Skip to content Skip to footer

ნიუ-იორკში, ძლიერი ქარის შედეგად, ტყის ხანძრები გაჩნდა

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ძლიერი ქარის შედეგად, ტყის ხანძრები გაჩნდა. ხანძარი ლონგ აილენდსა და ბრუკლინის რაიონში მძვინვარებს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ხანძრის ოთხი კერა არსებობს. 

მედიის ცნობით, შაბათს ნიუ-იორკში, ძლიერი ქარის გამო ხანძრის გაჩენის მაღალი ალბათობის შესახებ გაფრთხილება გამოიცა. ხანძრის მაღალი რისკის ქვეშ ნიუ-იორკის ხუთივე რაიონს მოიცავს.

გუბერნატორმა კეტი ჰოჩულმა, შაბათს, ხანძრის გამო საფოლკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, საფოლკის ოლქის მმართველს ედ რომეინს “ნებისმიერ რესურსს მიაწვდის და მხარდაჭერა ექნება ყველა საკითხში, რაც მას სჭირდება”.

ამასთან, მისი განმარტებით, ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრეებთან ერთად, ნიუ-იორკის ეროვნული გვარდიის ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, კლიმატის ცვლილებას აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აღიარებს. უფრო მეტიც, ის ფიქრობს, რომ პარიზის შეთანხმება მორიგი საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ღირებულებებს არ ასახავს და ამერიკელი გადასახადების გადამხდელების დოლარებს იმ ქვეყნისკენ მიმართავს, რომლებსაც ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარება არ სჭირდებათ. ამიტომაც ტრამპმა აშშ-ს პარიზის შეთანხმება დაატოვებინა. პარიზის შეთანხმებიდან ქვეყნის გასვლას ფორმალურად თორმეტი თვე სჭირდება. ასეთ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს, ლოს ანჟელესში უმარფთავი და მასშტაბური ხანძრის ფონზე წარიმართა. გარემოსდამცველებისა და კლიმატოლოგების მტკიცებით კი ასეთი უბედური შემთხვევები სხვა არაფერია, თუ არა კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობის, შედეგი. დონალდ ტრამპი კი, როგორც ცნობილია, კლიმატის ცვლილების არსებობას არ აღიარებს,

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვებას აპირებს არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეიც. ის დონალდ ტრამპის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მოკავშირედ ითვლება და რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში ტრანპის ინაუგურაციასაც ესწრებოდა. ასე რომ არაა გასაკვირი, როცა ხავიერ მილეი ამ პროცესში, ტრამპის მსგავსად, ადამიანების მიერ შეტანილ წვლილს უარყოფს. საბოლოო გადაწყვეტილება არგენტინის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია, მაგრამ მეტად სავარაუდოა ის რეალობა, სადაც არგენტინა “პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან” გავა. ამის შესახებ მილეიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თუკი არგენტინა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კლიმატის ცვლილების შენელების წინააღმდეგ მიღებული შეთანხმების არსებობის რელევანტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. შეთანხმების დასატოვებლად, ჩვეულებრივი პროცედურით, მილეის არგენტინის კონგრესის დასტური სჭირდება, მაგრამ გამორიცხული არ არის, მილეიმ სპეციალური განკარგულება გამოსცეს.

ცნობისთვის, არგენტინის პრეზიდენტმა 2024 წლის მიწურულს ბაქოში გამართული კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს კონვენციის ხელმომწერ მხარეთა 29-ე კონფერენციიდან, COP29-დან, დელეგაცია გაიწვია და მოლაპარაკებები შეწყვიტა.საქმე ისაა, რომ ხავიერ მილეი კლიმატის ცვლილებას არა მხოლოდ უარყოფს, არამედ დარწმუნებულია, რომ გლობალური დათბობის შედეგების შერბილების ღონისძიებები გაერო-ს „პოლიტიზებული“ დღის წესრიგის ნაწილია.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, შეთანხმება ჯერ არცერთ სახელმწიფოს არ დაუტოვებია. 

მას შემდეგ რაც პარიზის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება ტრამპმა ოფიციალურად გააფორმა, მალევე ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დაფინანსების პირობა დადო. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები პარიზის შეთანხმებიდან გამოდის,

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის ფონდში თავის კონტრიბუციას აჩერებს, კონვენცია სრულ დაფინანსებას შეინარჩუნებს.

ცნობისთვის, მაიკლ ბლუმბერგი Forbes-ის მილიარდერთა სიის თანახმად, მსოფლიოში რიგით მე-16 ყველაზე მდიდარი ადამიანია. ამასთან, იგი გაეროს სპეციალური წარმომადგენელია კლიმატის საკითხებში.

საქმე ისაა, რომ გაეროს კლიმატის ორგანიზაციის ბიუჯეტს 200-მდე წევრი ქვეყანა ავსებს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის კონტრიბუცია ამ დრომდე ყველაზე მაღალი იყო და ბიუჯეტის 21%-ს შეადგენდა.

პარიზის კლიმატის შეთანხმება გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა 2015 წლის დეკემბერში, პარიზში გამართულ საერთაშორისო სამიტზე, COP21-ზე მიიღეს. ქვეყნები კლიმატის ცვლილებასთან კოორდინირებულ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებული ქვეყნები იზიარებენ იდეას, რომ დედამიწის გადასარჩენად გლობალური დათბობის მაჩვენებლის ორი გრადუსამდე ან, უკეთეს შემთხვევაში, ერთ-ნახევარ გრადუსამდე შემცირებაა აუცილებელი. კონკრეტული გარემოსდაცვითი ნაბიჯების გატარება თითოეულ ქვეყანას თავად, ეროვნულ დონეზე, უნდა გადაეწყვიტა. სწორედ პარიზის კლიმატის ცვლილებას უკავშირდება სათბური აირების შემცირების გეგმები, მწვანე ინიციატივები, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვა.

პარიზის შეთანხმებით, განვითარებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად ყოველწლიურად სულ მცირე $100 მილიარდით დაემხარებიან.

უნდა ითქვას, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმება უნდა ვახსენოთ, რომელიც, ისტორიულად, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ერთ-ერთ მთავარ წყალგამყოფ საკითხს წარმოადგენს.

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.