გატრემოსდაცვითი პლატფორმა “დიდი ლილოს ნაგავსაყრელის წინაააღმდეგ” სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც აღბეჭდილია როგორ გამოიყურება ეს ნაგავსაყრელი კოსმოსიდან და თან დეტალურად განმარტავენ სად რა ტიპის საფრთხე იმალება.
სპეციალისტების განმარტებით, ნაგავსაყრელზე წყლის შემკრები რეზერვუარები არ მუშაობენ და ნაგავსაყრელიდან დაწურული წყალი იქვე თვითნებურად “შავ ტბად” ბუნებრივად ღია სივრცეშია თავმოყრილი. ეს ტოქსიკური, შხამიანი წყალი მიწაში გრუნტის წყლებს ურთდება და ფაქტობრივად მომწამვლელი ხდება იქ არსებული მიწა და, შესაბამისად, მთელი გარემო. ეს მომწამვლელი სიბინძურე არაპირდაპირ ჩვენს ორგანიზმშიც ხვდება. როგორ? იქვე საძოვრებზე ბალახობს და ნაყრდება აგრარული დანიშნულების ცხოველები, ძირითადად, ცხვრები და საქონელი. მათი რძე და ხორცი ჩვენთვის უკვე ძალიან სახიფათოა.
აქვე მინდვრებზე ასევე მოჰყავთ ხორბალი, რომელიც ცხოველების საკვებადაც იყიდება და თბილისის აგრარულ ბაზრებშიც.
შეგახსენებთ, ნაგავსაყრელს ძალიან ახლოს გარს აკრავს 5 დასახლება, მათ შორის, ერთ-ერთი ყუველაზე დიდი სოფელი, მარტყოფი. ნაგავსაყრელისგან წამოსული უსიამოვნო და, რაც ყველაზე საგანგაშოა, მომწამვლელი, ტოქსიკური, სუნი, გაუსაძლისს და საშიშს ხდის იქ მოსახლეობის ყოფას. ნაგავსაყრელიდან გამომდინარე წარმოქმნილი ამ და კიდევ სხვა რისკების გამო უკვე 15 წელია 5 დასახლების და მთელი დედაქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა.
ნაგავსაყრელს ღობესთან ძალიან ახლოს მიუყვება სამელიორაციო არხი, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ ბინძურდება (მიწისქვეშა წყლებითაც და ზემოდან ნაგვის ნარჩენებით, რომელიც ქარს გამოაქვს ტერიტორიიდან და ფანტავს გარემოში). ეს არხი სამელიორაციო სარწყავი დანიშნულებისაა. გარდა ამისა ეს არხი ჩაედინება თბილისი ზღვაში, საიდანაც სასმელი წყალი მიეწოდება დედაქალაქის მოსახლეობიოს აბსოლუტურ უმრავლესობას.
ამ საფრთხეების ნეიტრალიზებისთვის, როგორც გარემოსდამცველები ამბობენ, აუცილებელია დიდი ლილოს ნაგავსაყრელის დახურვა, თუმცა, მანამდე, მათივე რეკომენდაციით, გაზი, რომელიც ნაგავსაყრელზე არსებული უჯრედებიდან გამოიყოფა, უნდა შეიკრობოს და ან ჩირაღდნის საშუყალებით უნდა დაიწვას, ან ელექტროენერგიის წყაროთ უნდა გამოვიყენოთ. როგორ სპეციალისტები ამბობენ. აქ გაზის გამოყოფა დახურვიდან 75 წლის განმავლობაში იქნება ფუნქციური და, მისი გადამუშავების შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტროენერგიით მომარაგდეს 5 სოფელი. გარემოს დამცველების მტკიცებით, აუცილებელია წყლების გაფილტვრაც და ბოლო მართებული ნაბიჯი ახალი ალტერნატიული ნაგავსაყრელის მოწყობაა.
ზოგს ჰგონია, რომ მიწა ნაგავსაყრელიდან გამოჟონილ წყალს ბუნებრივად ფილტრავს და ის მომწამვლელი აღარაა, თუმცა, როგორც საინიციატივო ჯგუფი “დიდი ლილოს ნაგავსაყრელის წინააღმდეგ – Stand against Didi Lilo landfill” განმარტავს, ეს ასე არაა.
“ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყალი, ეგრეთ წოდებული ლიჩეტი ანუ ლიქვატი, ტოქსიკურია და განსაკუთრებულად საშიშია გარემოში ყველაფრიოსთვის, მიწიდან დაწყებული, ადამიანით დამთავრებული. მასში არის მძიმე მეტალები, ტყვია, მერკური, ორგანული მავნე ნივთიერებები, ბაქტერიები, ვირუსები, ნავთობპროდუქტები. ახერხებს თუ არა მის გაფილტვრას მიწა და ხდება თუ არა ის მიწაში უვნებელი? – არა! მართალია მიწის ფენები ნაწილობრივ ახერხებენ მის გაფილტვრას, თუმცა, ვერ შთანთქავს ყველა ტოქსინს, განსაკუთრებით, მცირე ზომის მოლეკულებს, როგორიცაა მძიმე მეტალები, ან გამხსნელი ქიმიკატები. გრუნტის წყლები პირდაპირ კავშირშია სასმელ წყალთან. თუ ლიქვატი ანუ ლიჩეტი გრუნტის წყლებში ჩადინდება, ის აბინძურებს სასმელ, სოფლის მეურნეობის ყოველდღიური მოხმარების წყალს, აზიანებს ეკოსისტემას, წამლავს მცენარეებს, რომლებიც მიწიდან ფესვებით იკვებებიან, იწამლებიან ცხოველები და საბოლოოდ ადამიანებიც. ამიტომაც, ლიჩეტი აუცილებლად უნდა შეგროვდეს და გაიწმინდოს” – განმარტავს გარემოსდაცვით ინიციატივა “დიდი ლილოს ნაგავსაყრელის წინააღმდეგ – Stand against Didi Lilo landfill”.
შეგახსენებთ, დიდი ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის დედაქალაქის ერთადერთი ნაგავსაყრელია, რომელიც, როგორც ეკოლოგები და გარემოს დამცველები ამბობენ, ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე აყენებს დედაქალაქს, ახლომდებარე დასახლებებს და მთელს რეგიონს.
ზოგადად, ღია ტიპის ნაგავსაყრელები გარემოს ერთ-ერთი სერიოზული დამაბინძურებელია. არასამთავრონო ორგანიზაცია “აისეტის პოლიტიკის ინსტიტუტის” მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 3,5-ჯერ მაღალია, ვიდრე ევროკავშირში.
რა ეკონომიკური სარგებლიანობა მოაქვს ნაგვის სეპარაციას და მის სწორად მართვას, გაიგეთ “აგრო სიახლეების” სტატიაში. 👇
განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი ამ მხრივ განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.