კოლხთა მთავარ საქმიანობას თევზჭერა წარმოადგენდა. არგონავტებს ოქროსთან ერთად ხე-ტყე, თაფლი და თევზიც გაჰქონდათ. გემოთი და ცხიმოვნებით გამორჩეული ზუთხი ხმელთაშუა ზღვაში არ მოიპოვებოდა — ეს ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს, და გეოგრაფის, სტრაბონის, სიტყვებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ოდითგანვე რესურსებით უმდიდრესი შავი ზღვა ჩვენი საარსებო მთავარი წყარო იყო და ჩვენი წინაპრები მას ძალიან გონივრულად იყენებდნენ. სამწუხაროდ, თანამედროვე ქართველი ბევრად დაუდევარი აღმოჩნდა. გარემოსდამცველები დიდი ხანია ამბობენ, რომ ზღვის რესურსს ქვეყანა ვერ იყენებს, რის გამოც კარგავს შემოსავალს და, რაც კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, ვკარგავთ მომავალში გამოყენების შესაძლებლობასაც, რადგან დაუდევარი, უსისტემო მშენებლობა გვინადგურებს რესურსებს.
რამდენად სწორად ვმართავთ სანაპიროებს და როგორ ვიყენებთ შავი ზღვის რესურსს? — „აგრო სიახლეებმა“ ამ კითხვით სპეციალისტებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ სივრცითი განვითარების გეგმები ქვეყანაში ახლაღა მზადდება, თუმცა სპეციალისტების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რა იგეგმება ზღვასთან და მის ნაპირთან დაკავშირებით. მსოფლიო პრაქტიკაში ამისთვის მოქმედებს სანაპიროს ინტეგრირებული მართვა, რომლის კანონპროექტი შემუშავებულია და თაროზე დევს. სწორედ ამ კანონმა უნდა მოაწესრიგოს საზღვაო ნაპირის განაშენიანების საკითხები. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, ამ რესურსს ვერ იყენებს. შესაბამისი ატრიბუტებიც არ გვაქვს ეკონომიკურ წყლებში საქმიანობისთვის: არ გვაქვს თევზჭერის ფლოტი, არც ფლოტილია, არც სამხედრო ფლოტი, არც ადმირალი. საქართველოს საზღვაო აკვატორიაში თევზჭერის ლიცენზიები ძირითადად თურქებზეა გაცემული.
სანაპიროს მართვის ექსპერტიც, მამუკა გვილავაც, პირველ რიგის აუცილებლობად მიიჩნევს სანაპიროს მართვის კანონმდებლობის შემუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებულია, რომ გამოუსწორებელი შეცდომები გვაქვს გარანტირებული. მისივე ინფორმაციით, სანაპიროების მართვაში საქართველოს არაერთი დონორი დაეხმარა. მიზანი იყო და რჩება ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესების ინტეგრირება და ჰარმონიზება. ზოგიერთი დონორის დაფინანსებით მომზადებული დოკუმენტები თაროზეა შემოდებული, ზოგს კი, როგორც მამუკა გვილავა გვეუბნება, მუშაობის შუა ეტაპზე შეუჩერეს კონტრაქტი ისე, რომ საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია — რა დავიწუნეთ, რა არ მოგვეწონა და რა ვერ გაგვიკეთეს დონორებმა სათანადოდ.
როგორც „საქართველოს მწვანეები — დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე იხსენებს, არაერთი დაპირება არსებობდა, რომ შემუშავდებოდა მასტიმულირებელი პროექტები, რომელთა საშუალებითაც საქართველო ზღვაში არსებულ საკუთარ რესურსს თავადვე აითვისებდა, თუმცა ეს დაპირებები უშედეგოდ დასრულდა. ფოთში მდებარე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც, ჩხობაძის თქმით, გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს, ძირითადად უცხო ქვეყნების გემებით მოპოვებულ ნედლეულს ამუშავებს. ადგილობრივი მოსახლეობა კი მხოლოდ მცირე გემებითა და კატერებით საქმიანობს.
შავი ზღვის ქართული ნაწილი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ზონად ითვლება, თუმცა გარემოსდამცველების შეფასებით, სწორედ ჩვენი სუსტი პოლიტიკისა და მენეჯმენტის ბრალია, რომ ამ სიკეთით დღეს თურქები უფრო სარგებლობენ, ვიდრე ადგილობრივები. ქაფშია, რომლითაც საქართველო მდიდარია, შიდა ბაზარზე იშვიათად გვხვდება — აქ უფრო იმპორტირებული, გაყინული თევზი დომინირებს. ეს კი ნიშნავს, რომ არსებულ რესურსს ვერ ვიყენებთ.
ასევე, ვერა და ვერ მოვაწყვეთ მიდიების ფერმები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მაღალშემოსავლიან საქმიანობად ითვლება და ჩვენთვისაც სარგებლის მომტანი იქნებოდა, რადგან ჩვენი ზღვის ზონა ამ რესურსითაც მდიდარია. მოკლედ, სპეციალისტების შეფასებით, შავი ზღვა თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების მოპოვების მხრივ მინიმალურად არის ათვისებული. კოლხური ზუთხის აღდგენის კონკრეტული სტრატეგიაც არ იკვეთება.
