დასავლეთ საქართველოში თებერვლის ბოლოს მოსულმა უხვმა ნალექმა ქვეყანას მრავალმხრივი პრობლემები შეუქმნა, რომელზეც ჩვენ ცალკე გადაცემაში გესაუბრეთ.
დიდთოვლობამ გამოწვევები გაუჩინა მეფუტკრეებსაც.
მკაცრი კლიმატი პრობლემებს მეცხოველეობაშიც აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები სიცივის მიმართ უფრო ამტანნი არიან, ვიდრე სიცხის მიმართ, დაბალი ტემპერატურისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყინვები რამდენიმე დღეს გასტანს ხოლმე, ცხოველებს სიცივის სტრესი უჩნდებათ, რაც სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება: მცირდება პროდუქტიულობა, სუსტდება იმუნიტეტი, არის ცხოველის გაყინვის საფრთხეც. როგორ უნდა მოიქცეს მეცხოველეობაში ჩართული ფერმერი დიდთოვლობისას, რომელმაც სასიცოცხლო რისკები დასავლეთ საქართველოში მოქალაქეებსაც კი შეუქმნა.
“აგრო სიახლეებმა” ვეტერინარი, ნატო ფერაძე, გამოკითხა.
ცალკე სასაუბროა დიდთოვლობასა და ყინვაში გარეთ დარჩენილი ცხენების ამბავი. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც გაყინული ცხენები თუ კვიცები ჩანს. როგორც ჩოხატაურელი გაგა ყაჩეიშვილი ფეისბუქზე ვკითხულობთ მის პოსტში, რომელსაც თან ერთვის ფოტოებიც. ამ პოსტის კომენტარებში მოქალაქეები ასევე წერენ, რომ სხვადასხვა ადგილებშიც წააწყდნენ გაყინულ ცხოველებს.



მანამდე გურიის დასახმარებლად გაერთიანებული მოხალისეების ჯგუფიდან მოქალაქე ნიკა ქერდიყოშვილმა გაავრცელა ქუჩაში გაყინული ცხენის ფოტო, რომელიც “აგრო სიახლეებმაც” მიაწოდა თავის აუდიტორიას.

ყინვასა და დიდთოვლობაში უჭირს მცენარეულ საფარსაც. რაც უფრო მაღალია მცენარე, მით მეტია მისი გადატეხვის და მოყინვის რისკი. როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ სიცივის სტრესი ღია გრუნტში ჩვენს ეზოებსა და ბაღებში მცენარეებს, ხეებს, “აგრო სიახლეებმა” მოგზაური მებაღე, ვანო ვაჭრიძე გამოკითხა.
“შეფუთვა და თოვლისგან გათავისუფლება, – ესაა ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. დანარჩენს თავს მცენარე თავად გაართმევს თავისი იმუნიტეტით,” – ამბობს “აგრო სიახლეებთან” მებაღე.
სტიქიად ქცეული დიდთოვლობა, რაც ამ დრომდე დასავლეთ საქართველოში გვქონდა სახეზე (სპეციალისტების შეფასება), პრობლემაა წმნინდა გარემოსდაცვითი კუთხითაც, ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნებისთვისაც. ველური ბუნებისთვის დიდი თოვლი ნაკლები პრობლემაა, თუმცა, უხვი ნალექი ღვარცოფისა და მეწყრების რისკს ზრდის, რაც აზარალებს ყველაფერს, რაც გარემოშია.
“ტყეების კარგვის, მიწის ნაყოფიერი ფენის წარეცხვის რისკები იზრდება და ამ მხრივ საყურადღებო ეტაპზე შევდივართ, თუმცა პირველი რიგის ამოცანა, ადამიანების უსაფრთხოებაა,” – ამბობს “აგრო სიახლეებთან” ეკოლოგი ხატია ბასილაშვილი.
დიდთოვლობას დასავლეთ საქარტველო 20 თებერვლიდან ებრძვის. ნალექის გამო გაჩერედა მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს მოწყდა, შეუძლებელი გახდა ხალხისთვი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაც. ექსპერტებისა და ადგილობრივების მტკიცებით, პასუხისმგებელი უწყებები დიდთოვლობას სათანადოდ მომზადებული, ვერ და არ შეხვდა, არც სტიქიაზე რეაგირების გეგმა არსებობდა და სადაც არსებობდა, უკიდურესად სუსტი იყო. კრიტიკას ვერ უძლებს საგანგებო ვითარებაში მუშაობაზე მუნიციპალური მზაობაც. შეფასებები “აგრო სიახლეებში”.