Skip to content Skip to footer

კლიმატის ცვლილებამ ფუტკრის ახალი დაავადება გააჩინა – როგორ მართავს დაავადებას საქართველო

კლიმატის ცვლილებამ მეფუტკრეობაში ახალ-ახალი პრობლემები გააჩინა. ერთ-ერთია პარაზიტი ტკიპის ტროპელალაფსოსის (Tropilaelaps) გამოჩენა. სწორედ ეს იქნება დრეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, როგორ ვართმევთ თავს დაავადების მართვას და სად უჭირთ მეფუტკრეებს ყველაზე მეტად? დაავადების მართვცის რა გეგმა აქვს სახელმწიფოს და რამდენად ეფექტურია ეს ყველაფერი?

უპირველესად უნდა ითქვას, რომ ფუტკარი მეტწილად გარემო პირობებზეა დამოკიდებული. მართალია ქართული მთის რუხი ფუტკარი, სხვა ჯიშთან შედარებით, მაღალიმუნურადაა მიჩნეული, თუმცა, გლობალური დათბობით შეცვლილი კლიმატი მის ნაყიფიერებასაც და სიცოცხლისუნარიანობასაც ასუსტებს. სახელმწიფო სტრუქტურებს ამაზე ინფორმაცია აქვთ. ცირა ნაფეტვარიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერეინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს წარმომადგენელი, დაწვრილებით გვიხსნის, რამდენად მოწყვლადია ეს პოპულაცია კლიმატთან მიმართებაში, თუმცა, კლიმატთან ადაპტაციის გეგმაზე საუბარს მისი კომპეტენციის მიღმა მიიჩნევს და არაფერს გვეუბნება იმაზე,  ადაპტაციის რა გეგმა აქვს ქვეყანას კონკრეტულად მეფუტკრეობისთვის.

სხვა პრობლემებთან ერთად, სწორედ კლიმატის ცვლილებას უკავშირდება ინვაზიური სახეობების გამოჩენა საქართველოში, მაგალითად, როგორიცაა ამერიკული თეთრი პეპელა, ფაროსანა, ვარვა და ახლა უკვე ტროპის ტკიპა (ტროპელალაფსოსი). კლიმატური რისკები მეფუტკრეობაში ამით არ მთავრდება. კლიმატის ცვლილება აზარალებს ფლორასაც. რადგან მცენარეული საფარი ფუტკისთვის  ერთადერთი ბუნებრივი საკვებია, მისი შემცირება ან ხარისხობრივი გაუარესება, პირდაპირპროპორციულად სარკისებურად აისახება პოპულაციის ჯანმრთელობასა და თაფლის როგორც ხარისხზე, ისე რაოდენობაზე. საქმე ისაა, რომ კლიმატის ცვლილებამ მცენარეების ყვავილობის სეზონი წაანაცვლა. ბოლო დროს თაფლოვანი მცენაარეების ყვავილობას არასტაბილური ამინდები ემთხვევა და ფუტკარს ნექტრის მოპოვება სულ უფრო უძნელდება. აქტიურდება მცენარეთა თუ მავნებელ-მწერთა  ინვაზიური ჯიშებიც. ისინი ადგილობრივ ჯიშებს ანადგურებენ და მის ადგილს იკავებენ. გარდა იმისა, რომ არის ენდემური ჯიშების გადაშენებისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის საფრთხე, შემოჭრილ სახეობებს მოჰყვება ვეტერინარული რისკებიც სხვადასხვა დაავადებების მხრივ.

სწორედ კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ საქართველოში ახალი მავნებლის, პარაზიტი ტკიპის, ტროპელალაფსოს შემოსვლას.  პირველად ის შარშან, სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოგბუჯში, გამოჩნდა და მალევა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო მოიცვა, თუმცა, წელს გაზაფხულზე აღმოსავლეთ საქართველოშიც, დედაქალაქშიც დააფიქსირეს.

Tropilaelaps არის პარაზიტული ტკიპება წარმოშობით აზიიდან. გამორჩეულია უსწრაფესი გამრავლებითა და მოძრაობით. არის უკიდურესად დესტრუქციული, იწვევს ფუკტრის დეფორმაციას და სიკვდილს. გლობალური დათბობა ზრდის რისკს, რომ ის ევროპასაც მოედება. კლიმატის ცვლილებამ, მათ შორის სულ უფრო ზომიერმა ზამთარმა, ხელი შეუწყო ტროპილალაპსის ტკიპების გავრცელებას კონტინენტის უფრო ჩრდილოეთ რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს გადალახონ ბუნებრივი ბარიერები, როგორიცაა მთიანი რაიონები. 2010-იანი წლებისთვის პარაზიტმა მიაღწია ცენტრალურ აზიას, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ზოგიერთმა ქვეყანამ ოფიციალურად არ აღიარა მისი არსებობა. მიუხედავად ამისა, მეფუტკრეები აქტიურად აფიქსირებდნენ გავრცელებული ინვაზიის ნიშნებს.

