Skip to content Skip to footer

პური ძვირდება – მიზეზებს ბაზრის მოთამაშეები განმარტავენ

საქართველოში მასობრივი წარმოების ქარხნული პური ძვირდება. ფასის ცვლილებაზე ქსელური სუპერმარკეტების დიდ ნაწილს ინფორმაცია უკვე ეცნობა.

საუბარია პურის კონკრეტულ სახეობებზე ფასის 10 თეთრით მატებაზე. გაძვირდება თეთრი პურის სამი სახეობა: 410-გრამიანი ბატონი, 530-გრამიანი ბატონი და 530 გრამის დაჭრილი პური.

როგორც რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, სოფო ქაშაკაშვილი, განმარტავს, თეთრ ბატონებზე გაზრდილი ფასები მომხმარებლებს დახლებზე 5 მარტიდან დახვდებათ. მისივე ინფორმაციით, ფასისი ზრდა 11-16%-ის ფარგლებში ფიქსირდება.

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე საქართველოში პურის გაძვირებას მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებას უკავშირებს და ასევე შესაფუთი მასალების გაძვირებასაც. მისი განმარტებით, კონკრეტული მწარმოებლები ხარჯის ზრდის გამო იძურებული გახდნენ ფასები დაეკორექტირებინათ.

“ხორბალი რომელიც ღირდა მსოფლიო ბაზრებზე ტონა 700 ლარი, ახლა ათას ლარს ასცდა, არ ვიცი ეს ზამთრის გამოა, რესურსების გამო თუ სხვა მიზეზიდან გამომდინარე. გახსოვთ, რომ კოვიდპანდემიისას სავალდებულო გახდა შეფუთვა და ეს შესაფუთი მასალა ხარჯიანია“, -ამბობს მალხაზ დოლიძე.

განსხვავებულ სურათს გვაძლევს სტატისტიკური მონაცემები.

ბოლო მონაცემებით, ერთკვირიან ჭრილში საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი შემცირდა – ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით თითქმის 6%-ით იკლო და 5 დოლარი და 42 ცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით ფასი 3.7%-ით არის შემცირებული. გლობალური ბაზრის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ხორბლის გაიაფების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი მოსავალია, ზოგ რეგიონში ხორბალზე შემცირებულია მოთხოვნაც, რაც ფასის კლების წინაპირობა ხდება.

საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადიც გახანგრძლივდა. მთავრობის დადგენილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გრძელდება, ტარიფი კი იზრდება. აქამდე იმპორტირებულ ფქვილზე ტონაზე გადასახადი 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი მარტიდან კი 300 ლარამდე გაიზარდა, ქატოსა და ქერის შემთხვევაში კი 200 ლარამდე.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ძალაში 1 თვის განმავლობაში, 1-ელ აპრილამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაგრძელებაზე „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ თებერვალში განაცხადა. თუმცა, მისი პროგნოზით, ბაჟის მოქმედების ვადა ივნისამდე უნდა ყოფილიყო.

ცნობისთვის, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოში ფქვილის იმპორტი 49%-ით შემცირდა.კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 70 866 ტონა (18.539 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, 2023 წელს – 137 695 ტონა (37.410 მლნ აშშ დოლარის). ამასთან, გასულ წელს იმპორტირებული ფქვილის უდიდესი ნაწილი, 96% რუსეთიდან შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთიდან 68 301 ტონა (16.916 მლნ აშშ დოლარის) ფქვილის იმპორტი განხორციელდა, თუმცა ეს 2023 წელთან შედარებით, განახევრებული მაჩვენებელია. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ შემოღებული საიმპორტო გადასახადია, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტზე ქართველი მეხორბლეებისა და ადგილობრივი წისქვილების ხელშეწყობის მიზნით დაწესდა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ბაჟი 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადაწყვეტილება ჯერ 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ბოლოს კი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. რაც შეეხება გადასახადის მოცულობას, ამ დრომდე ტონაზე 250 ლარი იყო.