შავ ზღვაში შხამიანი და საშიში თევზი დაფიქსირდა, – ამის შესახებ იქთიოლოგ არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით, “აგრო სიახლეებმა” მაყურებელს ჯერ კიდევ 29 ივლისს აუწყა და პირველი რაც გააკეთა, დაუკავშირდა გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციის გადამოწმება-დასაზუსტებლად, პარალელურად მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც და საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციას. სამინისტროსთან და ასოციაციასთან ვიკითხეთ, რამდენად არის გათვალისწინებული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეს რისკი აკვაკულტურის ახლადდამტკიცებულ სტრატეგიაში და რამდენად ამახვილებენ ამ საკითხებზე ყურადღებას თევჭერის სტრატეგიაში, რომელზეც მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ამ კითხვებზე პასუხები ვერც სამინისტროსგან და ვერც ასოციაციისგან ვერ მივიღეთ. სამინისტრომ გარემოს ეროვნუყლ სააგენტოსთან გადაგვამისამართა, ასოციაციამ კი მოგვიანებით გვთხოვა დაკავშირება.
სანამ გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიციას გაგაცნობთ, მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოგიყვებით: 29 ივნისს იქთიოლოგმა არჩილ გუჩმანიძემ საზოგადოებას აუწყა, რომ შავ ზღვაში კვლავ დაფიქსირდა თევზ ფუგუს (რომლისგანაც ცნობილი იაპონური წვნიანი მზადდება) ახლო ნათესავის – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) მოპოვების ფაქტები. მისივე განმარტებით, ესაა ტოქსიკური თევზი, რომელიც ინვაზიის შემთხვევაში რეალურ საფრთხეს შეუქმნის, როგორც ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობას. გუჩმანიძის თქმით, ეს თევზი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მკვიდრია. ის ხმელთაშუა ზღვაში სუეცის არხის გავლით შევიდა და 2014 წლიდან შავ ზღვაში გამოჩენაც დაიწყო.
როგორც იქთიოლოგი ამბობს, კლიმატის ცვლილებისა და წყლის ტემპერატურის მატების გამო, ტეტრაოდონს აქვს შავ ზღვაში აქტიური გავრცელების პოტენციალი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის თევზჭერასა და ეკოლოგიურ ბალანსზე.
“ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ძლიერი ნეიროტოქსიკური ნივთიერება ტეტროდოტოქსინი, რომელიც ტეტრაოდონის სხეულშია. ამ შხამის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა, თუ მას საკვებად არასათანადოდ დამუშავებულს მოიხმარენ. გარდა იმისა, რომ თევზი საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მას აქვს უკიდურესად ძლიერი ყბები და ეკლები, რომლებიც აზიანებს სათევზაო ბადეებს, თოკებს და დაჭერილ თევზს. იკვებება მოლუსკებით, თევზებითა და კიბოსნაირებით, რითაც ანაცვლებს ადგილობრივ სახეობებს. ხმელთაშუა ზღვაში მისმა არსებობამ მეთევზეებისთვის უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მისი ინვაზიის შემთხვევაში შავი ზღვაშიც ეკონომიკური ზარალი დიდი იქნება. მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. თუ უცნობ თევზს აღმოაჩენთ, უნდა გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო, ჩაიწეროთ აღმოჩენის ადგილმდებარეობა და გვაცნობოთ. ეს მონაცემები მეცნიერებს ინვაზიური სახეობების გავრცელების უკეთ თვალყურის დევნებაში დაეხმარება,” – დაწერა გუჩმანიძემ სოციალურ ქსელში.
ერთი დღის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
“გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზღვის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის იქთიოფაუნის კვლევას და მონიტორინგს. ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან,” – წერია სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით, სააგენტოს წარმომადგენელმა ნატა სულუაშვილმა იგივე ჩვენც გაგვიმეორა, თუმცა, ჩვენ სხვა კითხვებიც გვქონდა
საგენტოს განცხადებას “პასუხის პასუხი” არ დააყოვნა არჩილ გუჩმანბიძემ, რომლის აზრითაც, ეროვნული სააგენტოს ეს განცხადება არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლოა. იქვე ამის არგუმენტებიც მოიყვანა და შეეცადა ეს არგუმენტები ფოტომასალითაც გაემყარებინა
“1. წარმოგიდგენთ მდ. ჩაქვისწყლის შესართავთან ამ თევზის მოპოვების ფოტოს, რომელიც არ იცის და არც გაუგონია სააგენტოს, მაქვს მისი მოპოვების ვიდეო კადრებიც, რომელზეც მეთევზეცაა ასახული და რადგან იმ პირმა ვინც ეს კადრები მომაწოდა მთხოვა მისი სახე არ გამომეჩინა – მე სამეცნიერო ეთიკის დაცვით ამ კადრებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ თუ სააგენტო მეტ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენს მომიწევს ამ კადრების ტელევიზიაში მიტანა და მეთევზის სახის დაბლურვა და მისი ისე გამოქვეყნება.

2. საინტერესეო რამოდენიმე დღის უკან ამ თევზის პოვნის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი სტრუქტურების და მედიის მიერ გაკეთებული განცხადებები, სირცხვილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი და საკუთარი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა ბევრად მაღალია ვიდრე ჩვენთან.



3. სააგენტო თავის ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ მათი მონიტორინგის შედეგად „ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა“. არადა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 10-მდე სახეობის შხამიანი ანუ ადამიანისათვის საშიში თევზი გვხდება, მათ შორისაა მასიური სახეობებიც, მათ შორისაა დედამიწის ზომიერ სარტყელში ყველაზე შხამიანი თევზიც, რომელიც იშვიათად ლეთალურია, მათ შორის საააგენტოს მიერ ე.წ. მონიტორინგის შედეგად რამოდენი ხნის უკან ოფიციალურად გამოქვეყნებულ ფოტოზეც იყო ერთ-ერთი შხამიანი თევზი ასახული. ერთი წლის უკან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამოსცა ძალზედ კარგი წიგნი (მე თანაავტორი გახლავართ) თევზეულის კულინარიაზე, სადაც ერთი თავი შხამიანი-ადამინიასათვის საშიშ თევზებს და მათთან მოპყრობის წესებს ეძღვნება. გასაგებია, რომ სამეცნიერო ლიტერატურას თქვენ არ ეცნობით, მაგრამ იქნებ კულინარიის წიგნის მაინც წაიკითხოთ, რომ ასეთი აბსურდები აღარ გაგეპაროთ.
გთხოვთ გამოიჩინოთ მეტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. თითქოსდა სახელმწიფო ინტერესების დაცვაში გადაზრდილი მარაზმი აზიანებს პირველ რიგში მოსახლეობას, თავად სახელმწიფოს და შემდეგ ინსტიტუციის ავტორიტეტს, რომლის ფორმირებაშიც მეც მიმიძღვის ჩემი მოკრძალებული წვლილი,” – დაწერა გუჩმანიძემ სოციალურ ქსელში.
ჩვენ გარემოს სააგენტოს დღესაც ვურეკავდით, თუმცა მათ ამჯერად არც ჩვენს ზარებს უპასუხეს და არც რამე განცხადება გაუვრცელებიათ ამ თემაზე.
“აგრო სიახლეები” ამ საკითხს სპეციალისტების ფართო სპექტრს წარუდგენს და თითოეულის ექსპერტულ მოსაზრებას გაგაცნობთ.