საქართველომ, მეზობლებისგან განსხვავებით, ტროპელალაფსოსის შემთხვევა აღიარა, თუმცა, დიდი ალბათობით, დაავადება სამეზობლოშიცაა. მათი მხრიდან ოფიციალურად არაღიარების ფაქტი ართულებს დაავადებასთან ბრძოლას. აღიარების შემთხვევაში, როგორც წესი, რეგიონის ქვეყნები ერთიან ტრანსსასაზღვრო პოლიტიკას ადგენენ, რაც ეფექტურს ხდის დაავადების მართვასა და მის აღმოფხვრას.

მიუხედავად ტროპილელაპსის დადასტურებული იდენტიფიკაციისა, მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს ოფიციალური საკარანტინო ზონის გამოცხადებისგან. რა რეაგირება ჰქონდა შეტყობინებას დაქვემდებარებულ ტროპელალაფსოსის შემთხვევის დაფიქსირებაზე სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს)? – მოვუსმინოთ ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმნომადგენელს.

სეს-ში, ვეტერინარულ დაავადებებთან დაკავშირებით, მეფუტკრის პაუსიხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ცირა ნაფეტვარიძე ფერმერებს უხსნის, როგორი დაავადებაა და როგორ უნდა იცნონ, რა სიმპტომებით უნდა იეჭვონ, ტროპის ტკიპა საფუტკრეში. გასათვალისწინებელია, რომ ეს ტკიპა ეტანება მეთაფლე ფუტკარს და  ვირუსულ-ინფექციური დაავადებების გადამტანიცაა.

ამ ახალი დაავადების დიაგნოსტიკა-მართვაში ორივე მხარე (სახელმწიფოც და მეფუტკრეებიც) აღიარებს ირაკლი ჯანაშიას მარტივი, თუმცა, უნიკალური და ინოვაციური მიგნების ეფექტურობას, თუმცა, მეფუტკრეთა გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ ამ მიგნებას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერა არ აქვს.

როგორც სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენელი გვეუბნება, შედგენილია ზოგადი წესები, როგორ უნდა მართოს მეფუტკრემ ტროპელალაფსოსის დაავადება, თუმცა, როგორც მეფუტკრეების პრაქტიკამ აჩვენა, ეს გაიდლაინები ნაკლებადეფექტური აღმოჩნდა და გადასახედია.

მაინც რა პრინციპით მონაწილებს სახელმწიფო ტროპელალაფსოსის კონტროლსა და მართვაში? რა პროფილაქტიკური სამუშაოები მიდის მისი პრევენციისთვის? როგორც სეს-ის წარმომადგენელი გვეუბნება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე 2-ჯერ შეიკრიბა. შემუშავებულია რისკის ინიცირების დოკუმენტიც. დაავადების გავრცელების მინიმალიზებისთვის, მოთხოვნილია, რომ მეფუტკრეს ფუტკრის ოჯახების მცირე დისტანციაზე გადაყვანის დროსაც კი თან ჰქონდეს ფორმა ნომერი 1 (ფუტკრის ჯანმრთელობის მოწმობა). გაცემულია მკაცრი მითითებაც, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში, დაავადების გავრცელების შესაკავებლად, ფუტკრის ოჯახების მიგრაცია შეიზღუდოს, თუმცა, მეფუტკრეები ამბობენ, აღმოსავლეთ საქართველოში ტროპელალაფსოსი უკვე გავრცელებულია და მათთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, მეფუტკრეებს უჩნდებათ განცდა, რომ სახელმწიფო დაავადების მართვაში ნაკლებადოპერატიულია და რეაგირებას აგვიანებს.

დაავადებასთან ბრძოლას ართულებს დაურეგისტრირებელი წვრილი მეფუტკრეების სიმრავლე, რომელთა მიკვლევადობა ძნელია. ყველა მხარე თანხმდება, რომ ნებისმიერი სტრატეგიის ეფექტიანობისთვის, მით უფრო გადამდები დაავადების მართვისთვის, მიკვლევადობის უზრუნველყოფა უმთავრესია. ამიტომაც 2023 წლიდან ქვეყანაში სავალდებულო გახდა საფუტკრეების რეგისტრაცია, თუმცა, ფერმერები  ამ ვალდებულებას თავს არიდებენ, რეგისტრაციისგან თავს იკავებენ. ამის მიზეზად ალეკო პაპავა, ერთი მხრივ, მეფუტკრეების გაუცნობიერებელ არასწორ დამოკიდებებულებებს ასახელებს და, მეორე მხრივ, სახელმწიფოსგან გადადგმულ არასათანადო ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას. პაპავა ამტკიცებს, რომ ფერმერი სახელმწიფოს არ ენდობა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ბევრი ეჭვი და  შიში აქვს.

