Skip to content Skip to footer

ჩინეთი წლის ბოლომდე ჰაერის მწვავე დაბინძურების აღმოფხვრას გეგმავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად პროგრესისა, ჰაერის დაბინძურება ჩინეთისთვის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომელიც ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრების ხარისხზეც აისახება. ჯანმოს ცნობით, ჰაერის დაბალი ხარისხის გამო ჩინეთში წლიურად ორი მილიონი ადამიანი იღუპება, ძირითადი გამომწვევი მიზეზი კი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა.

სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკის (ჩინეთი) კლიმატური მიზანია, 2025 წლის ბოლომდე ეფექტურად აღმოფხვრას ჰაერის მწვავე დაბინძურება. როგორც Reuters-ი გარემოს დაცვის სააგენტოს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, შესაბამისი უწყების მიერ “ლურჯი ცისთვის ბრძოლაში” ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმის გაძლიერება და ემისიების შემცირება იგეგმება.

ატმოსფერული გარემოს დეპარტამენტის დირექტორი, ლი ტიანვეი აცხადებს, რომ ჩინეთი გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხის კონტროლისა და წინასწარი გაფრთხილების სისტემებს, ასევე კოორდინირებულ მუშაობას ჰაერში PM2.5 მყარი ნაწილაკებისა და ოზონით დაბინძურების შესამცირებლად. ლი ტიანვეის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია, საშუალოდ, 29.3 მიკროგრამი იყო, რაც წლიურად 2.7%-იანი შემცირებაა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით, ჰაერის “მწვავე” დაბინძურებად ითვლება, როდესაც ერთ კუბურ მეტრზე PM2.5-ის კონცენტრაცია 50 მიკროგრამს აღემატება.

კლიმატური მიზნის მისაღწევად ჩინეთმა ემისიების შესამცირებლად საერთაშორისო სტანდარტი უნდა დანერგოს.

როგორც ატმოსფერული გარემოს დეპარტამენტის დირექტორი, ლი ტიანვეი, აცხადებს, გეგმის განხორციელებისთვის მთავრობა აეროპორტებში, პორტებსა და ლოგისტიკურ პარკებში მექანიკურ ტექნოლოგიებს განაახლებს. გრძელ მარშრუტზე გადაზიდვებისთვის სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტირება წაახალისოს.

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.