Skip to content Skip to footer

სასოფლო-სამეურნეო კულტურების 40 პროცენტს მცენარეთა მავნებლები აზიანებენ – 12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო  დღეა

მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო  დღე, გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის 2025 წლის  თემაა: ჯანსაღი მცენარე – ერთიანი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი რგოლი.  

„სასოფლო-სამეურნეო კულტურების 40 პროცენტს მცენარეთა მავნებლები აზიანებენ, რაც აფერხებს სურსათის  უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აზიანებს ბიომრავალფეროვნებას, გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებასა და საარსებო წყაროებზე. მავნებლების გავრცელების პრევენციის და მართვის პროცესში პესტიციდები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თუმცა,  მათი გადაჭარბებული გამოყენება და ცუდი მართვა კვლავაც გლობალურ გამოწვევად რჩება, რადგან აზიანებს ბიომრავალფეროვნებას და საფრთხეს უქმნის გარემოს სიჯანსაღეს. მცენარეები სიცოცხლის წყაროა – ჩვენი საკვების 80  და ჟანგბადის  98  პროცენტს სწორედ მცენარეებისგან ვიღებთ.  მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ყველა რგოლის  ჩართულობა ჯანსაღის გარემოს შენარჩუნებაში“, – აღნიშნულია გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება და სრულად იზიარებს ორგანიზაციის გზავნილებს.

უწყების ინფორმაციით, მცენარეთა სიჯანსაღის და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია ფერმერების ცნობიერების ამაღლება პესტიციდების სწორად და ზომიერად გამოყენებასთან დაკავშირებით.

მათივე განმარტებით, საქართველოში რეგისტრირებულია და გამოიყენება  ევროკავშირსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში დაშვებული პესტიციდები. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პესტიციდების ხარისხის კონტროლის მიზნით, ყოველწლიურად მოწმდება ქვეყანაში არსებული 600-მდე სპეციალიზებული ობიექტი. 2025 წელს შემოწმდა 231 ობიექტი; გამოვლენილი დარღვევბის გამო, 23 ობიექტი დაჯარიმდა; სურსათის უვნებლობის სახელმწიფო  პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების გამოვლენის მიზნით,  ყოველწლიურად, 400- მდე ნიმუშის გამოკვლევა ხდება; მიმდინარე წელს უკვე გამოკვლეულია 113 ნიმუში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, გამოკვლეულ ნიმუშებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა არ ფიქსირდება. 

განსხვავებულ რეალობაზე საუბრობს ხილბოსტნეულის მწარმოებლები. როგორც საქართველოს ხილბოსტნეულის ასოციაციაში “აგრო სიახლეებს” ეუბნებიან,  მეურნეობებში შხამ-ქიმიკატების გამოყენებას ვერ აკონტროლებენ, უფრო მეტიც, ეფექტური ვერც იმპორტის კონტროლია, შესაბამისად, მომხმარებელს ხშირად ნიტრატებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული აგრონაწარმო ხვდება სარეალიზაციო დახლებზე.

ტოქსიკოლოგების განმარტებით, ხილბოსტნეულიდან ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ნიტრატი საშიშ შხამად გარდაიქმნება. როგორც ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე გვიხსნის, ჯანსაღი ხილის შერჩევა მომხმარებლისთვის შეუიარაღებელი თვალით  შეუძლებელია. არადა, ნიტრატების ნორმაზე დიდი ოდენობა ჯანმრთელობისთვის საშიაშია. მაღალნიტრატიანი საკვების რეგულარულად და ხანგრძლივი დროით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, მწვავე ალერგია, კუჭ-ნაწლავის სიმსივნე, დერმატოლოგიური და რეპროდუქციული პრობლემები.  როგორც მედიკოსები ამბობენ, ნიტრატი, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, საშიშ შხამად გარდაიქმნება. ფეხმძიმე ქალებში, ნიტრატებით მდიდარი საკვების დიდი რაოდენობით მიღების შედეგად, ჩნდება ნაყოფის დაზიანების საფრთხე. მეძუძურ დედებში, ხდება ლაქტაციის შეწყვეტა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ფერხდება განვითარება.

ქვეყანაში აგროქიიმის უკონტროლო გამოყენება-კონტროლზე სრული ინფორმაცია გაიგეთ “აგრო სიახლეების” გადაცემიდან.

P.S. აგროქიმიის გამოყენება-კონტროლზე, ამ მხრივ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ვალდებულებებზე, კანონის აღსრულების ეფექტიანობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, “აგრო სიახლეები” უახლოეს მომავალში კიდევ ერთ გადაცემას შემოგთავაზებთ.