მეფუტკრეთა გაერთიანება  ტროპელალაფსოსის მართვაში სახელწიფოს მუშაობის ტემპს არასაკმარისად მიიჩნევს. ბიზნესგაერთიანება პროცესში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების და ადგილობრივი მთავრობის ჩართვის აუცილებლობასაც ხედავს. მათივე მტკიცებით, შესაქმნელია სწრაფი რეაგირების ჯგუფებიც.

ტროპელალაფსოსის აღმოჩენის შემდეგ, შესაძლებელია, რამდენიმე სცენარის განვითარება:  შეიძლება ჩატარდეს მკურნალობის კურსი დედა ფუტკრის დამწყვდევით, საჭიროებიდან და დაავადების სირთულიდან გამომდინარე, მეფუტკრესთან შეთანხმებით, შესაძლებელია, ფუტკრის ოჯახის ლიკვიდაციაც, შემოთავაზებულია კარანტინიც, რომელიც დაავადების შესაკავებლად, ალეკო პაპავას შეფასებით, ყველაზე ნაკლებადეფექტურია. ამის დასტურად პაპავა ავსტრალიაში ვარვას ტკიპის გავრცელების შემთხვევას ასახელებს. მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარე ფერმერების სწავლების ტემპისა და სიხშირის ზრდას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ შედეგი ამას უფრო ექნება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტში გვითხრეს, რომ დაავადების მართვაში ექსტენციის ცენტერები (ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურეობა /ექსტენციის ცენტრი) აქტიურად არიან ჩართულნი, თუმცა, მეფუტკრეთა გაერთიანებაში გვითხრეს, რომ არის არართი რეგიონი, სადაც სახელმწიფო ექსტენციის ცენტრი საერთოდ არ არსებობს.  შესაბამისად, იქაური მეფუტკრე კიდევ უფრო მარტო და დაუცველია ამ ვერაგი მავნებლის წინაშე. პაპავა სპეციალური კვლევითი ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. საუბრობს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გააქტიურების აუცილებლობაზეც.

სეს-ისა და მეფუტკრეების ინფორმაცია განსხვავებულია საქართველოში არსებულ დაავადებებზეც. მაგალითად, სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს) “აგრო სიახლეებს” ეუბნებიან, რომ ამერიკული სიდამპლის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა საქართველოში არ ფიქსირდება, თუმცა, მეფუტკრეთა გაერთიანებაში გვითხრეს, რომ ეს დაავადება საქართველოში არსებობს. ცნობისთვის, ამერიკული სიდამპლე შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა.

ალეკო პაპავას შეფასებით, კლიმატის ცვლილებაზე მეფუტკრეობის და ზოგადად მთელი ქვეყნის ადაპტაციის გეგმა ან არ გვაქვს, ან ტემპია უკიდურესად ნელი. არადა, დრო არ ითმენს და აუცილებელია გარემოსდაცვითი გეგმის კლიმატური კომპონენტი მეფუტკრეობის საჭიროებებსაც ითვალისიწნებდეს. პაპავა ჩვენთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს ფუტკრის უმთავრეს როლზე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობისთვის და, შესაბამისად, სასურსათო უსაფრთხოებაში. ასე რომ… ფუტკრის ოჯახების დაცემა, რაც გარდაუვალია ტროპელალაფსოსის უმართავობის შემთხვევაში, მხოლოდ მეფუტკრეებს არ დააზარალებს, ის მთელი აგროსექტორის პრობლემა გახდება. მეფუტკრეებისთვის გლობალურ დათბობაზე ადაპტაციის გეგმა არათანმიმდევრული და ბუნდოვანია.  მაგალითად ალეკო პაპავას ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვაზე, რას გეგმავს სახელმწიფო იმასთან დაკავშირებით, რომ გლობალური დათბობის შედეგად, მყინვარების ინტენსიური დნობით, ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მტკნარი წლის დეფიციტი შეიქმნება.

და ბოლოს, შეჯამების სახით, მეფუტკრეთა გაერთიანებას ვკითხეთ, რამდენად მხარში უდგას სექტორს სახელმწიფო და რამდენად შედეგინია ის პროექტები, რომელიც ბიუჯეტიდან დარგის განვითარებისთვის იხარჯება? “ეს არ არის საკმარისი. ესაა ერთჯერადი პროექტები, ვერ ვხედავთ სექტორის განვითარების სტრატეგიას” – ასე გვიპასუხა ბიზნესგაერთიენაბის ხელმძღვანელმა.

ისევ ტროპეკლალაფსოსს რომ დავუბრუნდეთ, ფაქტია, რომ ის ქართველი მეფუტკრეებისთვის უდანაკარგოს არ ჩაივლის და უდავოდ იმოქმედებს მეფუტკრეობაზე საქართველოში. ეს უცნობი პარაზიტი მოითხოვს განსხვავებულ მენეჯმენტსა და მკურნალობას. რაც უფრო მალე ისწავლის ქართველი მეფუტკრე მის მართვას, ზარალი მით უფრო ნაკლები იქნება.

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