ჩვენს წყლებში ორი გვარის 7 სახეობა გვხვდება: სვია (Huso huso), ფორეჯი,კოლხური, ატლანტიკური, ტარაღანა, რუსული და სპარსული ზუთხი. საქართველოში დღეს ზუთხის რეწვა მკაცრად რეგულირდება ან სრულად აკრძალულია.
თურქი მკვლევრების მონაცემებით, 2011 წლის დასაწყისისთვის აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის ფლოტებმა 30 სეინერის საშუალებით 50 ათასი ტონა ქაფშია მოიპოვეს. სხვა ინფორმაცია მოპოვების შესახებ არ არსებობს.
საქართველოს სანაპიროზე ქაფშიის მარაგი რამდენჯერმე შემცირებულია, თუმცა კვლავ საკმარის ოდენობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ სეზონებზე მარაგის კვლევა არ ჩატარებულა, ექსპერტული ხასიათის პროგნოზი 2015/16 წლების სეზონზე 60 ათასი ტონა ქაფშიის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
რაც შეეხება სანაპიროების მართვას და იმას, თუ რამდენად არათანმიმდევრულები ვართ სანაპიროსა და ზღვის რესურსების მართვაში, რის გამოც მილიონებს ვკარგავთ და ახალ საფრთხეებსაც ვუჩენთ საკუთარ თავს, ამ საკითხის ახსნას მამუკა გვილავა ანაკლიის მაგალითზე ცდილობს.
„ანაკლიის მსგავსი შეცდომები იკვეთება გონიოშიც. სპეციალისტების შეფასებით, ერთსა და იმავე ადგილზე — ჭოროხის მარცხენა ნაპირზე — დაუშვებელია უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიების, ზურმუხტის დელტისა და ტურისტული ცენტრის თანაარსებობა. მამუკა გვილავას აზრით, მაშინ, როდესაც ჯერ სანაპიროს სივრცითი განვითარების სტრატეგიაც კი არ არსებობს, ასეთი მასშტაბური მშენებლობის დაწყებამდე გონივრულობა მოითხოვს, ჯერ განისაზღვროს შესაბამისი ჩარჩოები და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცეს ნებართვები სხვადასხვა ტიპის აქტივობისთვის.
„ნინო ჩხობაძის აზრით, არასწორია ისიც, რომ ზღვაში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად ჭოროხის დელტიდან აპირებენ ქვიშა-ხრეშის გატანას. გარემოსდამცველი ხაზს უსვამს, რომ ზოგადად შავ ზღვაზე ტურიზმის განვითარება თუ გვინდა, საჭიროა ძლიერი მონიტორინგის სისტემები და მოსახლეობის ხშირი ინფორმირება.
გარემოსდაცვითი ექსპერტული საზოგადოებისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არსებობა გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია. მათთვის საეჭვოა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არსებობაც იმ პროგნოზის ფონზე, რომ ზღვის დონე მინიმუმ 1 მეტრით აიწევს.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ერთიანი, სისტემური მიდგომა ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული, რომელიც ყველა ქალაქისა თუ რეგიონის განვითარების გეგმებში ინტეგრირდებოდა. კლიმატთან ადაპტაციისა და სანაპიროების მართვის საკითხები კი ან სრულიად უგულებელყოფილია, ან, უკეთეს შემთხვევაში, მათივე თქმით, მიზერულად არის გათვალისწინებული. შედეგად, უფრო მეტად ვკარგავთ პლაჟებს, ვიდრე ვიძენთ.
ქვიშიან პლაჟებს არ ვუფრთხილდებით, მოვშალეთ ზღვასა და ხმელეთს შორის ბუნებრივად წარმოქმნილი ზონები, არ ვითვალისწინებთ იმას, რომ ზღვის დონე მომატებულია და შტორმები გახშირებულია. ზღვისპირა ქალაქებში სადრენაჟე სისტემები არსად არის გამართულად მოწყობილი.
და ბოლოს… შავი ზღვა საქართველოს ევროპული განზომილებაა. რეალური ევროპული ეკონომიკური ზღვა საქართველოზე გადის. გარემოსდამცველების თქმით, ზღვის ათვისება საქართველოს ჯერ არც კი დაუწყია. ისიც კი არ ვიცით, შეეხება თუ არა სივრცითი განვითარება ზღვას. არადა, საქართველო სწორედ შავი ზღვით არის ანგარიშგასაწევი ქვეყანა.
უფრო მეტიც, მამუკა გვილავა დარწმუნებულია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაც კი მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად ვმართავთ სანაპიროებს და გამოვიყენებთ შავი ზღვის რესურსს. ამიტომ, მისი აზრით, ყველაფრის გადადება ღირს, თუ სანაპიროს ინტეგრირებული მართვის კანონმდებლობას შევიმუშავებთ.
განვითარებადი ქვეყნის სტატუსი ზღვისპირეთის ქვეყნებს შორის შავი ზღვის ეკოლოგიური ფონდის შექმნის შეღავათს გვაძლევს, პროექტი შემუშავდა ჯერ კიდევ ინსტიტუტის არსებობის პირობებში. ფონდის ფუნქციონირებას სარგებლობის მოტანა შეუძლია ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობისათვის.
მსგავსი თემებბი:👇
