბობენ ყვავილები, თაიგულები და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ცოცხალმა მოჭრილმა ყვავილმა ჩვენს ლარნაკში რაც შეიძლება დიდხანს გაძლოს?
ფოტოები “სპუტნიკ საქართველო”